“გირჩი” განცხადებას ავრცელებს, რის მიხედვითაც ახალგაზრდას, რომელიც 5 ნოემბერს სამტრედიაში გარდაიცვალა მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ის “ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი იყო.

“გირჩი“ იმასაც ამბობს, რომ გარდაცვლილს მღვდელმსახურის მოწმობა უკვე გაუქმებული ჰქონდა, მის ოჯახს კი ახალგაზრდისთვის წესის აგება მართმადიდებლური წესით სურს. თავდაპირველად, მათ ეკლესიისგან უარი მიიღეს იმ დასაბუთებით, რომ მას, “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული.

“წინა კვირის სამშაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან, აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა.

ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს. ამ შემთხვევის გამო, კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად. აღნიშნული ცნობის შესახებ, ოჯახმა შეატყობინა, როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს.

მართლმადიდებელ სასულიერო პირებს გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ, რათა დაგაკავშიროთ დაღუპულის ოჯახს.”-ასე მიმართა “გირჩმა” მართლმადიდებელ სასულიერო პირებს.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა აცხადებს:

“გირჩს შეეხმიანეთ, ისინი ხომ ამბობენ, ეპისკოპოსები ვართო და მღვდლები ვართო, წავიდნენ და თვითონ აუგონ წესი თავიანთ წევრებს,“ – ამბობს მეუფე საბა.

შეგახსენებთ, რომ  “ბიბლიური თავისუფლება” არის “გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერ მსურველზე გასცემს მღვდელმსახურის მოწმობას. აღნიშნულ დოკუმენტს კი 18-27 წლის ბიჭები, ძირითადად, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გარკვეული პერიოდით  თავის დასაღწევად იყენებენ.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები