LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე 85 წლის ბრალდებული შეცდომით ჰყავთ დაკავებული – ადვოკატი

699
გამყრელიძე

ყანდაურაში ცოლის-შვილის, რძლისა და ორი ნათესავის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძის ადვოკატი გილერ ენდელაძე აცხადებს, რომ ეს სასტიკი მკვლელობა მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია.

ენდელაძემ „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მკვლელობის იარაღზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის დნმ არ ამოვიდა. ადვოკატი აცხადებს, რომ 85 წლის კაცი შეცდომით ჰყავთ დაკავებული.

„გამოძიება დასრულებული არ არის, თუმცა, მალე დასრულდება და გამოიკვეთება, რომ დაკავებულის მიმართ ბრალი შეცდომით არის წაყენებული. სიმართლე მალე გაირკვევა.

ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გამოძიება სწორ გზაზე დადგება და დაკავებულებს მალე გამოუშვებენ. ომარ გამყრელიძე დამნაშავე არ არის, ეს არ დასტურდება და ვერც დადასტურდება, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა. ომარ გამყრელიძეს ეს საშინელი მკვლელობა არ ჩაუდენია, ეს საქმის მასალებიდანაც ჩანს“, – განაცხადა ენდელაძემ.

ის დამატებით დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაკავებული მამაკაცი პირველივე დღიდან სიმართლეს ამბობდა, როცა აღნიშნულ მკვლელობასთან მის კავშირს გამორიცხავდა.

შეგახსენებთ, ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი ნათესავი მოკლა. 76 წლის მეუღლეს კი თავის არეში ესროლა. დაშავებული ქალი თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ერთი კვირის წინ გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის ერთ-ერთ შვილს, ნოდარ გამყრელიძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შვილიშვილი კი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები