LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველობილიკებზე ძალიან გვაკრიტიკებენ, არადა პერსპექტივა აქვს – მამუკა მუმლაძე

174
mamuka mumladzevelo

თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა, რომ მათ მიერ შემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების შემდეგ, ველობილიკები უფრო მეტად დაიტვირთება.

მუმლაძემ აღნიშნა, რომ ზონალური პარკირების შემოღება, ავტობუსების ზოლები და კერძო ავტომობილების რიცხვის შემცირება, ველოსიპედების მომხმარებელთა რიცხვს გაზრდის და ამისთვის ქალაქი მზად უნდა იყოს.

„ძალიან გვაკრიტიკებენ ველობილიკებზე – ვინ დადისო. თუმცა ამას აქვს პერსპექტივა. ის პოლიტიკა, რომლითაც ჩვენ მივდივართ, ზონალური პარკირების შემოღება, ავტობუსის ზოლები, ეს ყველაფერი გაზრდის ველობილიკების მომხმარებელთა რიცხვს. ბევრ ოჯახშია ველოსიპედი, ვერ მოიხმარენ, რადგან არ არის უსაფრთხო გარემო გადაადგილების კუთხით. ამ გარემოს შევქმნით აუცილებელად. ბატონი კახის ინიციატივაა, რომ სადაც საშუალებაა ყველგან მოვაწყოთ ბილიკები,“ – განაცხადა მუმლაძემ Fortuna.ge-სთან.

მანვე საკმაოდ საინტერესო კვლევის შედეგები მოიყვანა:

„კვლევებით დასტურდება, რომ ავტომობილებს 150-200 მეტრში გადასაადგილებლადაც იყენებენ. შეიძლება ამ ზონაზე, საათობრივი პარკირება დახვდეს ადამიანს და აღარ უღირდეს მანქანით გადაადგილება, ასე რომ შეეძლება ველოსიპედი გამოიყენოს.

გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ, კიდევ შეიძლება გავამკაცროთ კერძო ავტომობილების გადაადგილება და კიდევ უფრო არაკომფორტული გავხადოთ. სამაგიეროდ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი გვეყოლება,“ – აღნიშნა მამუკა მუმლაძემ.

მისივე თქმით, უკვე დამუშავებული და დატესტილია ველობილიკები რამდენიმე ქუჩაზე. ამ ქუჩებზე ბილიკები რეაბილიტაციის დროს მოეწყობა.

„დამუშავებული გაქვს ვაჟა-ფშაველა-ყაზბეგის ქუჩები, რომელიც უნდა დაკავშირდეს უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან. დატესტილია მარშრუტები და ამ ქუჩებზე რეაბილიტაციის დაწყების დროს ველობილიკები გათვალისწინებული იქნება“, – თქვა მუმლაძემ Fortuna.ge-სთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები