LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ და რამდენს ხარჯავს საქართველოში – ყველაზე მხარჯველი ტურისტები დასახელდა

245
shutterstock_661441039

2021 წელს საქართველოში შესრულებული ვიზიტებიდან „მასტერქარდის“ ბარათით განხორციელებულმა საშუალო დანახარჯმა 400 აშშ დოლარი შეადგინა, ყველაზე მაღალი დანახარჯი ერთ ვიზიტზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსულ ვიზიტორებს ეკუთვნით – საშუალოდ 611$, ამ მაჩვენებლით მოჰყვება ისრაელი – 574$ და არაბთა გაერთიანებული საამიროები 564$, – ამის შესახებ Mastercard და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის პირველი კვარტალის ტურიზმის ტენდენციებშია აღნიშნული.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ასევე დიდია ვიზიტორთა დაინტერესება ტურისტულ პროდუქტებზე, უმეტესი წილი მოდის კვებასა და სამზარეულოზე (40%), მას მოჰყვება აქტიური ცხოვრების წესი (სათავგადასავლო) (18%), ხელოვნება და კულტურა (17%). ტურისტული პროდუქტებზე პროცენტული გადანაწილებით ყველაზე მეტად ინტერესდებიან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შემოსული ვიზიტორები(47%), შემდეგ მოჰყვებიან მას ამერიკის შეერთებული შტატებიდან და რუსეთის ფედერაციიდან შემოსული ვიზიტორები. კვებასა და სამზარეულოდან გამოირჩევა ღვინის ინტერესი, რომელიც მთლიან ვიზიტორთა 70%-ს აჭარბებს.

ცნობისთვის, 2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, იმატა საერთაშორისო ფრენების რაოდენობამაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 270%-ით, რაც ჯამში მოიცავს 3,000-ზე მეტ ფრენას. 285%-ით არის გაზრდილი მგზავრთნაკადი, რომელიც შეადგენს 489,000-ზე მეტ მგზავრს. აქედან, ყველაზე მეტი წილი მოდის თურქეთიდან (21.1%), მას მოსდევს არაბთა გაერთიანებული საამიროები (13.5%) და ისრაელი (8.3%).

საქართველოში დაგეგმილი მოგზაურობის საშუალო ხანგრძლივობა არის 7.8 დღე, ყველაზე დიდი პერიოდით ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსული ვიზიტორები ჩერდებიან – საშუალოდ 14.7 დღე, მას მოჰყვება გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსული ვიზიტორები 9.4 დღით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები