LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც ვაქცინის წინააღმდეგია, მივიდეთ და ძილში ავცრათ: ფილიპინების პრეზიდენტი

124
1

ვაქცინაციის ტემპის ასაჩქარებლად და ანტივაქსერების დასამორჩილებლად, ორიგინალური, უცნაური მეთოდი მოიფიქრა ფილიპინების პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს იდეა მარტივად ჟღერს – “მოდით, წავიდეთ მათს სახლებში, ვინც აცრაზე ყოყმანობს და გავუკეთოთ ვაქცინა ღამე, როცა სძინავთ”.

კუნძულოვან სახელმწიფოში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, დაბალია სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელიც – 102 მილიონიან სახელმწიფოში ორი დოზით აცრილია 24.6 %.

პრეზიდენტის ხუმრობანარევი მიმართვა მედიასაშუალებებმა დღეს დილით გაავრცელა. საერთაშორისო მედიაში ხშირად აღნიშნავენ, რომ დუტერტე ცნობილია თავისი უჩვეულო ხუმრობებითა და საკამათო შენიშვნებით.

პრეზიდენტმა მიმართვა ადგილობრივ ენაზე გაავრცელა, რომელიც მოგვიანებით ასე ითარგმნა:

“პრობლემა მათშია, ვისაც არ სურს ვაქცინაცია. ეძებეთ ისინი თქვენს სოფლებში, თქვენი საცხოვრებელი ადგილების ირგვლივ, მოდით, წავიდეთ იქ, სანამ მათ სძინავთ და გაუკეთეთ ვაქცინა, მაშინ როცა მათ სძინავთ. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. თუ მათ არ სურთ, მოდით წავიდეთ მათ სახლებში და გავუკეთოთ ვაქცინა ღამით. მე ამას გავაკეთებ.” – თქვა პრეზიდენტმა.

ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ყველა ვაქცინაცია ინფორმირებულ თანხმობას მოითხოვს.

დუტერტემ ამავე გამოსვლის დროს, მწუხარება გამოთქვა კოვიდვაქცინების სიმცირის გამო და თქვა, რომ ის უმწეოა, რადგან ხელისუფლება ვერ პოულობს კომპანიას, რომელიც მათ ვაქცინებს მიჰყიდის.

ფილიპინებზე ვაქცინაციის მასშტაბური კამპანია მიმდინარე წლის 1 მარტს დაიწყო. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ფილიპინებზე დადასტურდა ვირუსის 2 683 372 შემთხვევა და გარდაიცვალა 39 896 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები