LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წავა თუ არა ღარიბაშვილი მეორედ – ოპოზიციის შეცდომები და შანსები

214
gariba gadadgoma

პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქციები 17 ივლისს დაანონსდა.

მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები გაჩერებას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

საზოგადოების განწყობები გაყოფილია.

როგორ შეიძლება დასრულდეს აქციები. რა შანსები აქვს ოპოზიციას და შესაძლებელია თუ არა პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ წასვლა ვიხილოთ.

 

 

კითხვები  „ფორტუნამ“ ექსპერტებს დაუსვა.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია უბრალოდ ჩქარობს და ბევრ რამეს არ ითვალისწინებს.

„ოპოზიცია, როგორც ყოველთვის ახლაც ჩქარობს, უნდა შედეგის სასწრაფოდ მიღება. იმის მაგივრად, რომ გაეთვალათ და თანმიმდევრულნი ყოფილიყვნენ, ისევ იმ კალაპოტში დაბრუნდნენ, როგორშიც იყვნენ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერამდე. ანუ ისევ არის მოთხოვნა, რომ გადადგეს ხელისუფლება, ისევ არის ბოიკოტის რეჟიმი, ოპოზიცია არ საუბრობს, რა განწყობები აქვს საზოგადოებას და იმის მიხედვით არ ღებულებს გადაწყვეტილებებს. შესაბამისად არმგონია, რომ ეს აქციები შედეგს გამოიღებს და არც ის მგონია, რომ პრემიერი გადადგება.

"შაბათს ყველაფერს გავაჩერებთ" - მედიის წარმომადგენლები 17 ივლისს მასშტაბურ აქციას აანონსებენ

"აქციების არავითარი გადადება და შეწყვეტა არ იქნება" - გიგა მაქარაშვილი.

დღეს პრემიერის გადადგომა ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას ოქტომბრის არჩევნებისთვის. შესაძლოა, პრემიერი გადადგეს, მაგრამ არა ამ ფონზე.

რაც შეეხება  პერმანენტულ აქციებს…  არ ვიცი, რამდენჯერ უნდა ვნახოთ ერთი და იგივე, რომელიც სრულდება ბოლოს იმით, რომ კარავში რჩება ხუთი კაცი.

რამდენჯერ შეიძლება ამ ვარიანტის გამეორება? 2019 წელსაც იგივე მოხდა, შემდეგაც რამდენჯერმე იყო მცდელობა. არაა საზოგადოებაში ასეთი რევოლუციური განწყობა. დღეს გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სინდის-ნამუსი შერჩენია, იტყვის, რომ ძალადობა არ შეიძლება და რომ ეს არ უნდა განმეორდეს და რომ ამაში ხელისუფლებაა დამნაშავე. თავის მართლებები აქ არაფერ შუაშია.

მაგრამ იგივე ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა იტყვის, რომ პერმანენტულ აქციებში არ მიიღებს მონაწილეობას.

ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 30 წელია ამ ქვეყანაში ერთი და იგივე ხდება. არ მახსენდება არც ერთი წელი, ეროვნული მოძრაობიდან მოყოლობული დღემდე, ივლის-აგვისტოში, რაიმე აქციები ყოფილიყოს.

პოლიტიკურად მკვდარი თვეებია. ესეც ხომ არ უნდა გაითვალისწინო, როცა ამბობ, რომ რუსთაველიდან არ წახვალ. არ წახვალ და იქნები იქ, რა პრობლემაა? ერთი კარვები დაანგრიეს, ააშენებენ კიდევ ხუთ კარავს და იქნებიან. რა შედეგი შეიძლება ამას მოჰყვეს?

ოპოზიციას უნდა გამოეყენებინა ყველანაირი მექანიზმი. მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნა. მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობა და პროცესი ისე უნდა წაეყვანა, რომ ოქტომბერში ყოფილიყო მისი რეიტინგის პიკი, რომ ოქტომბრის არჩევნებში თავისთავად მომხდარიყო ის, რაზედაც არის საუბარი. ვადამდელი არჩევნები.

თუ ასე გააგრძელებენ, რა თქმა უნდა, თავის თავს უფრო აზარალებენ, ვიდრე „ქართული ოცნება“. ესაა პრობლემა და რა ვქნა, ამას ვერ ხვდებიან. ექვსი და შვიდი თვე თავიანთი გამოცდილება არ ეყოთ, ისტორიაზე რომ აღარ ვილაპარაკოთ“. – ამბობს ძაბირაძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ კრიზისის პიკში ვართ.

„სამწუხაროდ პერმანენტული აქციების დასასრულს (შედეგს) ვერ დავინახავთ, იმიტომ რომ სრული ქაოსია. შეიძლება, ვთქვათ, რომ კრიზისის პიკში ვართ.

ბუნებრივია, ხელისუფალი თავდაცვის რეჟიმშია. როდესაც ძალაუფლებას ეპოტინები, მით უფრო მეტს აშავებ, რადგან ძალაუფლების გარეშე ვეღარ ხედავ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას.

მათი საქციელი გასაგებია, მაგრამ ეს სახელმწიფოებრივად არის დამაზიანებელი“. – ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

 

რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია

 

„არ მინდა, ამ პროცესს პოლიტიკური ტაქტიკის პრიზმაში  ვუყურო. მით უფრო, რომ ადამიანი გარდაიცვალა. სიმართლე გითხრათ, არც მაქვს ამის განწყობა. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ქულებს იწერენ.

ჩვენი პოლიტიკური ელიტა ასეთია. ხელისუფლება ცდილობს, ეს ყველაფერი გადაფაროს და ყველაფერი წარმოადგინოს, რომ ლეგიტიმურად მოქმედებდა.

ოპოზიცია ცდილობს, რომ რაღაც ააგოს მომხდარზე. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტის ბუნება. თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ოპოზიციას აქვს სალაპარაკო.

ხელისუფლებამ სრულიად დაკარგა ლეგიტიმაცია და რეალური უფლება იმისა რომ ქვეყანა მართოს“. – განმარტავს ექსპერტი.

 

შეცვლის თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს კახა კუჭავა

 

„აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, შეიცვლება თუ არ შეიცვლება პრემიერი. ყველას კარგად ესმის, რომ მათ კაბინეტებს კი აწერია თანამდებობა, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყანაში პრემიერი არ გვყოლია, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ამ თანამდებობიდან წავიდა, ისინი არიან რუხი მასის წარმომადგენლები არიან. ისე გადარგავ-გადმორგავენ, როგორც მოუნდებათ.

 

 

ქვეყნის პირველი პირი, რომელიც კონსტიტუციურად ასრულებს თავის მოვალეობას და ამ მოვლენებზე პასუხისმგებელიცაა, ჩვენ დიდი ხანია, არ გვყოლია.  იმიტომაა ღარიბაშვილზე ლაპარაკი, რომ მისი ხელიდან მოხდა ის, რაც მოხდა.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ღარიბაშვილია ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მთლიანად. იმის ილუზია, რომ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრია, მე არც მქონია. გადადგება, გადმოდგება თუ რას იზამს, რა მნიშვნელობა აქვს?

საზოგადოების განწყობები ახლა არის ძალიან ქაოტური. სტაბილური განწყობა არ არსებობს. ერთის მხრივ ხელისუფლება სპეკულირებს რელიგიურ თემებზე. ანუ პატრიარქის ძალაუფლება უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შეინარჩუნოს. მეორეს მხრივ ოპოზიცია ამას თითქოს ეწინააღმდეგება. ასეთ ვითარებაში ვართ. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ.

„პატრიოტიზმი ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარია“…

პრემიერ-მინისტრი ეფარება პატრიარქის ავტორიტეტს. იცის, რომ თვითონ ნულია. ამიტომ „მე და პატრიარქს ვინ მოგვერევა“-ს პოლიტიკას ატარებს. ამით პატრიარქსაც ზიანს აყენებს.

უნდა, რომ თავისი დანაშაულის თანამონაწილე გახადოს პატრიარქი. თითქოს მას იცავს, თორემ პატრიარქი ღარიბაშვილს რაში აინტერესებს. რა თქმა უნდა, მხოლოდ საკუთარ ტყავზე ფიქრობს. საკუთარი ტყავის გადაჯრჩენა სჭირდება და ამიტომ აპერირებს ამ თემებზე“. – აცხადებს ხუხაშვილი.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძეც ასევე ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ტაქტიკა უნდა შეცვალოს.

„ოპოზიციის ტაქტიკა უნდა იყოს განსხვავებული, რადგან წინა მაგალითების ხარჯზე ხელისუფლებამ უკვე იცის როგორ უნდა მიანელოს პროტესტი და გააქროს ქუჩიდან და აუცილებელია სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი ფორმების მოძიება და ამოქმედება“. – აცხადებს ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, თბილისში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს, ძალადობის მსხვერპლი გახდა, ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.