LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე რომანტიკული დანიშნულებების ტოპ–10

582

თუკი სამოგზაუროდ საყვარელ ადამიანთან ერთად მიდიხართ – მაშინ არჩევანი მართლაც ძალიან დიდია. უძველესი ისტორიული დანიშნულებები, ტროპიკული სანაპიროები, დიდი ქალაქები თუ პატარა სოფლები – ადგილის ამორჩევა ინდივიდუალური გემოვნების, ჰობისა თუ სურვილების მიხედვითაა შესაძლებელი. თუმცა, გამოცემა „Add To bucket list” შეეცადა, რომ ყველაზე განსხვავებული ადგილები შეერჩია და შეყვარებულებისთვის განკუთვნილი რეიტინგი შეედგინა.

 

ამსტერდამი

პირველ ადგილს სიაში ამსტერდამი იკავებს. მსოფლიოში ყველაზე ლიბერალური და სტუმართმოყვარე ქალაქი წყვილებს ულამაზეს არხებს, ტიტებით გაფორმებულ ქუჩებს, ველოტურებსა და ენითაღუწერელ რომანტიკას სთავაზობს.

იორდანია

ხოლო, თუკი სილამაზისა და უძველესი კულტურის მიქსის ნახვა გსურთ, მაშინ იორდანიას უნდა ეწვიოთ. შუა აღმოსავლეთის პატარა სამოთხე წყვილებს წითელი ქვიშებით, დაუვიწყარი მზის ჩასვლით, ულამაზესი ცითა და მკვდარი ზღვით ხიბლავს.

თურქეთი

რეიტინგში მოხვდა ასევე თურქეთი, ადგილი სადაც რომანტიკული შვებულებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. მთვარიანი სანაპიროები, ზღაპრული ლანდშაფტები, უნიკალური არქიტექტურა და უგემრიელესი სამზარეულო რომანტიკის შესაქმნელად საუკეთესო რეცეპტია. ადგილობრივების სტუმართმოყვარეობა კი ყველაფერს უფრო სასიამოვნოს გახდის.

ისლანდია

ვის შეუძლია ისლანდის მომაჯადოებელ ცდუნებას გაუძლოს? თუკი თავგადასავალი და ბუნება გიყვართ, მაშინ ისლანდიაზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვით. ცხელი ნაკადულები, ლურჯი ლაგუნა და ულამაზესი ჩრდილოეთის ნათება – ნუთუ ამაზე რომანტიკული შეიძლება რამე იყოს?!

ახალი ზელანდია

ხოლო, თუკი თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი ადრენალინის მაძიებლები ხართ, მაშინ ახალ ზელანდიას უნდა ეწვიოთ. ქალაქები, რომლებიც ერთდროულად მრავალ კულტურას აერთიანებს, თვალწარმტაცი ბუნება და სპორტის მოყვარულთა სამოთხე – ეს მხოლოდ ნაწილია იმ ყველაფრის, რასაც ეს საოცარი ქვეყანა წყვილებს უმზადებს.

ტაილანდი

ყველაზე რომანტიკულ დანიშნულებათა სია ტაილანდის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. უალამაზესი სანაპიროების, ღამის კლუბებისა და გართობის სამყაროს უემოციოდ ვერავინ ტოვებს. ეს არის მართლაც ზღაპრული ადგილი, რომელიც ყველაფერთან ერთად ძალიან ხელმისაწვდომიცაა.

პორტუგალია

ალბათ, როცა რომანტიკაზეა საუაბრი, პორტუგალია სიის სათავეში ვერ მოექცევა, თუმცა სინამდვილეში ეს ქვეყანა სიურპრიზებითაა სავსე. ეს არის უნიკალური კულტურის, ფერების, ხალხისა და უგემრიელესი კერძების მიქსი, რომელიც ყველა წყვილმა უნდა აღმოაჩინოს.

კარტახენა

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ურთიერთობას კიდევ უფრო მეტი რომანტიკა სჭირდება – მაშინ კარტახენაზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვით. კარიბის ზღვის სანაპიროზე გაშენებული კოლუმბიური სამოთხე ვიზიტორებს ულამაზეს კუნძულებს, ვიწრო ქუჩებს და ბევრ საინტერესო ისტორიულ ადგილს სთავაზობს.

ტაორმინა

რომანტიკა იტალიის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია, თუმცა ტურისტებით სავსე რომი და ვენეცია ბევრ წყვილს აფრთხობს. ულამაზესი პატარა ქალაქი – ტაორმინა კი ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებს. ზღვის სანაპიროზე გაშენებული რომანტიკული დასახლება უგემრიელეს საკვებთან და ღვინოსთან ერთად სანატრელ სიმშვიდესაც უზრუნველყოფს.

ბუენოს აირესი

და ბოლოს, ყველაზე რომანტიკულ დანიშნულებათა რეიტინგი ბუენოს აირესის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ტანგოს სამშობლოში განსხვავებული შარმი,  ლათინური ამერიკის რიტმი იგრძნობა. ეს არის გარემო, რომელიც გულგრილს ვერც ერთ შეყვარებულს ვერ დატოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები