თქვენი ეკონომიკა დამანგრეველი შედეგების წინაშე დადგება – ასე გააფრთხილა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის წინ. პუტინი უკრაინაში მაინც შეიჭრა და მძიმე სანქციებიც დაუწესდა. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტი თითქოს არ შეშფოთებულა და სანაცვლოდ თავისივე კონტრსანქციები წამოაყენა.

ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, საინტერესოა, ვინ იგებს სანქციების ომს?

პირველი ეტაპზე, სანქციებმა, როგორც შემაკავებელმა იარაღმა, არ იმუშავა. პუტინისეულმა „დიდი რუსეთის“ ხედვამ და რწმენამ, რომ გამარჯვება ახლოს იყო (გავიხსენოთ, რომ რუსი ჯარისკაცები ჩანთებში აღლუმის ფორმას ატარებდნენ), აგრესორი ომის დაწყებისგან ვერ შეაკავა.

მეორე ეტაპზე, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს ყოვლისმომცველი სანქციები დაუწესდა. დასავლეთის მიზანი იყო, რუსეთს ისეთი ეკონომიკური ზარალი ენახა, რაც პუტინს უკან დახევას აიძულებდა. ფინანსურმა სანქციებმა აგრესორი საერთაშორისო ფინანსურ სისტემას მნიშვნელოვნად ჩამოაშორა, მათ შორის, გაეყინა $300 მილიარდის სავალუტო რეზერვები. ემბარგო დაუწესდა ისეთი ტექნოლოგიების იმპორტზე, როგორიცაა ნახევარგამტარები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც სამხედრო აღჭურვილობის, ასევე სხვა მოწყობილობებისთვის (მობილური ტელეფონები და მანქანები). 1000-ზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ გაიტანა ბიზნესი რუსეთიდან ან შეამცირა წარმოება. 600-ზე მეტ რუს ოლიგარქსა და რუსულ ელიტას, მათ შორის პუტინსა და მის ოჯახს, დაეკისრა ინდივიდუალური სანქციები.

დაწესდა სპორტული და კულტურული აკრძალვები. FIFA-ს მსოფლიო თასი (როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში), ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციაფორმულა 1 და ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ცდილობდნენ, რუსეთისთვის იზოლაციის განცდა შეექმნათ.

რაც შეეხება რუსულ ნავთობსა და და ბუნებრივ აირს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიული პროდუქტებია (ომამდელი წარმოება ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტის ნახევარს აგენერირებდა), აქ სანქციები უფრო ნელა ამოქმედდა და ნაკლებად მკაცრიც იყო ევროპული ქვეყნების ნაწილის რუსულ გაზზე დამოკიდებულების გამო.

მთლიანობაში, სანქციების პაკეტს მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა ჰქონდა. რუსეთის მშპ-ის პროგნოზებმა ყველაზე უარესი ნიშნული აჩვენა ქაოსური 1990-იანი წლების შემდეგ. მარტში რუბლმა ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა და დოლარის მიმართ 84 რუბლიდან 154 რუბლამდე ჩამოქვეითდა.

აპრილის შუა რიცხვებში მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ 200 000 სამუშაო ადგილი საფრთხეშია. მთლიან ეკონომიკაში ინფლაციამ 18%-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია იმ სექტორებში, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვებზე. უკრაინის ჯარებმა დიდი მოცულობით გაანადგურეს რუსული საბრძოლო ტექნიკა, სანქციები კი რუსული ჯარების მომარაგებას აფერხებდა, რის გამოც რუსული ფრონტის ძალები აღჭურვილობისა და საკვების დეფიციტს განიცდიდნენ.

მაგრამ, როგორც ამას ხშირად აკეთებენ სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნები, რუსეთმა სამ მთავარ სტრატეგიას მიმართა არსებული ზარალის შესამცირებლად: ალტერნატიული სავაჭრო პარტნიორების მოძიება, სანქციებისგან თავის დაღწევა და შიდა კომპენსაციები.

მართალია, სანქციებს საკმაოდ ბევრი ქვეყანა შეუერთდა, თუმცა, არ შეერთებია ყველა. მაგალითად, ჩინეთმა რუსული ნავთობის იმპორტი გაზარდა, ქვეყანას გარკვეული ტიპის სამხედრო საქონელი მიაწოდა და მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. თუმცა, ეს არ ჟღერდა ისევე მტკიცედ, როგორც შეჭრამდე პერიოდში, რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობისას.

ენერგეტიკულ პროდუქტებზე ფასდაკლებითა და ასევე, ორმხრივი სამხედრო კავშირებით, ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი 1-დან 20%-მდე გაზარდა.

აგრესორებმა ასობით ათასი ტონა უკრაინული მარცვლეული მოიპარეს და რუსეთის მოკავშირე ქვეყნებში გაგზავნეს.

იყო უამრავი სხვა შემთხვევა, როცა რუს ოლიგარქებსა და პუტინის ახლობლებს ოფშორული საგადასახადო და საბანკო „თავშესაფრები“ აღმოუჩინეს და მიაკვლიეს უსაფრთხო ნავსადგურებს მათივე სუპერიახტებისთვის.

ამ და სხვა ზარალების გამო, კრემლმა ეკონომიკური კომპენსაციისა და პოლიტიკური რეპრესიების ნაზავს მიმართა. ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდამ და კაპიტალის კონტროლმა ხელი შეუწყო რუბლის მკვეთრი ვარდნის შეჩერებას. შვიდი წლის მაქსიმუმს ვალუტა ივნისის ბოლოს დაუბრუნდა. პენსიონერებს გაეზარდათ პენსია და კომპანიებისთვის ხელშემწყობი მექანიზმები ამოქმედდა. დაპატიმრებებმა და პოლიტიკურმა რეპრესიებმა შიდა საპროტესტო ტალღა ჩაახშო.

მესამე ფაზა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, არის ცვეთის ფაზა – ვინ დაეცემა პირველი?

რუსული კონტრსანქციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტაა. ეს მუქარა ევროკავშირის გადაწყვეტილებითა და რუსულ გაზზე ეტაპობრივი უარის თქმის პოლიტიკით სრულდება – 31 ივლისის მდგომარეობით, მილსადენში მოცულობა, რომელიც დღეში 400 მილიონ კუბურ მეტრზე მეტს შეადგენდა, დღეში 100 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა.

პარალელურად, გერმანიაში ელექტროენერგიის ღირებულება იანვრიდან ივნისამდე თითქმის გაორმაგდა და 1 მეგავატ საათში 140-დან 260 ევრომდე ღირებულებას მიაღწია. გაზის დეფიციტის შედეგად, მსხვილ ინდუსტრიებს წარმოება უმცირდებათ. ევროპის ქვეყნები სხვადასხვა ზომას მიმართავენ ელექტროენერგიის წარმოების შესამცირებლად. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის შხაპის მიღების დროის 5 წუთამდე შეზღუდვის რეკომენდაცია, ვიტრინების განათებების შეზღუდვა და ა.შ.

უფრო ფართო გლობალური გადასახედიდან, შედეგად, კლიმატის ცვლილება ძლიერდება. შეერთებული შტატები ნავთობისა და გაზის ბურღვის შიდა ლიმიტებს არღვევს, ევროპა კი ისევ ნახშირზე გადადის. გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2021 წელს 5,7% იყო, ხოლო იანვარში 4,1%-ს ვარაუდობდნენ, ახლა 2,9%-იან ნიშნულს პროგნოზირებენ. მართალია, ნავთობის გლობალური ფასები ბოლო პერიოდში დაეცა, თუმცა, რჩება საფრთხე იმისა, რომ რუსულ ნავთობზე სანქციების გამკაცრებასთან ერთად, მსოფლიო ფასები ბარელზე $200-ს მიუახლოვდება.

ზოგიერთი ანალიზი აჩვენებს, რომ სანქციები სულ უფრო ღრმა სტრუქტურულ ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკას. რუბლი შეიძლება, ფიქსირებულია, თუმცა, შავ ბაზარზე გაცვლითი კურსი მის სისუსტეს აჩვენებს.

რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „პერიოდი, რომლის დროსაც ეკონომიკას შეუძლია რეზერვებით იცხოვროს, ამოწურვადია“. დაახლოებით 500 000 თანამშრომელი, განათლებული და ტექნიკური სექტორის გამოცდილებით, ქვეყნიდან გაიქცა. იმის გამო, რომ რუსულმა ძალებმა დაახლოებით 2,600 ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგეს და გაისროლეს მართვადი რაკეტების 70%, რუსეთში ცდილობენ, ნახევარგამტარები მაცივრებიდან და ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან ამოიღონ.

თუკი დასავლური სანქციები ძალაში დარჩება და Nato-ს მხარდაჭერით უკრაინული წინააღმდეგობა გააგრძელებს რუსეთისთვის ზიანის მიყენებას, ეკონომიკურ-სამხედრო მდგომარეობა რუსეთისთვის კიდევ უფრო დამძიმდება.

თუმცა, სანქციების გლობალური ისტორია სავსეა ეკონომიკური ზემოქმედების შემთხვევებით, რომლებიც პოლიტიკის შეცვლას არ იწვევს: მაგალითად, კუბას წინააღმდეგ სანქციები 60-ზე მეტი წელია მოქმედებს, მაგრამ რეჟიმი ჯერ კიდევ არსებობს; ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში დაწესებულია სანქციები, თუმცა, მისი ლიდერი კიმ ჩენ ინი ბირთვული არსენალის გაფართოებას განაგრძობს; აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიამ ირანის წინააღმდეგ მშპ 10%-ით დაწია, ინფლაცია 40%-მდე და ახალგაზრდების უმუშევრობა 30%-მდე გაზრდა, თუმცა, თეირანის პოლიტიკა არ შეცვლილა.

ამის მიუხედავად, ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვა დაიწყო.

ჩეხეთი, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა, რუსი ტურისტებისთვის ვიზების სრულად აკრძალვას ითხოვს, იდეას ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნები უჭერენ მხარს.

თუმცა, ამ ეტაპზე, ევროკავშირმა კომპრომისული ვარიანტი მიიღო – რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი გაუქმდება, რაც გაზრდის ვიზების ღირებულებასა და მათი დამუშავების დროს.

პარალელურად, ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ითხოვენ. მათ თავიანთი წინადადებები ევროკავშირს უკვე წარუდგინეს, რაც მოიცავს ვაჭრობისა და ენერგეტიკის სექტორების უფრო მეტ შეზღუდვას, ინდივიდუალური სანქციების გაძლიერებას და ასევე, იმ რუსული ბანკების სიის გაფართოებას, რომლებიც SWIFT-ს გამოეთიშებიან.

„სანქციები ჯერ კიდევ მოქმედებს, მაგრამ ის საკმარისი არ არის. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ რუსეთის მიერ გადასახდელი ფასი ზამთრის მოსვლამდე, რათა ეს ომი მალე დასრულდეს. ასევე, უნდა მივაწოდოთ მეტი იარაღი უკრაინას“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ.

პოლონეთი რამდენიმე თვეა, არ გასცემს ტურისტულ ვიზებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე. ხოლო ლატვიამ აგვისტოში რუსებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტა. 11 აგვისტოს რუსებისთვის საზღვარი ჩაკეტა ესტონეთმაც.

სამომავლოდ როგორ შეიცვლება სანქციების სტრუქტურა, კვლავ მსჯელობისა და განხილვის საგანია ევროკავშირში, აშშ-სა და მოკავშირე ქვეყნებში. თუმცა, ბევრი ეკონომისტი უკვე ხედავს გრძელვადიან ზარალს რუსეთის ეკონომიკისთვის: საერთაშორისო კომპანიების გასვლა ისედაც დააზარალებს წარმოების შესაძლებლობებს – კაპიტალისა და „ტვინების გადინება“ დაწყებულია ნავთობისა და გაზის გრძელვადიანი ბაზრების დაკარგვასთან ერთად.

თუმცა, ძალისხმევა, იზოლაციაში მოექცეს რუსეთი, იაფი არც დანარჩენ მსოფლიოს უჯდება. თებერვლის შემდეგ ბუნებრივი აირის ფასები გაორმაგებულია, ერთმანეთზე გადაჯაჭვული საკვებისა და საწვავის ფასები დიდ გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე. შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წელს 4.9%-დან 3.2%-მდე შეამცირა.

წყარო: businessfeed.ge

მსგავსი თემები