LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარძია და უფლისციხე ვიზიტორებს შემცირებული ტარიფებით მოემსახურება

147
ვარძია

ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებლებს შემცირებული ტარიფებით მომსახურება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები მთავრობის საკოორდინაციოს საბჭოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად ახლო მომავალში გაიხსნება.

ეპიდემიური მდგომარეობის მიზეზით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, აღნიშნული მუზეუმ-ნაკრძალების ადმინისტრაციები ვიზიტორთა მომსახურებას ჯანმრთელობის დაცვის უწყებების მიერ წინასწარ შემუშავებული რეგულაციებით განახორციელებენ. დადგენილი ქცევის ნორმების დაცვა დამთვალიერებლებისთვის სავალდებულო იქნება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტების გახსნის პარალელურად შეიცვლება მუზეუმნაკრძალების ტარიფები. ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სტიმულირებისა და ტურიზმის ეკონომიკური ეფექტის ეტაპობრივი გაზრდის მიზნით, დროებით შემცირდება მუზეუმნაკრძალში შესვლის საფასური. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ვარძიასა და უფლისციხეში დღემდე მოქმედი ტარიფის ოდენობა 3 თვის ვადით 15 ლარიდან 7 ლარამდე შემცირდება. კვლავ 1 ლარი იქნება ბილეთის საფასური საქართველოს მოქალაქე მოსწავლეების, სტუდენტებისა და პენსიონრებისთვის. მუზეუმ-ნაკრძალებში უფასოდ დაიშვებიან იძულებით გადაადგილებული პირები, ომის ვეტერანები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეები. საფასურის გადახდა არ შეეხებათ არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ თანმხლებ მოქალაქეებს.

შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო 3 თვის განმავლობაში, ბილეთების ფასი შემცირდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სხვა 16 მუზეუმისა და მუზეუმნაკრძალის ვიზიტორებისთვისაც. ახალი ტარიფები აღნიშნული ობიექტების გახსნის თარიღის განსაზღვრის თანმდევად დადგინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები