LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარაზისხევზე ქვაფენილი წელს არ აიყრება

292

ფიქრის გორაზე მცხოვრები მოქალაქეები ვარაზისხევზე გზის საფარის შეეცვლას და ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის დაგებას ითხოვენ. ადგილობრივები დიდი ოდენობით მტვერსა და ხმაურს უჩივიან. მათ თბილისის მერიას სპეციალური წერილითაც მიმართეს.

 

მიუხედავად ადგილობრივი მცხოვრებლების სურვილისა, გზის საფარის შესაცვლელად მერია გადაწყვეტილებას მხოლოდ მოქალაქეების სრული კონსესუსის შედეგად მიიღებს. კონსესურის არსებობის შემთხვევაშიც კი, როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, ვარაზისხევზე გზის საფარის შეცვლა მიმდინარე წელს სავარაუდოდ მაინც ვერ მოხდება, რადგან ზაფხულში პეკინის ქუჩის გადაკეტვაც იგეგმება, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. ორი მნიშვნელოვანი მონაკვეთის ერთდროულად ჩაკეტვა კი ქალაქში გადაადგილებას გაართულებს.

კუბლაშვილის თქმით,  ვარაზის ხევზე გზის საფარის შესაცვლელად, ზაფხულის გარდა, წელიწადის სხვა სეზონი არაა ხელსაყრელი.

 

ხალხმა თქვას: კი, ან არა, ოღონდ – წელს არა

„ჩვენ არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს და არც ვაპირებთ, თუ არ იქნება მოქალაქეების მზაობა. ადგილობრივები კი ითხოვენ, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ გამოკითხვა ჩავატაროთ, სადაც ჩაერთვება ნებისმიერი ადამიანი და საკუთარ აზრს დააფიქსირებს. გამოკითხვაში ერთი და იგივე ადამიანი რამდენჯერმე ხმის მიცემას ვერ შეძლებს. გამოკითხვა, სავარაუდოდ, ვებ-გვერდზე დაიდება. ვვარაუდობ, რომ ორგანიზებას მაქსიმუმ ორი თვეს დასჭირდება. ჩვენი სურვილია, დავეხმაროთ მოსახლეობას. თუ იქნება მთლიანად ქალაქი მზად, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიცვლება გზის საფარი ვარაზისხევზე.

მოსახლეობაში მსგავსი აზრთა სხვადასხვაობა იყო ელბაქიძის აღმართის შემთხვევაშიც. თუ იქნება მზაობა, ამ შემთხვევაშიც მოდიფიცირებული ასფალტი დაიგება. სამუშაოებში დაახლოებით ერთ მილიონ ლარამდე დაიხარჯება. წელს მაინც ვერ შევძლებთ, რომც იყოს თანხმობა“, – აღნიშნა გივი კუბლაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას.

 

ქვაფენილს ასფალტი ჯობია. მაგრამ…

ვარაზის ხევზე ქვაფენილიანი გზის საფარის შეცვლის იდეას იზიარებს როგორც მძღოლების, ასევე ქალაქმგეგმარებლების ნაწილი. როგორც მძღოლები ამბობენ, გარდა იმისა, რომ ქვაფენილიან გზაზე მეტი მტვერი და ხმაურია, ის ავტომობილსაც მნიშვნელოვნად აზიანებს. ქალაქმგგეგმარებლების თქმით კი, ასფალტიანი გზის საფარი ბევრი თვალსაზრისით ქვაფენილიანს სჯობს.

„ასფალტი ბევრად უკეთესია, როგორც ხმაურის თვალსაზრისით, ასევე შეჭიდებისთვისაც. თუ ქვაფენილს სწორად დააგებენ იქ ნაკლები მტვერი იქნება, მაგრამ ხმაურსა და შეჭიდებას ვერაფერს უზამენ. სველი ქვა უფრო ნაკლებად იჭიდებს საბურავს ყინვისას, ვიდრე ასფალტი. შეიცვალა ვერის აღმართზე და უკეთესი გამოდგა, ასევე ლეონიძეზე და უკეთესია. დიდი ექსპერიმენტი არ სჭირდება რომ კარგია. პირველ რიგში ხმაურისთვის. ადრე ერთგვარი ინერცია იყო. ყველგან ქვაფენილს აგებდნენ. თან უფრო იაფი ჯდებოდა ასფალტზე“, – განუცხადა „ფორტუნას“ ქალაქმგეგმარებელმა ზვიად ბაქრაძემ.

ვარაზისხევზე ქვაფენილის ასფალტით შეცვლის იდეას გამზიარებლების გარდა, მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს. მათი ნაწილი ამბობს, რომ ქვაფენილიანი გზის საფარი უნდა დარჩეს, რადგან ზამთრში ყინვისას ავტომობილით გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხოა.

„არავითარ შემთხევაში არ ვეთანხმები ვარაზისხევზე გზის საფარის შეცვლას. მესმის მათი მოსაზრება, ხმაური და ა.შ. მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, პატარა თოვლისას, ლიპყინული, სისველე რომ იცის, რამდენი ხალხი დაიღუპება. სასაცილოა, როცა სწორ გზაზე აკეთებენ, მაგალითად აღმაშენებლის გამზირზე. გლუვ ზედაპირს როგორ შეიძლება მეტი მოჭიდება ჰქონდეს, ვიდრე ამ ხორკლიან ზედაპირს?!“ – აღნიშნა არქიტექტორმა გიგა ბათიაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები