LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაცია და მითები – საინფორმაციო ომი, რომელსაც ბავშვები ეწირებიან

“ბევრი ექიმი მეუბნება, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევს, მაგრამ კამერის წინ თუ იტყვიან ამას, ფარმაცევტული კომპანიები ისევე გაუნადგურებენ კარიერას, როგორც ენდი უეიკფილდს,” – ამ და მსგავსი სხვა შინაარსის პოსტებს სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით. შედეგად, უამრავ მშობელს უჩნდება კითხვა, აცრას თუ არა საკუთარი შვილი. პასუხების მიღებას სოციალურ ქსელში ნაცნობ-უცნობების გამოკითხვით ან “გუგლის” საშუალებით ცდილობენ.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დღეისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს, მაგრამ პრობლემა სხვა სახის გვაქვს – ამოცანა ახლა face news-ისა და რეალური ამბის ერთმანეთისგან გარჩევაა. ინფორმაციული ომი კი უკვე დიდი ხანია გასცდა პოლიტიკის საზღვრებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიის უკან რუსი ინტერნეტ-ტროლები დგანან. ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, რომ ისინი ინტერნეტსივრცეში ვაქცინაციის წინააღმდეგ გავრცელებული ცრუ ინფორმაციით, დასავლური საზოგადოების იდეოლოგიურად გახლეჩვას ცდილობენ. რაც შეეხება აუტიზმისა და ვაქცინაციის კავშირს, ესეც ცრუ ინფორმაციაა და ექიმებმა კარგად იციან, რომ ენდი უეიკფილდის კვლევა სიცრუეზეა აგებული – ცნობილი მეცნიერი მოგვიანებით დისკრედიტებულ იქნა, რადგან გამოაშკარავდა მისი ფინანსური კავშირი იმ ადვოკატებთან, რომლებიც მუშაობდნენ ვაქცინის მწარმოებელთა წინააღმდეგ. აღმოჩნდა, რომ სწორედ ისინი აფინანსებდნენ უეიკფილდის მიერ წარმოებულ კვლევას.

ყალბ ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ ქართულ ენაზეც მრავლად შეხვდებით. პროპაგანდა უკვე გასცდა სოციალური ქსელის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებს. მას შემდეგ რაც საუბარი დაიწყო, რომ აცრები შესაძლოა, სავალდებულო გახდეს, სოციალურ ქსელში ჯგუფებიც გაიხსნა (ჯგუფების სახელს შეგნებულად არ ვასახელებთ, რათა ხელი არ შევუწყოთ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას), რომელშიც გაწევრიანებას მხოლოდ სპეციალური კითხვარის შევსების შემდეგ შეძლებთ, სადაც აუცილებლად უნდა მიუთითოთ თქვენი დამოკიდებულება აცრებზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვაქვს ღია ჯგუფებიც, სადაც აცრის გვერდითი მოვლენები უარყოფით ჭრილში და გაზვიადებულად არის წარმოდგენილი, თანაც საპირწონე, დადებითი ინფორმაციის გარეშე. მაგალითად, ვრცელდება აცრის შესაძლო თანმდევი მძიმე გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია, ისე რომ აღნიშნული არ არის, რამდენ შემთხვევაში გამოვლინდა მსგავსი გვერდითი მოვლენები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გვერდითი მოვლენები აქვს ნებისმიერ წამალს, მაგალითად, სიცხის დამწევს, რომელიც ალბათ, ვაქცინაციის შესახებ ამ ინფორმაციის გამავრცელებლებსაც და მათ შვილებსაც არა ერთხელ მიუღიათ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აცრის შემდგომ გვერდით მოვლენებზე მუდმივად მიმდინარეობს ზედამხედველობა და ეს არის სტანდარტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი ფორტუნასთან ამბობს, რომ მძიმე გვერდითი მოვლენები საქართველოში არ დაფიქსირებულა.

“ექიმი, რომელიც დააფიქსირებს, რომ აცრის შემდგომ განვითარდა არასასურველი მოვლენა, ვალდებულია, რომ სათანადო ორგანოებს, ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის უწყებას შეატყობინოს და ყველა ეს შემთხვევა უნდა იყოს გამოკვლეული. დღეს რაც გამოიხატება გვერდით მოვლენებში, ვაქცინაციის ანოტაციაში მითითებულია, ასევე ექიმი ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს და ამ დროს უნდა მიმართონ მას. ვაქცინის გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს ადგილობრივი შეშუპება, ადგილობრივი სიწითლე ინექციის შემთხვევაში, ტემპერატურის მატება. ეს არის ორგანიზმის რეაქცია, მაგრამ დაავადებით თუ დაავადდა ადამიანი, ამის გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სიკვდილი, ამის ასაცილებლად მივმართავთ ვაქცინაციას. განსხვავება ეს არის და კარგად უნდა ავუხსნათ მშობელს, რა რისკი აქვს ვაქცინაციას და რა რისკი აქვს იმ საშინელ დაავადებებს, რომლის საწინააღმდეგოდაც ტარდება ვაქცინაცია. რაც შეეხება მძიმე რეაქციებს, უკანასკენლ წლებში მე ისინი ვაქცინასთან დაკავშირებით არ მინახავს. მძიმე რეაქცია არის შოკი, კოლაფსი, რომელიც არ დარეგისტირებულა ჩვენთან,” – ამბობს ხათუნა ზახაშვილი. 

 

ამავე გვერდზე შევხვდით ყალბ ამბებსაც, მაგალითად აუტიზმისა და ვაქცინაციის კავშირზე, რომელზეც ზემოთ უკვე გესაუბრეთ, ხოლო რეალურად, რომ აუტიზმსა და ვაქცინაციას კავშირი ერთმანეთთან არ აქვს, ამას დიდი ხანია, საქართველოშიც უამრავი ექიმი ადასტურებს, ამავე საკითხზე ქვემოთ მოცემულ “ფეისბუქ” პოსტში შეგიძლიათ გაეცნოთ ბავშვთა ცნობილი ნევროლოგისა და ფსიქიატრის, მედეა ზირაქიშვილის არგუმენტებს, ასევე ექიმ კომაროვსკის კომენტარს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია აუტიზმისა და ვაქცინაციის კავშირთან დაკავშირებით საკმაოდ ძველია და მას პასუხი არა ერთხელ გაეცა. თუმცა, ძველი ინფორმაცია პერიოდულად სხვადასხვა ჯგუფებში კვლავაც ვრცელდება, ხან ისევ ძველი სახით, ხანაც, ახლებური შეფუთვით. მაგალითად, ერთ-ერთ ჯგუფში საუბარია ორგანიზმში ალუმინის დაგროვებისა და აუტიზმის კავშირზე, ალუმინის ორგანიზმში მოხვედრის წყაროდ კი ვაქცინაციაა დასახელებული. შეშფოთება სრულიად უსაფუძვლოა და ამას ხათუნა ზახაშვილი მარტივად გვიხსნის.

“დოზა, რასაც იღებს ვაქცინის სახით, მინიმალურია, 0.5 მილილიტრია თვითონ ვაქცინა. ეს რომ მთლიანად ალუმინი იყოს, რამდენი მილიგრამი გამოუვა ბავშვს 18 თვემდე ასაკში, რა უნდა გამოიწვიოს?! თუ მეტ-ნაკლებად ერკვევა ადამიანი მილილიტრებში, დოზის ერთეულებში, ალუმინის ქიმიაში, ასეთი რამ არ უნდა თქვას. რაც შეეხება აუტიზმს, ეს იმდენად ძველი ამბავია, ამის კიდევ ერთხელ შეხსენება საზოგადოებისთვის ალბათ სირცხვილიც კია. სამწუხაროდ, ელექტრონული განახლებები ისე ხდება, როდინდელი ინფორმაცია მოაქვთ… ეს გამოგონილი შეთქმულებებია,”- განმარტავს ხათუნა ზახაშვილი. 

თუმცა, გამოგონილ შეთქმულებებს და მის გავრცელებას, შედეგად მასობრივი პანიკა მოჰყვა და 2001-2003 წლებში, წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინის გამოყენება მთელ მსოფლიოში 80%-ით შემცირდა, ამან როგორც ევროპის, ისე ამერიკის კონტინენტზე არაიმუნური ფენა და წითელას ეპიდემიების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა. 2017 წელს ევროპის კონტინენტზე წითელათი დაავადების რიცხვმა რეკორდულად, ოთხჯერ მოიმატა (5273-დან 21315-მდე) და სამწუხაროდ, 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ყალბი ინფორმაცია როგორც ნახეთ, წარმატებით ვრცელდება საქართველოშიც და ასევე წარმატებით ახდენს გავლენას მშობლებზე, ამას წითელას ეპიდაფეთქებაც ადასტურებს, რომელიც ძალზედ საშიში დაავადებაა და მას არა ერთი გართულება ახლავს ლეტალური შედეგის ჩათვლით. ამის მიუხედავად, ხშირად შეხვდებით პოსტებს, რომ წითელა თვითგანკურნებადია და იმუნური აცრები მას არ შველის. თუმცა, ზემოთ მოცემული ფაქტები სხვა რამეს მოწმობს, აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ წითელამ საქართველოშიც იმსხვერპლა 2 ბავშვის სიცოცხლე, ამასთან, საქართველო იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, სადაც წითელათი ინფიცირების მაჩვენებელმა 2018 წლის პირველ 6 თვეში 1000-ს გადაჭარბა. ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, წითელას გავრცელება ქვეყანაში კვლავ მაღალია, მიმდინარე წელს 1400 მეტია ადამიანია დაავადებული და მისგან დაცვის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია.

“განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან 40 წლამდე ასაკის ადამიანები, ისინი საფრთხეს უქმნიან საკუთარ და შვილების სიცოცხლეს, აუცილებელია დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. იმუნიზაცია შეუძლიათ მათაც, ვისაც არ ახსოვთ, არიან თუ არა აცრილნი,”– ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

მისივე თქმით, იმუნიზაციის გარშემო არსებულ ცრუ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საინფორმაციო კამპანიას უპირისპირებს, რომელიც მშობლების, ექიმების ჯგუფებში მიმდინარეობს, საკომუნიკაციო საშუალებად სოციალურ ქსელებს და მედიას იყენებენ.

“პროპაგანდას ვუპირისპირებთ ადამიანებისთვის სწორი ინფრომაციის მიწოდებას ვაქცინაციისა და ვაქცინების დადებითი სიკეთებიის შესახებ, ფაქტებს, რომელიც მსოფლიო პრაქტიკიდან და საქართველოს რეალობიდან გამომდინარეობს და რეალურად აჩვენებს, რომ თუ ვამბობთ ვაქცინაციაზე არა-ს, სასწორზე ვაგდებთ ადამიანის სიცოცლეს, ხოლო თუ ვამბობთ კი-ს, ეს ნიშნავს გადარჩენილ სიცოცხლეს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიას მომავალშიც, ასევე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თუ რაიმე უპასუხოდ დარჩენილი კითხვა აქვთ იმუნიზაციის შესახებ, შეუძლიათ მოგვამართონ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქ გვერდზე ან მეილზე, მოგვწერონ შეკითხვები და ჩვენ შევეცდებით თითოეულ მათგანს გავცეთ პასუხი,” – აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

პროპაგანდას სახელმწიფო კანონის მიღებითაც დაუპირისპირდება. მომავალი წლიდან გეგმიური აცრები საქართველოში შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის კანონში რაიმე სანქციების ჩადებაზე საუბარი არ არის, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მის მოგვიანებით დამატებას არ გამორიცხავენ. რამდენად ექნება კანონს ძალა სანქციების გარეშე, ამაზე პირდაპირ პასუხის გაცემა გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს უჭირს, თუმცა, მიანიშნებს, რომ იმუნიზაცია ყველამ უნდა ჩაიტაროს, ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების გარანტორი, მშობელთან ერთად, სახელმწიფოცაა.

“ადამიანებს გვაქვს უფლებები და მოვალეობები. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, ყველა ბავშვის უფლებაა. ამის განმახორციელებლები ხშირად არიან მშობლები და მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ბავშვის ფუნდამენტური უფლების დაცვა. ფუნდამენტური უფლების გარანტორი უნდა იყოს სახელმწიფო. სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ უფლებიდან იმ ნაწილს, რომ მათ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ვაქცინით. მშობელმა უნდა იგრძნოს, რომ ისიც ვალდებულია თავის შვილის წინაშე, რომ დაიცვას მისი სიცოცხლე იმუნიზაციით და არა მხოლოდ თავისი შვილის, ამით იცავს მისი შვილის გარშემომყოფებსაც. რაც შეეხება კანონს, მე არ ვიცი რამდენად ქმედითი იქნება, როგორ იმუშავებს, მე ვიცი, რომ ყველამ უნდა ჩაიტაროს იმუნიზაცია,” – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

საქართველოში აცრების ეროვნული კალენდარი 12 ვაქცინას მოიცავსბავშვები შემდეგ ინფექციებზე იცრებიან: დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, როტავირუსული ინფექცია და ა.შ. ამ დაავადებებს  ძალიან მწვავე გართულებების გამოწვევა შეუძლიათ, ლეტალური შედეგის ჩათვლით.

 

 

 

თაკო ივანიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები