LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air ქუთაისიდან მიმართულებების დამატებაზე ფიქრობს: „ვაგრძელებთ ავიაციის სექტორის სწრაფ აღდგენას“

78
qvrivishvili1-1-750x430

„ჩვენს სტრატეგიულ ავიაკომპანია Wizz Air-თან შედეგიანი მოლაპარაკებისა და მათი მენეჯმენტის ასევე წარმატებული ვიზიტის შემდეგ საქართველოში, მოხარული ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ფრენები კრაკოვის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანია COVID-პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ ვაგრძელებთ ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას და სწრაფ აღდგენას,“ – ასე შეაფასა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის Wizz Air-ის გადაწყვეტილება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით კიდევ ერთი რეგულარული რეისის დანიშვნის შესახებ.

ფრენები ქუთაისიდან პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით 28 სექტემბრიდან შესრულდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლონეთთან დამატებით კიდევ ერთი პირდაპირი რეისის დანიშვნა ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას.

„პოლონეთი, ტრადიციულად, მნიშვნელოვანი და ძლიერი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვემზადებით შემოდგომისა და ზამთრის ტურისტული სეზონების სათანადო დონეზე წარმართვისთვის და ამ თვალსაზრისით, კიდევ ერთი რეგულარული რეისის დანიშვნა ევროპიდან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქუთაისისა და იმერეთის მხარისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, ავიაკომპანია Wizz Air საქართველოში ფრენების სიხშირეს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესაბამისად ეტაპობრივად ზრდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებაზე ავიაკომპანია Wizz Air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები