LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა მარგველაშვილი: „იმედია, ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით გავემგზავრებით“

112
vajamargvelashvili

როგორი პროგრამით ვარჯიშობს საქართველოს ნაკრები, არის თუ არა გუნდში დანაკლისი და რომელი ტურნირისთვის ემზადებიან ქართველი ძიუდოისტები – ამ და სხვა საინტერესო თემებზე „ფორტუნას“ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი ესაუბრა.

 

ვაჟა, ვიცით, რომ ქართველ ძიუდოისტებს სხვა სპორტსმენების მსგავსად საკმაოდ დიდხანს მოუწიათ სახლის პირობებში ვარჯიში. როგორ რეჟიმში ვარჯიშობდით თქვენ ამ დროს და თუ გქონდათ კონტაქტი მწვრთნელებთან?

მწვრთნელებთან კონტაქტი რასაკვირველია მქონდა. ისინი გვაძლევდნენ სხვადასხვა დავალებებს და შემდეგ ჩვენ ვასრულებდით სავარჯიშოებს. რასაკვირველია, სახლში ვარჯიში განსხვავდება დარბაზში ვარჯიშისგან, თუმცა ვინაიდან დარბაზები დაკეტილი იყო, სხვა გზა არ გვქონდა, ფორმა უნდა შეგვენარჩუნებინა. საბედნიეროდ ახლა უკვე მთელი გუნდი ერთად, დარბაზში ვვარჯიშობთ.

ამ დროისათვის საქართველოს ნაკრები შეკრებას გადის და ემზადება ნოემბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის. გვესაუბრეთ ამ შეკრებაზე, ვინ მიიწვიეს მწვრთნელებმა, რა დანაკლისები აქვს გუნდს და საბოლოოდ რამდენი ძიუდოისტი უნდა გაემგზავროს ტურნირზე?

შეკრებაში მთელი გუნდი მონაწილეობს, მწვრთნელებმა საქართველოს ჩემპიონატის ყველა მედალოსანი მოიწვიეს. როგორც იცით, ევროპის მასშტაბით საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი უძლიერესია და იმედია სრული შემადგენლობით გამოვალთ ტურნირზე. ამ ეტაპზე ლაშა შავდათუაშვილი ხელის ტრავმის გამო გვაკლია, თუმცა მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ის აუცილებლად მალე შემოგვიერთდება და ცხადია ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზებს. სხვა მხრივ დანაკლისები არ გვაქვს და იმედია ეს ასეც დარჩება.

პრაღაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის გარდა წელს კიდევ თუ იქნება რამე მნიშვნელოვანი ტურნირი? მაგალითად, რომელიმე გადადებული გრანპრი თუ გაიმართება?

წესით, ოქტომბერში ტაშკენტის გრან-პრი უნდა გაიმართოს, ანუ ევროპის ჩემპიონატამდე, რომელიც ნოემბერში გველის. თუ ეპიდვითარება კატასტროფულად არ შეიცვალა, წესით ეს ტურნირები ჩატარდება. ოქტომბერში ორი გრანდ-სლემის ტურნირიცაა ჩანიშნული. ამ ეტაპზე სწორედ მათთვის ვემზადებით.

და რა მოლოდინები გაქვთ ევროპის ჩემპიონატის მიმართ, რეალურად რა შედეგს ველით?

8-10 ნოემბერს, პრაღაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ტრადიციულად ფავორიტებს შორის იქნება. მომზადების კუთხით ცდას ნადვილად არ დავაკლებთ და იმედია არც არავინ გამოგვაკლდება. ცხადია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ გავახაროთ ისე, როგორც გვჩვევია.

რას გვეტყვით გოგონების ნაკრებზე? ისინიც ემზადებიან ევროპის ჩემპიონატისთვის?

დიახ, რასაკვირველია. გოგონების ნაკრები შეკრებას გორში გადის და როგორც ვიცი, საკმაოდ ნაყოფიერადაც ვარჯიშობენ. ჯერჯერობით ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი, მაგრამ წარმომადგენელი ევროპის ჩემპიონატზე წესით გოგონებს შორისაც გვეყოლება. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი კარგი ძიუდოისტია გოგონებს შორის, მათ შორის ახალ თაობაში, რაც ძალიან სასიხარულოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები