საქართველოს პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას არ განსაზღვრავს, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა, თუმცა, პრეზიდენტი ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას არ განსაზღვრავს, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა, თუმცა, პრეზიდენტი ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა იმ მცირერიცხოვან ფუნქცია-მოვალეობებს შორის, რომელიც ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს დარჩა. 28 ნოემბერს კი, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა.

„ჩვენ დავიწყეთ ომი“ და „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა ცხინვალში“ – ეს სალომე ზურაბიშვილის ის ფრაზებია, რითაც საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩეველს თავი დაამახსოვრა. მოგვიანებით მან თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა, ამის მიუხედავად, ისმოდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება მისი რიტორიკა იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს პრეზიდენტი გახდება და რას უნდა ველოდოთ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით.

არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მოსახლეობამ მისგან უკვე სხვაგვარი განცხადებები მოისმინა. BBC-სთან ინტერვიუში ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ამ ვითარებაში მასთან პირდაპირი დიალოგი შეუძლებელია.

მან ასევე, არჩევნების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში თავის პირველ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში გეგმავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ის ბრიუსელს, ბერლინს, ასევე პარიზს ეწვევა.

„არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში, კერძოდ, ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი და ბალტიისპირეთის ქვეყანა, რომლის ქალმა პრეზიდენტმა პირველმა მომილოცა გაპრეზიდენტება გუშინ ღამით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილისა და რუსეთის ფარულ კავშირებს, რომელზეც საუბარი წინასაარჩევნოდ მიმდინარეობდა, კონსპირაციულ თეორიად აფასებს „ფორტუნასთან“ პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე. შარაშენიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მისი განცხადებები მიხეილ სააკაშვილთან ოპონირებით იყო გამოწვეული. ექსპერტი მის წიგნს და უფრო ადრეულ განცხადებებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილი რეალურად, სააკაშვილთან ოპონირების რეჟიმში 2005 წლიდან არის, მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა ის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლა.

„ამას ემატება ისიც, რომ ახლა სალომე ზურაბიშვილს სჭრიდებოდა ივანიშვილისთვის დაემტკიცებინა, რომ მისი მოკავშირეა, ამიტომ იყო ეს განცხადებები და არა იმიტომ, რომ ის კრემლის აგენტია. მსგავსი სისულეების მე არ მჯერა. გამორიცხული არაფერია, თუმცა მისი ამ განცხადებებიდან ეს არ გამომდინარეობდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის ჯიბრზე და ივანიშვილის სასიამოვნოდ აკეთებდა ამ განცხადბებს. ახლა საარჩევნო კამპანია დასრულდა და უფრო სოლიდურად უნდა მოიქცეს. აღარ სჭირდება იმის მტკიცება, რომ სააკაშვილის მტერია და ივანიშვილის მოკავშირე,“ – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს არა სხვაგვარ შეხედულებებთან, არამედ განსხვავებულ აქცენტებთან.

„ვინ დაიწყო ომი, ეს სრულიად სხვა საკითხია, ახლა სხვანაირად იყო საკითხი დასმული – რას აპირებს ის რუსეთთან ურთიერთობებში,“ – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების შემდეგ გაკეთებული აქცენტები სწორია.

„მან თავი დაიზღვია გარკვეული მოლოდინებისგან, იმის მიუხედავად, რომ აქვს პოზიტიური გამოცდილება რუსეთთან მოლაპარაკებებში ჯარების გაყვანის თაობაზე და აღნიშნა, რომ ახლა სხვა ვითარებაა და არსებობს პრინციპული ბარიერი, რაც არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება და მათი ოკუპაცია. საკმაოდ სწორი პოზიციონერება იყო. სწორი იყო ასევე იმის ხაზგასმა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა შეუძლებელი იქნება. თუმცა, ამავე დროს სწორი იყო იმის აღიარება, რომ თუ ჩვენი პარტნიორები დაიწყებენ რუსეთთან პოზიტიური დიალოგის განვითარების მცდელობას, აქედან საქართველო არ უნდა ამოვარდეს, რადგან თუ რაიმეს მიაღწევენ, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ გვერდზე და ჩვენი საკითხი არ უნდა გამორჩეთ, ამიტომ არის საჭირო ამ დიალოგში მათ გვერდით ყოფნა,” – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

რას შეიძლება ველოდოთ სალომე ზურაბიშვილისგან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით – კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროინდელ რიტორიკას ალბათ აღარ უნდა ველოდოთ.

„მან კარგად დაინახა ხალხის რეაქცია ამასთან დაკავშირებით. ჯერ-ჯერობით რაც ჩანს, ეს არის ის, რომ ის შეცდომები, რასაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს, აღარ მეორდება და საკმაოდ სწორი პოზიციონირება აქვს სალომე ზურაბიშვილს,“ – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

დაახლოებით მსგავსი პოზიცია აქვს თორნიკე შარაშენიძეს, რომელიც კონსტიტუციით პრეზიდენტის შეკვეცილი უფლებამოსილებების გათვალისწინებით ბევრს არაფერს ელოდება, თუმცა, აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ პოლიტიკას გააგრძელებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მის მინისტრთა კაბინეტს აქვს, რომელშიც როგორც შარაშენიძე ამბობს, ევროპულ ინტეგრაციასთან ერთად, რუსეთთან ფრთხილი დამოკიდებულება იგულისხმება.

ტეგები: თორნიკე შარაშენიძე კახა გოგოლაშვილი საგარეო პოლიტიკა სალომე ზურაბიშვილი
კატეგორიები: ანალიტიკა
თაკო ივანიაძე
ავტორი

მსგავსი თემები