LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალბურთელებმა ევროპა დაიწყეს, საქართველო ორშაბათიდან ჩაერთვება

91

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი დაიწყო. გახსნით მატჩში ესპანეთმა სლოვაკეთ 13:4 აჯობა.
სულ კი მედლებისთვის 16 გუნდი იბრძვის (წინა პირველობაზე 12-მა გუნდმა იასპარეზა).

 

წილისყრით ისინი ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ:

 

A ჯგუფი. ჩერნოგორია, ესპანეთი, ჰოლანდია, სლოვაკეთი;
B ჯგუფი. სერბეთი, ხორვატია, საფრანგეთი, მალტა;
C ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, გერმანია, საქართველო;
D ჯგუფი. უნგრეთი, საბერძნეთი, თურქეთი, რუსეთი.

 
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მეორედ დაიმსახურა.
ჩვენს ჯგუფში აშკარა ფავორიტია იტალია, რაზეც აპენინელთა ტიტულებიც მეტყველებს.

 
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი გახლავთ:
ნიკოლოზ შუბლაძე, ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია, ზურაბ რურუა, მიხეილ ბაღათურია, გიორგი ხვედელიანი, ხვიჩა ჯახაია, რევაზ იმნაიშვილი, კონსტანტინე გეგელაშვილი, ივან სტრუიჩი, მარკო ელეზი, მარკო ელაჩა, ანდრია ბითაძე.

ჩვენი გუნდის ექვსი წყალბურთელი უცხოურ კლუბებში თამაშობს.

 
საქართველო ევროპის ჩემპიონატისთვის საფუძვლიანად მოემზადა. ნაკრებმა ორჯერ საწვრთნელი შეკრება სერბეთში გაიარა.

3 იანვარს საქართველო ჰოლანდიაში ჩავიდა და ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველი მატჩი ჩვენებმა 12:11 მოიგეს, მეორე კი 9:13 დათმეს. შემდეგ კი ნოვი სადში გადაინაცვლეს შეკრებაზე. ხვალიდან კი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვებიან და პირველ შეხვედრაში რუმინელებს დაუპირისპირდებიან.
ქართველ წყალბურთელებს კარპატელებთან ორთაბრძოლების კარგი გამოცდილება დაუგროვდათ, აქამდე ექვსჯერ შეხვედრილან: ორჯერ მოვიგეთ, ოთხჯერ კი წავაგეთ.

 
ბელგრადში, “კომბანკ არენაზე”, რომელიც 12 ათას მაყურებელს იტევს, C ჯგუფის შეხვედრათა განრიგი ასეთია:

11 იანვარი
საქართველო-რუმინეთი 12:30 სთ
გერმანია-იტალია 21:45 სთ

13 იანვარი
საქართველო-გერმანია 12:30 სთ
იტალია-რუმინეთი 21:45 სთ

15 იანვარი
საქართველო-იტალია 20:15 სთ
გერმანია-რუმინეთი 21:45 სთ
საქართველოს ნაკრების მატჩებს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” აჩვენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები