წერეთლის გამზირზე მდებარე „ემ ბი სი“- ს ფილიალის შენობიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებული. ამის შესახებ შსს-ს წარმომადგენელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

“ღონისძიება წარმატებით დასრულდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ასევე, სპეციალური ოპერატიული მოქმედების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე, შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გააჟღერა კიდეც მედიასაშუალებით და შესაბამისად, დამატებით დეტალებზე მე არ ვისაუბრებ”, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ.

განცხადება გაავრცელა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამაც.

“საბედნიეროდ, ყველაფერი დასრულდა. ყველა მძევალი თავისუფალი, ჯანმრთელი და უვნებელია. “ემბისი”-ს სახელით, დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის”, — აღნიშნავენ კომაპნიაში.

შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით, 16:00 საათზე შეიჭრა. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის​ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.

მსგავსი თემები