ყოველ მეორე მოსწავლეს სხვადასხვა აზარტული თამაში უთამაშია – ამ საგანგაშო სტატისტიკას არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“ აქვეყნებს. ცენტრის დამფუძნებლის, გუგა ბესელიას თქმით, ორგანიზაციამ კვლევა თბილისის სხვადასხვა უბნის სკოლაში ჩაატარა, სადაც საკამოდ მძიმე სურათი გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების 48% აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს.

„გამოიკითხა 500 მოსწავლე, საიდანაც 55% ბიჭია, ხოლო 49% გოგო. გამოკითხული იყვნენ სკოლის მოსწავლეები მე-9-დან მე-12-ე კლასების ჩათვლით (ასაკობრივი ჯგუფი 14-დან 18 წლამდე). შედეგად, გამოკითხული მოზარდების 49% აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან. სტატისტიკას მნიშვნელოვნად ამძიმებს ის ფაქტი, რომ აშკარად იკვეთება მოთამაშე მოზარდების პროცენტული მაჩვენებლის ზრდა ასაკის მატებასთან ერთად. რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, კვლევის მიხედვით გამოკითხული ბიჭების 56%-ს, ხოლო გოგონების 44%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან,“ – განაცხადა გუგა ბესელიამ.

 

პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო. დამოუკიდებელი დეპუტატი რადიო „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ სათამაშო ბიზნესის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა გავლენიანი მფარველების მიზეზით ვერ ხდება. გოგიჩაიშვილის თქმით, კანონპროექტის ჩაგდებას კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლობირებდა.

„ბუნებრივია, აქ პირადი ინტერესები არის. შეიძლება მერიაშიც მიდიოდეს ეს ინტერესი. პარლამენტის თავმჯდომარე იყო მაგის ლობისტი, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდნილიყო. აღმასრულებელი მდივანს ყოველთვის აქვს შეხება ამ კომპანიასთან, შესაბამისად, ეს კომპანია ძალიან ახლოს არის „ქართულ ოცნებასთან“. კომპანიამ სთხოვა რაღაცის სანაცვლოდ და მათ ეს შეუსრულეს, ამაში ვარ დარწმუნებული, ამ გარიგებას ქვია კორუფცია კლასკური გაგებით. ეს წმინდა კორუფციული გარიგებაა. პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი გავლენა გამოიყენა იმისთვის, რომ საჯარო ინტერესი, კანონპროექტი ჩავარდნილიყო კერძო ინტერესის გამო. დანარჩენი დეპუტატებიც უბრალოდ აყვნენ. ეს კანონი არასრულწლოვნებს ეხება და რაღაც არ გამოჩნდა, რომ მათთვის მნიშველოვანი არიან არასრულწლოვნები და მათი ინტერესები. მათთვის, როგორც ჩანს ინტერესი არის რას ეტყვის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც კორუფციულ გარიგებაში არის კონკრეტულ კომპანიებთან. ამ კანონპროექტს ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ, გაცილებით ხმაურიანი განხილვები იქნება და ვერავინ ვერ აცდება იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ გააკეთეს. არ ვაპირებ იმ დეპუტატებს ავაცილო პასუხისმგებლობა, რომლებმაც სამარცხვინოდ ჩააგდეს ეს კანონპროექტი. ყველაზე სამარცხვინო არის, ადამიანის უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელობა და ახლანდელი იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელობა, სამარცხვინო ადამიანები, უპრინციპოები თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა „ფორტუნასთან“.

დეპუტატმა ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში მოწვეულ პრემიერ-მინისტრს დაუსვა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საკუთარ გუნდს, რომ კანონი დროულად მიიღონ.

“თუ გსურთ ჩემი დამოკიდებულება გაიგოთ, კიდევ ერთხელ მსურს ყველას მოვუწოდო, მათ შორის ჩემს პოლიტიკურ გუნდს, ეს კანონი რაც შეიძლება დროულად არის მისაღები. ხომ აქვს ყველაფერს თავისი ჩარჩო – მე დამაბრალო, რომ აზარტული თამაშების შესახებ კანონის მიღება არ მინდა, როცა მე გავაკეთე პროექტის ინიცირება ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს. მესმის, რომ 2020 წლის არჩენებისთვის ემზადებით, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს უყურებს და ყველაფერს თავისი ჩარჩოები აქვს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ის, რომ აზარტული თამაშების რეკლამირებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს ამას იზიარებს უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი რატი იონათამიშვილი. თუმცა, რაც შეეხება კანონპროექტს, დეპუტატი ამბობს, რომ შესაძლოა ამ კანონპროექტს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ქონდეს და საჭიროა ფუნდამენტური პოლიტიკა.

„ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ჩვენ გვქონდეს ფუნდამენტური პოლიტიკა, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი კანონის მიღებას შეიძლება, მოკლევადიანი ეფექტი ქონდეს. იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩვენ მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი იმისგან, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული აზარტულ თამაშებში, უნდა გაგვაჩნდეს შესაბამისი პოლიტიკა, კონკრეტული რესურსები და კონკრეტული აქტივობებით განმტკიცებული. ეს მიმართულება ცხადია იქნება საკანონმდებლო რეფორმები, მაგრამ მეორეს მხრივ, აუცილებელია ამას მოყვეს ხედვა და შესაბამისი კონცეფცია, რომელიც დაალაგებს თითოეულ ამ საკთხს. ეს არ შეიძლება რომელიმე კონკრეტული, ერთი უწყების პასუხისმგებლობა იყოს. ანუ სახელმწიფოებრივი ხედვა სჭირდება, თავისი განხორციელების  ინსტრუმენტებითაც და ასევე ზედამხედვლების მექანიზმებით. ამ პრინციპს მე სრულიად ვეთანხმები, ვიზიარებ რასაკვირველია. მე უფრო ზუსტად მინდა, რომ ეს საკითხი ორ ჭრილში დავინახოთ ვიდრე ერთი კონკრეტული ინიციატივიდან გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამითი აღმოიფხვრება პრობლემა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, მარტში ჩააგდო. მანამდე საკანონმდებლო პაკეტი ორ თვეზე მეტხანს, კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგში იყო. საკანონმდებლო ინიციატიავს მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კატეგორიები: ანალიტიკა
ნინი ჩუბინიძე
ავტორი

მსგავსი თემები