LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი გრიპის ვაქცინის შესახებ – რა შემთხვევაშია ის ეფექტური

lela zangurashvili

ექიმი-პედიატრი ლელა ზანგურაშვილი წერს გრიპის ვაქცინის შესახებ გავრველებული ყველა მითის შესახებ.

სოციალურ ქსელში მისი პოსტი პოპულარულია, ამიტომ ჩვენც გთავაზობთ.

“შეკითხვა 1. არსებობს ბევრნაირი გრიპის ვირუსი. ეს ვაქცინა ყველა ტიპის ვირუსის დროს ეფექტურია?

გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად! მზადდება იმის გათვალისწინებით, თუ შემდეგ წელს რომელი შტამითაა მოსალოდნელი ეპიდემია. ამის პროგნოზირებისთვის მთელი წელი აკვირდებიან და სწავლობენ გრიპის ვირუსის გავრცელებას. მას შემდეგ, რაც ასეთი პროგნოზი გაკეთდება, იწყება ვაქცინის წარმოება იმ წელს მოსალოდნელი შტამების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ამინდის პროგნოზის არ იყოს, ზოგჯერ ეს პროგნოზიც ცდება. ან ზოგჯერ გრიპის ვირუსი აღმოჩნდება „ყოჩაღი“ და მნიშვნელოვნად შეიცვლის გენომს. ასეთ წლებში ვაქცინა ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდება ხოლმე. „კარგ“ წლებში ვაქცინის ეფექტურობა საკმაოდ მაღალია და 80-90 პროცენტს აღწევს.
გრიპის ვაქცინას არაფერი აქვს საერთო დანარჩენ ვირუსებთან (ე.წ. გაციება და ა.შ.). ამიტომ გრიპზე აცრილი ადამიანი ჩვეულებრივად ხდება ავად სხვა დაავადებებით. სამაგიეროდ, თუ ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა, მას არ ემართება, ან ძალიან იოლად გადააქვს, მძიმე დაავადება სახელად გრიპი.

შეკითხვა 2. ადამიანის ორგანიზმი ხომ თავად გამოიმუშავებს იმუნიტეტს? ამ ვაქცინის გაკეთება დროთა განმავლობაში ხომ არ დააქვეითებს იმუნიტეტს?

ადამიანის ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს იმ ვირუსების მიმართ, რომელიც მის ორგანიზმში მოხვდება – დაავადების ან აცრის გზით. თუ ვირუსის (მაგ. გრიპის) წინააღმდეგ აცრა არ გაქვთ გაკეთებული, ერთადერთი შანსი იმუნიტეტის გამომუშავების ამ დაავადების გადატანაა. გრიპი კი სულაც არ არის იოლი გადასატანი. ამისთვის არსებობს აცრა. ის არ ასუსტებს ორგანიზმის იმუნიტეტს. პირიქით, აიძულებს გამოიმუშავოს იმუნიტეტი კონკრეტული ვირუსის წინააღმდეგ ამ ვირუსის გადატანის გარეშე.

შეკითხვა 3. 1 წლის ასაკისთვის რამდენად რეკომენდებულია გრიპის საწინააღმდეგო აცრა?

გრიპის საწინააღმდეგო აცრა დაშვებული და რეკომენდებულია 6 თვის ასაკიდან. წლამდე ასაკის ბავშვს ხშირად ნაკლები შეხება აქვთ გარემოსთან, არ დადის ბაღში, დაბადების დღის ცენტრებში და მშობლები ფიქრობენ, რომ მისი აცრა აუცილებელი არ არის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბაღში, სკოლაში მოსიარულე უფროს და-ძმას და მშობლებს თავისუფლად შეუძლიათ გრიპის ვირუსის სახლში „მოტანა“. ამიტომ თუ გადაწყვეტთ ჩვილი ბავშვი არ აცრათ, აუცილებლად ჩაუტარეთ ვაქცინაცია ოჯახის ყველა სხვა წევრს.
აქვე ვიტყვი, რომ თუ ჩვილ ბავშვს რაიმე დაავადება აქვს, რაც მას რისკის ქვეშ აყენებს (მაგ. გულის, ფილტვის დაავადებები), ის აუცილებლად უნდა აიცრას.

შეკითხვა 4. … ახალი შტამების წინაშე ალბათ ისევ უძლურები იქნებიან აცრილები. თუკი შარშან იმ შტამით არ დაავადდა ადამიანი, წელს ხომ ნაკლებია ალბათობა შარშანდელი შეეყაროს…

ყოველ მომდევნო წელს სრულიად განსხვავებული შტამები არ ჩნდება. ვირუსი თანდათან იცვლის „ანტიგენურ შემადგენლობას“ და, როგორც უკვე ვთქვით, მეცნიერები მთელი წელი სწავლობენ ვირუსს, რათა შემდეგ წელს მომზადებული დახვდნენ.

რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ორი წელი ერთი და იგივე შტამი ვრცელდება, შარშან არ დაავადებულ ადამიანს, წელსაც მოუწევს აცრა. ამის მიზეზი მარტივია: თუ შარშან იმიტომ არ დაავადდა, რომ უბრალოდ ეს ვირუსი არ შეხვდა, წელს შეიძლება ასე არ გაუმართლოს. ხოლო თუ იმიტომ არ დაავადდა, რომ აცრილი იყო, აცრას რამდენიმე თვეში „ვადა გასდის“ და წლევანდელი ეპიდემიისთვის საკმარისი დაცვა არ ექნება, ამიტომ წელს ახლიდან უნდა აიცრას”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები