LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე გავრცელებული ფობიები – როგორ დავეხმაროთ ბავშვებს შიშის დამარცხებაში?

852

უშიშრები მხოლოდ ბრიყვები არიან, ჭკვიანი ადამიანები კი, უბრალოდ კარგად მალავენ საკუთარ შიშებს. შიში ბუნებრივი გრძნობაა და სამარცხვინო ამაში არაფერია, რადგან სწორედ ასე ვლინდება  თვითგადარჩენის ინსტინქტი. ზრდასრულებს ეს კარგად ესმით და არასასიამოვნო ემოციებთან ბრძოლაც შეუძლიათ, თუმცა როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს სიბნელის, მარტოობის ან თუნდაც ცხოველების შიშის დამარცხებაში?

* მარტოობის შიში

მარტოობის შიში ყველაზე გავრცელებული ფობიაა 2-3 წლის ბავშვებში  (აღსანიშნავია, რომ მარტო დარჩენის ბიჭებს უფრო ეშინიათ, ვიდრე გოგონებს). ფსიქოლოგების მტკიცებით მარტოობის შიში მოულოდნელი თავდასხმის (როცა ბავშვი მარტოა, ის განსაკუთრებით დაუცველად გრძნობს თავს) ან ზღაპრის ბოროტი პერსონაჟების შიშითაა გამოწვეული. თუ ბავშვი სისტემატურად ურთიერთობს თანატოლებთან, მაშინ მარტოობის შიში ნაკლებად სტანჯავს, თუმცა ხშირად, ზედმეტად მზრუნველი მშობლები არ აძლევენ პატარას საშუალებას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს ფსიქოლოგიური დაცვის საკუთარი მექანიზმები.

მარტოობის დაძლევის საუკეთესო საშუალება ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობაა. არაა აუცილებელი პატარას საბავშვო ბაღში მიყვანა, საკმარისია რეგულარული გასეირნება ეზოში ან სათამაშო მოედანზე, სადაც ბავშვი დამოუკიდებლად, მშობელის მეთვალყურეობის გარეშე გაერთობა სხვა ბავშვებთან.

* ფანტასტიკური პერსონაჟების შიში სიზმრებში

„მონსტრების მრავალრიცხოვანი კორპორაცია“ ბავშვებს 2-6 წლის ასაკში უტევენ. მგლები, ურჩხულები და ბოროტი მბრძანებლები ყველაზე ხშირად იმ პატარებს ესიზმრებათ, ვისაც რთული ურთიერთობა აქვს მამასთან, კუდიანი დედაბრები და ალქაჯები კი, იმ ბავშვებს აშინებენ, ვინც დედასთან ვერ პოულობს საერთო ენას. ჩვეულებრივ, ამგვარი შიშები მკაცრი, უხეში და ემოციონალურად არასტაბილური მშობლების შვილებს ახასიათებთ.

ღამის კოშმარების საუკეთესო პროფილაქტიკა სიმშვიდე, მზრუნველობა და მშობლის მეგობრული დამოკიდებულებაა. ხშირად მოეფერეთ ბავშვს დღის გნმავლობაში, ძილის წინ კი, მაგრად მოეხვიეთ და აკოცეთ. აკონტროლეთ პატარას ძილი, ეცადეთ ბავშვმა დროულად და კარგად განიავებულ ოთახში დაიძინოს.

* ფანტასტიკური პერსონაჟების შიში ცხადში

4-5 წლის ასაკში კოშმარები სიბნელიდან გამოდიან და ბავშვებს დღისითაც აშინებენ. ზოგადად, ნებისმიერი ზღაპრის პერსონაჟი ბავშვისთვის მშობლებთან ასოცირდება – კეთილი გმირები როგორც წესი, იმ პატარებთან „მეგობრობენ“ ვინც მშობლების სიყვარულით და მზრუნველობითაა განებივრებული, ბოროტი პერსონაჟები კი, საკუთარ თავში ჩაკეტილ, შვილების მიმართ გულგრილი უფროსების გვერდით გაზრდილ ბავშვებს აფრთხობენ.

ამ ასაკში შიშთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ხატვაა. შესთავაზეთ პატარას დახატოს საზარელი არსება მისთვის სასურველ სიტუაციაში და სცადოს მასთან დამეგობრება, ან პირიქით – დახატოს და დახიოს საკუთარი ნახატი, რათა სამუდამოდ დაამარცხოს საკუთარი „მტერი“.

* უცხოების შიში

პირველად ამგვარი შიში, ბავშვ რვა თვის ასაკში უჩნდება, როცა მოულოდნელად და უმიზეზოდ იწყებს ტირილს. მართალია, ამ ასაკში ადამიანების შიში ყველა პატარას ახასიათებს, 1 წლის შემდეგ კი, მათ მიმართ ინტერესით იცვლება, მაგრამ ზოგჯერ უცხოებთან კონტაქტის შიში ბავშვს წლების მანძილზე მიჰყვება და ხასიათის თავისებურება ხდება.

რა თქმა უნდა, ხიფათით სავსე თანამედროვე სამყაროში ბავშვი სიფრთხილეს უნდა მიაჩვიოთ, მაგრამ არ ღირს ზედმეტად შეშინება და დევნიის მანიის განვითარება, რადგან ადრეულ ასაკში შეშინებულ ბავშვს ძალიან უჭირს ზრდასრულ ასაკში რეალურ სამყაროსთან ადაპტირება.

* აკვიატებული შიშები

არსებობს შიშები, რომლებიც ბავშვის ფსიქიკაში მიმდინარე არასასიამოვნო ცვლილებებზე მიუთითებენ. სასურველია ამგვარი პრობლემის  დროულად აღმოჩენა და კორექტირება, რადგან უმიზეზო შიშები და ფობიები ჩვეულებრივ, ნევროზის ან შიზოფრენიის დროს ვითარდება.

ყველაზე გავრცელებული ფობიები ამ შემთხვევაში – რაიმეთი დაავადების და სიკვდილის, ღია და დახურული სივრცის, სიბნელისა და მოჩვენებების, ძაღლებისა და მწერების შიშია. მართალია, პატარების გარკვეული შიშები აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ თუ ბავშვს ყველაფრის ერთდროულად ეშინია, ეს უკვე ნევროპათოლოგიური პრობლემებია, ე.წ. ბოდვითი შიშები კი, რომლებიც უმიზეზოდ ჩნდება და მუდმივი განგაშიც ახლავს თან, სერიოზული ფსიქიური დარღვევევის – შიზოფრენიის მანიშნებელია და იშვიათად ექვემდებარება კორექტირებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები