LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საკითხზე თბილისის მერს ღია წერილით მიმართავენ

pjimage

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და რიგითი მოქალაქეები თბილისის მერს, კახა კალაძეს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მიმართავენ.

ღია წერილში წერენ, რომ საქმეზე უზენაესი სასამართლოს მსჯელობა “წარმოადგენს სამართლებრივი ნორმების საჯარო ინტერესის საწინააღმდეგო განმარტებას, საფრთხეს უქმნის გარემოს დამცველთა მიერ ხუთწლიანი ბრძოლის შედეგად გადარჩენილ სამართლებრივ სიკეთეს – პარკის ერთიანობას და მნიშვნელოვან პრეცედენტულ საფრთხეს ქმნის, ამ ტიპის საქმეებისათვის მომავალში.”

წერილის ავტორები კახა კალაძეს ეუბნებიან, რომ თბილისის მერიამ ახალი ნებართვის გაცემის პროცესში უნდა იმსჯელოს იმ ფაქტზე, რომ 2017 წლის ივლისში გაიზარდა ვაკის პარკის საზღვრები და მთელს სივრცეს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

“ყურადღება გაამახვილოს კიდევ ერთ ახალ გარემოებაზე, რომ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლით პირდაპირ დამკვიდრდა მოქალაქეთა უფლება, ისარგებლონ საჯარო სივრცით.

ვაკის პარკში სასტუმროსა და სხვა ნებისმიერი ტიპის ნაგებობის განთავსება, მიუღებელია ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისათვის. საკითხის მიმართ ამგვარი მიდგომა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქალაქის უამისოდაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ეკოლოგიურ გარემოს, უგულებელყოფს საზოგადოების მოთხოვნას და შექმნის საზიანო პრეცედენტს მომავალში ეკოსისტემური სერვისების დაცვისა და განვითარების პროცესისათვის. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სადავო ტერიტორია ვაკის პარკის საზღვრებშია, წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას და მასში მშენებლობის დაშვება, ეწინააღმდეგება კანონსა და საჯარო ინტერესს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია მშენებლობის ნებართვის ხელახლა მისაღებად, ინვესტორის მოთხოვნაზე უარის თქმით, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ეს საკითხი.

ვინაიდან, საჯარო განცხადებების თანახმად, თქვენ ეწინააღმდეგებით პარკში მშენებლობის წარმოებას, აუცილებელია საზოგადოებასთან ერთად შეჯერდეთ ხელახალი მშენებლობის ნებართვაზე უარის სამართლებრივ არგუმენტაციაზე და განსაზღვროთ სადავო ტერიტორიის ქალაქისათვის დაბრუნების სამართლებრივი ფორმა.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე,  ვაკის პარკის მხარდამჭერი საზოგადოება გთხოვთ, თქვენი დასწრებით გაიმართოს საჯარო შეხვედრა, სადაც შევათანხმებთ მშენებლობის ახალ ნებართვაზე უარის სამართლებრივ არგუმენტებს, ასევე ვიმსჯელებთ სადავო ტერიტორიის ქალაქის საკუთრებაში დაბრუნების სამართლებრივ პერსპქეტივებზე,” – წერია კახა კალაძისადმი გაგზავნილ ღია წერილში.

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის აკრძალვაზე “მწავნე ალტერნატივას” სარჩელი არ მიიღო.  21 იანვარს თბილისის მერსა და ინვესტორს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

პოპულალურები