LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კომფორტული პლაჟი ველურ ბუნებაში, ოთხჯერ აღდგენილი იმერული წალკოტი, სადაც ზაფხულის სიცხეს გაექცევით

1233
Untitled design

ბავშვობაში მის მიერ დაგუბებულ მდინარეში საბანაოდ სხვა სოფლებიდანაც რომ მოდიოდნენ, ახლა უნდა მთელი საქართველოდან ჩაიყვანოს ფერემთაში ხალხი.

გაიზარდა და უფრო დიდი ბუნებრივი საცურაო აუზი მოაწყო, ჰამაკები დაკიდა, ბუნგალოები გააკეთა და ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში კომფორტული დასასვენებელი და გასართობი სივრცე შექმნა, სადაც სტუმრებს როგორც კარვებში, ასევე ადგილობრივების ოდა სახლებში დარჩენის შესაძლებლობა აქვთ.

ანდრო ქარციძის მიერ მოწყობილა “ფერემთამ” უკვე ბევრს უმასპინძლა. ველურ ბუნებაში ხელოვნური, გამდინარე ტბა, პლაჟი, გარუჯვის შესაძლებლობა და იმერული სამზარეულო ერთ კომპლექტში, მომხიბვლელი აღმოჩნდა როგორც უცხოებისთვის, ისე ფერეთელებისთვის, რომლებიც თავიდან წამოწყებას სკეპტიკურად უყურებდნენ.

 

4-ჯერ წაიღო მეწყერმა და ოთხივეჯერ თავიდან ააშენა. უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად არ ნებდებდა და ნელ-ნელა ახალ-ახალ იდეებსაც ავითარებს.

“ქალაქში მქონდა პატარა ბიზნესი, შემჭამეს დიდმა კომპანიებმა და ვიფიქრე, რა შეიძლებოდა სოფელში მომეფიქრებინა. რა უნდა გამეკეთებინა? არაფერი განსაკუთრებული, რაც ბავშვობაში მიკეთებია ის…

აქ პატარა მდინარეა, ფერეთა ქვია იმასაც. ბავშვობაში მთელი ზაფხული იქ ვიყავი და ვაკეთებდი აუზს, რომ გვეცურავა. ყველა დადიოდა ჩვენთან, იმიტომ რომ კარგ საცურაოს ვაკეთებდით. გავიზარდე, გავიხსენე ბავშვობა და მამა-პაპის ტერიტორიაზე გავაკეთე დიდი საცურაო. 400-500 კვადრატამდე, 2 მეტრის სიღრმის ტბაა, პატარა კი არაა.

 

საცურაოს გაკეთების შემდეგ, ადგილზე მოვაწყე ბუნგალოები. გზის გაწმენდისას რაც მოვჭერით, იმ მასალით გავაკეთე ბუნგალო, ერთადერთი გადასახური ბალახი ჩამომიტანეს აჭარიდან. აქვე გავაბი ჰამაკები… ერთი ზღვა არაა, თორემ ყველაფერია.

გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი სივრცეა ამ ტბას ის უპირატესობა აქვს, რომ ძალიან სუფთაა. ბუნებრივად გამდინარე ისეთი მდინარით გუბდება, რომელშიც ფეკალიები არ ჩაედინება”, – ყვება ფორტუნასთან “ფერემთის” შემქმნელი ანდრო ქარციძე.

როცა პირველად ამ ადგილის მაკეტი ადგილობრივებს ანახა, ზოგმა ზურგს უკან, ზოგმა კი პირდაპირ უთხრა, რომ დალაგებული არ იყო. ოჯახშიც კი არ სჯეროდათ, რომ ადგილს ტურისტულ სივრცედ გადააქცევდა.

“პროექტი რომ ჩავიტანე რაიონში, დედ-მამა ხმას არ მცემდა. არ სჯეროდა არავის, რომ რამე გამოვიდოდა და აქ არათუ ტურისტი, საერთოდ ვინმე მოვიდოდა. თავს მომჭრი რაიონში, მამაშენს იცნობენ… ასეთი ტექსტები მესმოდა.

მაკეტი, რომ ვანახე, ფერეთაში პლაჟი რომ დაინახეს, ხალხი დაწვა სიცილით. რა უნდა პლაჟს აქო? შემდეგ, რაღაცას რომ დაემსგავსა ეს ადგილი უკვე მოეწონათ.

მაგრამ მანამდე, იმდენი იძახეს, რომ წამიღო მეწყერმა.

არსებობს ორი წესი: წესი პირველი – არ დანებდე! წესი მეორე – არ დაივიწყო წესი პირველი!

ასე რომ, სტიქიის შემდეგ ყველაფერი ხელახლა გავაკეთე… კიდევ მოვიდა მეწყერი… მოკლედ, ოთხჯერ დაიშალა დამბა და წაიღო ყველაფერი.

ბოლოს დავნებდი, მაგრამ ჩემმა მეგობარმა, რაიონის დეპუტატმა მითხრა, თუ გააკეთებ ყველანაირად დაგეხმარებიო. ჩემს სხვა მეგობარს, რომელმაც ფინანსური დახმარება შემომთავაზა, პარტნიორობა შევთავაზე, ასე რომ, მეორე სული სწორედ მათ შთაბერეს ფერემთას.

მას შემდეგ ნელ-ნელა ვხვეწავთ, მაგრამ წყალი მაინც სულ თან დაგვყვება. შარშან ელექტრონული მუსიკის ფესტივალი მოვაწყეთ, ხალხიც მოვიდა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ 5 საათიდან რომ დაიწყო წვიმა, არ გაჩერებულა…” – ყვება ანდრო ქარციძე “ფორტუნასთან.

“მოგვიანებით, როცა კემპინგი დავამატე ამაზეც გამაქილიკეს. როცა პირველი სტუმრები დარჩნენ ჯერ იმათ დასცინეს, რა დამაძინებს ტყეშიო, შემდეგ სხვებიც რომ დარჩნენ, იფიქრეს რაღაც კარგი ყოფილაო,” – ყვება ანდრო ქარციძე.

ოთხჯერ ხელახლა აშენებამ თავისი უარყოფითი შედეგი გამოიღო – ამ წლებში დახარჯულმა თანხებმა 100 000 ლარს გადააჭარბა.

ახლა როცა დამბა ისე მოაწყო, რომ სტიქიის აღარ ეშინია, ადგილზე ტურისტების განთავსების შესაძლებლობებიც გამონახა, თავს კორონა დაატყდა… ამან ახალი გეგმის განხორციელებაში ხელი შეუშალა, თუმცა ფერემთა მაინც სრულყოფილად ფუნქციონირებს. ტერიტორიაზე შესვლა 5 ლარი ღირს, შეუზღუდავი დროით.  თუ იქ მდებარე რესტორანში მაგიდა გაქვთ დაჯავშნილი დამატებითი საფასურის გადახდა აღარ გიწევთ.

 

მომავალში ანდრო ქარციძე გარდა იმისა, რომ ადგილს კიდევ უფრო დახვეწავს და უამრავ იდეას განახორციელებს, ფერემთაში მისულებს კიდევ ერთ სერვისს შესთავაზებს – ტურისტულ ბილიკებს ორი მიმართულებით: ალპურ ზონაში და ჭვანეთის ხეობაში.

“ალპური ზონა შეუსწავლელი და საოცარი ადგილია… ყველაფერი, ველური და ავთენტურია, ულამაზესი ბუნება, მწყემსები, მთები, მეცხრამეტე საუკუნეში გეგონებათ თავი. ორივე მიმართულებით სულ საჭიროა კილომეტრი-კილომეტრნახევარი გზის გასუფთავება. აქ ადრე იყო გზა, უბრალოდ წლებია არავის გაუვლია.

მეორე მიმართულება ჭვანეთის ხეობაა. იქ არის თამარის ტაძარი მეშვიდე-მერვე საუკუნით დათარიღებული, თამარის წყარო და ულამაზესი კანიონ-ჩანჩქერების კასკადი, ერთ-ერთი მათგანი 35 მეტრის სიმაღლისაც კია. ზოგიერთ ჩანჩქერზე ჯერ არც მივსულვარ,” – ყვება ანდრო ქარციძე და წლევანდელ სეზონს დასაზვერად იყენებს.

მომავალ წელს უკვე ტურისტული მარშრუტებიც შესწავლილი ექნება, გზებიც გაყვანილი და იმედი აქვს კიდევ უამრავ სხვა გეგმას განახორციელებს, რომ სტუმრებს მრავალფეროვანი მომსახურება და შესაბამისად, დასვენება შესთავაზოს.

მანამდე კი ყველას ურჩევს, რომ მოკიდონ ოჯახის წევრებს თუ მეგობრებს ხელი და ზაფხულის სიცხეს სწორედ ფერემთაში შეაფარონ თავი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები