მილანი – ქართველებისთვის უკვე საკმაოდ პოპულარული დანიშნულების ადგილია.
ყველამ იცის, რომ ამ ქალაქში ჩასვლისას უნდა ნახოს დუომო… თუმცა ამის გარდა, მილანში უამრავი სანახაობა და თან უამრავი დეტალია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.

მილანში მოგზაურობა შეგიძლიათ ფორტუნაგიდის მეშვეობით დაგეგმოთ, ამჯერად “ფორტუნა” მიღებულ გამოცდილებას გიზიარებთ და გთავაზობთ რჩევებს იმისთვის, რომ ამ ქალაქში მოგზაურობისას დრო და ფული დაზოგოთ.

იმ შემთხვევაში თუ მილანში 1 დღეზე მეტხანს გაჩერდებით, აუცილებლად დაგჭირდებათ ტრანსპორტით გადაადგილება.

 

იმგზავრეთ მიწის ზევით

ამ ქალაქში მეტროც და ტრამვაიც საკმაოდ განვითარებულია, თუმცა სწრაფად და სასიამოვნო გადაადგილებისთვის, მაინც ტრამვაი აირჩიეთ (თან ქალაქს დაათვალიერებთ და თან გადაადგილდებით) ხოლო ბილეთები არა ყოველი ასვლის წინ, არამედ მთელი დღის შეიძინეთ – ბილეთების გარეშე გადაადგილებისგან კი თავი შეიკავეთ, რადგან კონტროლიორები საკმაოდ მოულოდნელად გამოჩნდებიან ხოლმე, ჯარიმა კი, ბილეთის ფასს რამდენჯერმე აღემატება.

 

არ დაგავიწყდეთ ბილეთების გატარება

ეს რჩევა განსაკუთრებით მაშინ უნდა გაითვალისწინოთ, როცა რეგიონალური ტრანსპორტით მგზავრობთ, რადგან ბილეთები ტრანსპორტში ასვლამდე უნდა გაატაროთ, მატარებელში შესაბამისი ყუთი ბილეთების გასატარებლად აღარ დაგხვდებათ და გაუტარებელი ბილეთებით სწორედ ისევე დაჯარიმდებით, როგორც უბილეთოდ (45 ევრო).

 

სომეხი ტაქსისტები

იმ შემთხვევაში, თუ გამოუვალი სიტუაცია გაქვთ და ტაქსი დაგჭირდათ, მოძებნეთ (ადგილობრივი) სომეხი ტაქსის მძღოლები. მათ შედარებით დაბალი ტარიფები აქვთ. (სხვათა შორის, ეს რჩევა შეგიძლიათ პარიზში მოგზაურობის დროსაც გამოიყენოთ და სომეხი და ქართველი ტაქსისტების მომსახურებით ისარგებლოთ).

 

დუომოში ვიზიტის დროს, წაიღეთ სიმინდის მარცვლები

იმ შემთხვევაში, თუ დუომოსთან მტრედების გარემოცვაში ლამაზი სურათის გადაღება გსურთ, სიმინდის მარცვლები დაგჭირდებათ, რომლებსაც ადგილზე ფერადკანიანებიც ყიდიან, თუმცა საკმაოდ ძვირად (აღსანიშნავია, რომ ფასს წინასწარ არ გითანხმებენ, გადაღების შემდეგ კი 10 ევროს მოგთხოვენ, შემდეგ 5-ს… და საბოლოოდ რამდენიმე ევროს მაინც დაგტყუებენ).

წინასწარ მოიმარაგეთ ერთი მუჭა სიმინდის მარცვალი და ფოტოს გადაღებას სრულიად უფასოდ შეძლებთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, დუომოს წინ, მტრედების გარემოცვაში, სურათის გადაღება საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ.

 

არ მისცეთ საშუალება “შემოგატენონ” უსარგებლო ნივთები

არ მისცეთ საშუალება გარემოვაჭრეებს “ძაფსამაჯურები” შეგაბან, თუნდაც იფიცონ რომ უფასოა. ძაფის გაკეთების შემდეგ, მაინც ფულს მოგთხოვენ და თან თუ უარს ეტყვით, საკმაოდ საშიშ სახეს იღებენ. მერე თანხის გადახდა-არ გადახდა იმაზეა დამოკიდებული, ვისი საშიში სახე გაჭრის და რამდენად მტკიცე ხართ. ამ ჭიდაობაში კი, ფულს თუ არა, დროს მაინც დახარჯავთ, რაც მოგზაურობისას, ფულზე ძვირფასია.

ასევე მოერიდეთ ქუჩაში “ფოვერბანკების” შეძენას, მათი უმეტესობა ხარვეზიანია.

 

 

რეგიონალური და საერთაშორისო ბილეთები ინტერნეტით შეიძინეთ

თუ მილანიდან სხვა ქვეყანაში, ქალაქში ან უბრალოდ ქალაქგარეთ გეგმავთ გასვლას, ბილეთები ჯობს წინასწარ, ინტერნეტით შეიძინოთ.

ამით დაზოგავთ ფულსაც (წინასწარ ყოველთვის იაფია), დროსაც და თავიდან აიცილებთ მოლარეების ცუდი ინგლისურის გამო დაშვებულ შეცდომებს (განსაკუთრებით ერიდეთ ლამპუნანოს სადგურს, საიდანაც ფლიქსბასის ავტობუსები გადის).

 

 

თამთა უთურგაშვილი

მსგავსი თემები