LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: ტექსტს არ წერს „ევროპის სახალხო პარტია“, წერს „ნაციონალური მოძრაობა“, გააფთრებული და გავეშებული შეტევაა საქართველოზე

101
გია ვოლსკი

“ევროპის სახალხო პარტიის” მიზანია ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაცია დაბლოკოს – “ნაცმოძრაობა” საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრებაში მაგარია და კარგად არის ორგანიზებული, მათ შორის EPP-ის შემადგენლობაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, EPP- ის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაა. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” და EPP ერთი პოლიტიკური ჯგუფია, ტექსტს ადგენს “ნაციონალური მოძრაობა”, EPP- მ კი შესაძლოა, სიმწვავე დაამატოს.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) განცხადებაში რაზედაც არის საუბარი, საქართველოში არსებულ რეალობას აბსოლუტურად სცილდება.

„განცხადებაში რაზეც არის საუბარი, რეალობას აბსოლუტურად სცილდება. ამ განცხადების ტექსტს არ წერს „ევროპის სახალხო პარტია“, წერს „ნაციონალური მოძრაობა“. „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიძლება ცოტა სიმწვავე დაამატოს, ისევე, როგორც გასულ წლებში ჰქონდა, მათ შორის 2015 წელს, როცა ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოს მოლაპარაკებები ჰქონდა ევროკავშირთან. სამწუხაროა, რომ უარგუმენტოდ არის ჩამოყალიბებული გარკვეული ფორმულირებები. გარკვეულწილად, „ნაციონალური მოძრაობა“ მაგარიც არის – ამდენი მედიასაშუალება აქვს, ამდენ ფულს ხარჯავს, ამდენი ლობისტი ჰყავს და თუ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება „სიმაგრედ“ ითვლება, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ვთქვათ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებში მაგარია, დახვეწილი, ჩამოყალიბებულია და კარგად არის ორგანიზებული, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ შემადგენლობაში.

„ევროპის სახალხო პარტიის“ დემოკრატიის მანტია ის გარემოება ჰგონია, როცა ადამიანები იხოცებოდნენ, წამება და მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო და დამახასიათებელი იყო იმ ხელისუფლებისთვის, რომლებიც დღეს, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები არიან? – ყველამ ვიცით ფაქტები და ადამიანები, ვინც მოკლეს, აწამეს. კონკრეტული გვარები სტრასბურგმაც შეაფასა, კონკრეტული საქმეები არსებობს, რაზეც სტრასბურგის გადაწყვეტილებაა და მხოლოდ გირგვლიანის თემა რად ღირს. თუ ეს „ევროპის სახალხო პარტიის“ თვალსაზრისით დემოკრატიის სტანდარტია, მაშინ სერიოზული კითხვა მაქვს „ევროპის სახალხო პარტიასთან“ და ყველასთან, ვინც განცხადებაში რაც წერია, იმას მიიღებს, როგორც ფაქტს. კერძოდ, რამდენად სამართლიანია დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, „ევროპის სახალხო პარტიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები