LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინა ისევ არ არის – ვინ არ იმუშავა კარგად და ვინ უნდა აგოს პასუხი შექმნილ სიტუაციაზე

164
vaqcina

სანამ საქართველო კვლავ ვაქცინის მოლოდინშია, სანამ ისევ ვერ ვხედავთ  ხელისუფლებისგან  ხელშესახებ კონკრეტულ შედეგს, სანამ  „კოვაქს პლატფორმისგან“  ზარს ისევ ველოდებით, ამასობაში საქართველოში კოვიდ 19–გან ხალხი იხოცება.

ვაქცინის დაპირებული მინიმალური რაოდენობა დაპირებულ დროს ვერ შემოვიდა და სამწუხაროდ, ისიც არ ვიცით, ეს დრო როდის დადგება. ლეგიტიმური კითხვა ჩნდება, რატომ დაიწყო ჩვენთან შედარებით განვითარების დაბალ დონეზე მყოფ განაში, რუანდაში, ბანგლადეშში და სხვა ასეთ ქვეყნებში ვაქცინაცია და ჩვენ რას ვერ ვაკეთებთ სწორად. ამ დრომდე ხან გვეუბნებოდნენ, რომ დაბალშემოსავლიანი ქვეყანა არ ვართ, ხან გვეუბნებიან, რომ მომწოდებლის პრობლემაა და რა ვქნათ, სინამდვილეში კი გაირკვა, რომ ქართულმა მხარემ უბრალოდ დოკუმენტაცია ვერ შეავსო.

„კოვაქს პლატფორმის“ განმარტების შემდეგ, რომ საქართველომ გარკვეული კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეეცადა დაემტკიცებინა, რომ მათ ყველაფერი სწორად გააკეთეს, უბრალოდ „ფაიზერმა“ დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა. სინამდვილეში კი, როგორც სპეციალისტებმა გვითხრეს, ყოველთვის წინასწარ იციან ქვეყნებმა რა ტიპის დოკუმენტაციაა საჭირო. თუ მომწოდებელი დაზუსტებას ითხოვს, ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ რაღაც სწორად ვერ შეავსო. ზოგადად კი, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, არც „ფაიზერი“ და არც სხვა მომწოდებელი ხელოვნურ ბარიერებს არ ქმნის და განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს, რადგან საქმე ვაქცინას ეხება.

ფაქტი ერთია – არ გვაქვს ვაქცინა, არც ის ვიცით, როდის იქნება და არც არავინ იღებს პასუხისმგებლობას ამ საკითხზე. ამიტომ „ფორტუნამ“ გადაწყვიტა, ჯანდაცვის ექსპერტებისთვის ეკითხა, როგორია მათი პროგნოზი, როდემდე მოუწევს საქართველოს უვაქცინოდ ყოფნა და რა არის იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია ამ დრომდე არ დაწყებულა.

სერგო ჩიხლაძე გვეუბნება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის დაგვიანების მიზეზი ის გარემოებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი „აპლიკაცია სწორად ვერ შეავსო“.

მისი თქმით, ის ვერ წარმოიდგენდა, რომ დოკუმენტაციის შევსების მხრივ შეცდომები იქნებოდა.

„დოკუმენტაციაც კი ვერ ატვირთეს. ასეთ არაპროფესიონალ ხალხთან გვაქვს საქმე. ეს არის  დანაშაულებრივი გულგრილობა“,- ამბობს ჩიხლაძე.

მისი განმარტებით, ვაქცინის შემოტანის დაგვიანების მიზეზია ისიც, რომ ხელისუფლებამ საკმარისად არ აწარმოა მოლაპარაკებები ვაქცინის მისაღებად მეგობარ ქვეყნებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან.

ჯანდაცის ექსპერტი შეზღუდვების მოხსნასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „კომენდანტის საათის“ შენარჩუნება პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული. ის არ გამორიცხავს, რომ მსოფლიოში კოვიდ 19–ის მესამე ტალღის საშიშროება არსებობს.

ექსპერტი ვატო სურგულაძე კი ამბობს, რომ საქართველომ ფაქტია, არასაკმარისად იმუშავა და ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს.

ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ, ასეთ სიტუაციაში ვართ: პაატა იმნაძე

"შეიძლებოდა ჩინური ვაქცინაც ქვეყანაში გაცილებით ადრე ყოფილიყო შემოსული, თუმცა ჯერ არ მიუღიათ ჯანმოს რეკომენდაცია"

„რაღაც პრობლემა აშკარად შეიქმნა, იგივე პრობლემა შეექმნა ბოსნია ჰერცოგოვინას, ამ „კოვაქს“ კიდევ ექნება პრობლემები, „კოვაქსი“ სულ 20%-ს გვაძლევს, ბოსნია ჰერცოგოვინას რომ შეექმნა პრობლემა „კოვაქსთან“, იქ სხვა გზებიდან შედის ვაქცინა და მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. მარტო „კოვაქსზე“ ჩამოკიდება და გადაბრალება, ჩემი აზრით, არასერიოზულია. იქ უნდა ვისხდეთ – ეს არის ბრიუსელი, ლონდონი, შეერთებული შტატები თუ ინდოეთი. უკრაინამ 12 მლნ დოზა შეიძინა, ჩვენ სულ 3 მლნ-ზე მეტი გვჭირდება, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ და რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების სტილს“,– აცხადებს სურგულაძე.

სანამ ჩვენ ვაქცინის შემოტანაზე ვსმჯელობთ, ვდარდობთ, ანალიზს ვაკეთებთ, ვმუშაობთ ანტივაქსერებთან, რომ დავარწმუნოთ ვაქცინის მნიშვნელობაში, ამასობაში გამოვიდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე და იკითხა: “ბრიტანელემა რომ აცრა მოსახლეობის 30% ამან შეაჩერა კოვიდი? ” – კითხვას უკომენტაროდ ვტოვებ. დასკვენები მკითხველმა თავად გამოიტანოს.

ბოლო ინფორმაცია, რაც ვაქცინაზე ვიცით, ის არის, რომ მისი მიღების შანსი ახლა ინდოეთიდან გვაქვს, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ისევ არ ვიცით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები