ჯერ იყო და საქართველოდან ევროპაში ფრენა ისეთი ძვირი ღირდა, ლამის ტურების დღევანდელ ფასს უტოლდებოდა. როგორც იქნა, შემოვიდა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ და გაგვიხარდა. არც ვიზისთვის საბუთების მოგროვება და საელჩოს რიგში დგომა იყო მაინცდამაინც სასიამოვნო და აგერ უკვე ორი წელია ევროპის ქვეყნებში ვიზის გარეშე მოგზაურობის შესაძლებლობა მოგვეცა, მაგრამ რად გინდა.

ზუსტად იმ დროს, როცა ერთი შეხედვით, ყველაფერი გვაქვს, წელიწადში ორჯერ ან მინიმუმ ერთხელ მაინც შვებულება საზღვარგარეთ გავატაროთ, გზად ეროვნული ვალუტის სისუსტე წამოგვეწია, რამაც მოგზაურობა ავტომატურად გააძვირა.

სოციალურ ქსელებში, სამსახურებში, მეგობრებში ყოველდღე უფროდაუფრო ბევრი ადამიანი წუწუნებს, რომ წელს შარშანდელისგან განსხვავებით ვერსად დაისვენებს და ცხელი ზაფხულის გატარება თბილისში მოუწევს. რადიო  „ფორტუნა“ დაინტერესდა, რა ხდება ტურისტულ სააგენტოებში, შემცირდა თუ არა ტურებზე მოთხოვნა, რამდენით გაძვირდა წელს მოგზაურობა და თუ იაფად გვინდა წასვლა, რას გვირჩევენ კომპანიები.

„გუდ თრეველში“ „ფორტუნას“ უთხრეს, რომ წელს, ზოგადად, ყველა მიმართულება გაძვირდა და არა მხოლოდ ლარის გაუფასურების გამო. ერთ-ერთი მიზეზი თავად სასტუმროებსა და ავიაბილეთებზე ფასების მატებაა.

„წელს გაძვირდა თითქმის ყველა მიმართულება, მაგრამ რომ გითხრათ, ხალხი არ დადის, ტყუილი იქნება. ხალხის ნაწილი, ძირითადად, ელოდება აქციებს, ისინი სტანდარტულ ფასად ტურებს არ ყიდულობენ. მაგ. ახლა ყველა ელოდებოდა ფასდაკლებებს თურქეთისა და საბერძნეთის მიმართულებებზე.  მინდა გითხრათ, რომ 2-3 დღით ადრე შეიძლება კარგი პაკეტის ყიდვა. მაგ. საბერძნეთის ტურები 600-700 ლარად გვქონდა ცოტა ხნის წინ. ადრე ვურჩევდით, რომ დიდი ხნით ადრე ეყიდათ ბილეთები, ახლა აღარ ვურჩევთ, პირიქით, 2-3 დღით ადრე ძალიან კარგ ფასად შეგიძლიათ ტურების ყიდვა. მაგ. გასულ კვირას ლარნაკაში ფრენა 550 ლარი ღირდა, ერთ კვირაში კი 210 ლარი გახდა“ – აცხადებენ „გუდ თრეველში“.

კომპანიაში გვითხრეს, რომ კიდევ ორი მიზეზია, რასაც ტურების გაძვირება უკავშირდება. ისინი ფასის მატების ზუსტ პროცენტს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ მაგ. თურქეთს სასტუმროების სრულად ევროში გადასვლა და ფრენების გაძვირება ტურებზე უკვე აისახა.

„გუდ თრეველი“: “წელს თურქეთის სასტუმროები სრულად ევროში იყიდება, 2-ვარსკვლავიანიც რომ იყოს. მიზეზი ალბათ ისაა, რომ ევრო უფრო სტაბილურია. რაც შეეხება ფრენებს, რეალურად, დღეს, ტურისტების 90% „ვიზეარით“ დაფრინავს, თუმცა ფრენები მათაც გააძვირეს. მაგ. რომის მიმართულებით ახლა ფრენა უკვე 450 ლარიდან იწყება, მაგრამ თბილისიდან ეს ფასი 850 ლარია, ამიტომ ისევ ქუთაისიდან წასვლა ურჩევნიათ. „ვიზეარს“ საკმაოდ დიდი დრო გქონდა, ენახა როგორ იყიდებოდა ბილეთები. დაინახა, რომ ძვირადაც იყიდება, ბორტი მაინც დაიტვირთება. 2-3 ბილეთი თუ დარჩა, ეს არაა პრობლემა. ყველა მიმართულება გააძვირეს და აქციებიც აღარ აქვთ. ახლა რომ ნახოთ მაგ. ოქტომბრის ფასები, ძალიან ძვირი იქნება“.

ტურისულ კომპანიებში ევროპის მიმართულებებით მოთხოვნის ზრდაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს ის ხალხია, ვინ ვიზით ვერ მოგზაურობდა, ფული ჰქონდა, მაგრამ შემოსავლებს ვერ აფიქსირებდა.

სააგენტოებში ამბობენ, რომ ზოგადად, ივნისში მოთხოვნა ყოველთვის ნაკლებია, ტურისტების აქტიურობა ივლისსა და აგვისტოში იმატებს. მათი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ახლა ხალხს უფრო მეტი არჩევანი აქვს და შეუძლია, დაელოდოს და იაფიანი ტურებიც იყიდოს.

„გოუ ტურის“ დამფუძნებელი ნინო წიკლაური ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გარკვეულ ეტაპზე სააგენტოებში იყო მოლოდინი, რომ მოგზაურობის მსურველთა რიცხვი შემცირდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

„ახლა მაგალითად, გვაქვს ასეთი ტური – 1600 ლარი ღირს ორკაციანი საგზური თურქეთში, ივნისში. საქმე ისაა, რომ ნაწილი ელოდება აქციებს, ნაწილი წინასწარ გეგმავს. ვისაც ისეთი სამსახური აქვს, შვებულებას რომ უცებ აიღებს, აქციებს დაელოდება. ვისთვისაც შვებულებები განსაზღვრულია, წინასწარ ჯავშნიან“, – აცხადებს წიკლაური.

ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ რადგან ტურებზე მოთხოვნა არ შემცირდა, შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში სასტუმროების გაძვირება იყოს. მისივე თქმით, ინვოისებში ფასები დოლარსა და ევროშია მითითებული, ზოგადად საქართველოს სასტუმროები კი დაახლოებით 10%-ით გაძვირდა.

რადიო „ფორტუნამ“ ოფიციალურ სტატისტიკასაც გადახედა. ბოლო ინფორმაციით, 2019 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 1,912,352 მგზავრს მოემსახურა, რაც 19%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 1,610,246 მგზავრი). გარდა ამისა, წლის ბოლომდე , სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, მგზავრთკანადის 6 მილიონამდე ზრდას ვარაუდობს.

 

კატეგორიები: ანალიტიკა
მაია მამულაშვილი
ავტორი