LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეკვეთილში მაშველებმა დები დახრჩობას გადაარჩინეს: “ვევდრებოდი ღმერთს და იმანაც, უცებ, სამი გმირი, სამი ანგელოზი მყისვე გამოაგზავნა”

2538
BeFunky-collage (6)

გუშინ, 12 აგვისტოს, შეკვეთილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის მცხოვრები ორი მცირეწლოვანი და ტალღებმა გაიტაცა.

მაშველებმა კი, მყისიერი რეაგირება მოახდინეს და ორივე და სიკვდილს გადაარჩინეს.

როგორც ცნობილია,  ნაპირთან მდგარი დეიდა, მათ საშველად წყალში შევარდა, თუმცა…

„ცურვა ვიცი, თუმცა, უცებ წამერთვა ძალ-ღონე და ჩავიკეცე… საშინელი შეგრძნებაა უძლურების განცდა, როცა მთელი შენი არსებით იბრძვი, წამიც კი არ გჭირდება, ისე სწირავ საკუთარ სიცოცხლეს, მაგრამ ყველაფერი ამაოა, არარაობა ხარ აღრენილი ზღვის წინაშე… ითრევს, გართმევს ტალღები მათ. ისღა შევძელი, მთელი ხმით მეკივლა.

ვევდრებოდი ღმერთს და იმანაც, უცებ, სამი გმირი, სამი ანგელოზი მყისვე გამოაგზავნა ჩემი ორი სიცოცხლის გადასარჩენად…არ ვიცი, როგორ და რამდენგზის მოვუხადო ჩემს მხსნელებს მადლობა,-ამბობს ია ჭარხალაშვილი.

შეკვეთილის ზონაში განთავსებული სამაშველო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი გოგეშვილი მომხდარის დეტალებს იხსენებს.

–ურთულესი სიტუაცია იყო. მე თავად გამოვიყვანე, გოგონები ბანაობდნენ, მოქცევა იყო და ტალღებმა გაიტაცა ორივე. ყვირილზე, სასწრაფოდ გადაეშვნენ მაშველები ზაზა ჩხიკვაძე და შოთა ვერულაშვილი, ასევე რიგითი დამსვენებელი თორნიკე მაჭარაშვილი და ერთი რუსი ეროვნების ახალგაზრდა, რომელზეც მხოლოდ ის ვიცი, რომ ბათუმელია.

ტალღებს სწრაფად მიჰყავდა ყველა სიღრმეში. მე სკუტერი სასწრაფოდ მივმართე მათკენ. ეს ხდებოდა, ნაპირიდან ასი მეტრის მანძილზე. ისეთი ვითარება იყო, მოქცევა-ყველა წყალს ყლაპავდა. ბიჭებს მაშველი რგოლები დავუტოვე. გოგონები კი, სასწრაფოდ გამოვიყვანე ნაპირზე.

ერთ-ერთი ბავშვი, უფრო ცუდად იყო. გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, მერე კი ბიჭებთან მივბრუნდი სკუტერით და ნაპირზე გამოვიყვანე ორთავე. მადლობა უფალს, რომ დღეს ყველა კარგად ვართ და მზიანი, სიცოცხლით სავსე დილა გაგვითენდა შეკვეთილის სანაპიროზე…

ფოტო? არ ვიცი, ბევრი დამსვენებელი იღებდა ამ ორომტრიალს. მთავარია, ჩვენი მოვალეობა კარგად შევასრულეთ და ორი სიცოცხლე ვიხსენით,-ყვება “გურიანიუსთან” გოგეშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები