LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლომდე თბილისში 8-მეტრიანი ავტობუსები შემოვა

581
avtobusi

თბილისში წლის ბოლოსთვის 220 ახალი, 8-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ავტობუსები თანამედროვე სისტემებით იქნება აღჭურვილი. ექნებათ ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის, ასევე საინფორმაციო ხმოვანი სისტემები, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, USB დამტენები, WI-FI -მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს ავტობუსის WI-FI სიგნალით დაფარვას, ანუ ამ ავტობუსებში შესაძლებელი იქნება უფასო ინტერნეტით სარგებლობა.

“დასრულდა ტენდერი, რომელიც ნოემბერში იყო გამოცხადებული და გაფორმდა ხელშეკრულება 220 ავტობუსის შემოყვანასთან დაკავშირებით. გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია და წლის ბოლოსთვის 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსები უნდა შემოვიდეს. ეს არის ის პროგრამა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა ჩავანაცვლოთ არსებული ყვითელი ავტობუსები, რომლებსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ და სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს როგორც მგზავრებისთვის, ასევე ზოგადად, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ამ მიმართულებითაც არსებული ავტობუსების პარკი არის პრობლემა. შესაბამისად, ჩვენს მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკას მოიცავს, როგორც ავტობუსების ჩანაცვლებას, ასევე მეტროს ვაგონების განახლებას, მოწესრიგებას, არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 8-მეტრიანი ავტობუსების შემდეგ, უახლოეს დღეებში იგეგმება 10-მეტრიანი ავტობუსების წარდგენა, რომლის ნაწილი დედაქალაქში ჩამოსულია და პრეზენტაცია რამდენიმე დღეში მოეწყობა.

 

პოპულალურები