LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ კოკაია: „ამ საშინელი პანდემიის დროს ქართველი ექიმების გარჯა, დაგროვილი ცოდნა და ინფორმაცია უგზოუკვლოდ რომ არ დაიკარგოს…“

104
zazakokaia2025

ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კორონავირუსთან დაკავშირებით ქართველი ექიმების მიღებული გამოცდილება არ დაიკარგოს და ეს სხვადასხვა კვლევაში აისახოს, რომელთათვისაც დაფინანსებაა მოსაპოვებელი.

„შარშან, მარტის დასაწყისში, ბრიუსელში ვიყავი ჩასული ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) გრანტების შემფასებელ ერთ-ერთ პანელში რეცენზენტად მონაწილეობის მისაღებად (მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ამ მგზავრობის შემდეგ მთელი წელი ჩავიკეტებოდი შვედეთში და ვერსად ვერ წავიდოდი). როგორც გაირკვა, გვერდზე ოთახში მუშაობდა პანელი, რომელიც აფასებდა ERC-ის მიერ სასწრაფოდ გამოცხადებული კორონავირუსის შემსწავლელი გრანტების კონკურსის შედეგებს. მაშინ არც პანდემია იყო, არც პირბადეები და არც დისტანცირება.

ანუ იმის თქმა მინდა, რომ ევროპის ერთ-ერთი პირველი პასუხი კორონავირუსის გამოჩენაზე იყო დამატებითი დაფინანსების სასწრაფოდ გამოყოფა და საგრანტო კონკურსის გამოცხადება ახალი ვირუსის კვლევებზე. ეს ძალიან პატარა მაგალითია, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს თანამდროვე პროგრესული სამყარო მეცნიერებას და ამის სისწორეში არაერთხელ დაგვარწმუნა დღევანდელმა პანდემიამ….

ჰოდა, ამით იმის თქმა მინდოდა, გულდასაწყვეტია, რომ საქართველომ ვერ/არ გამონახა კორონასთან ბრძოლის ეგიდით მცირედი სახსრებიც კი იმისთვის, განხორციელებულიყო თუნდაც რამდენიმე სამეცნიერო-კლინიკური კვლევა იმ მასალაზე დაყრდნობით, რაც დაგროვდა, ან დღესაც გროვდება საქართველოს კლინიკებში და ჯანდაცვის სისტემაში. შესაძლოა, ასეთი გრანტების კონკურსი გამოცხადდა და მე არაფერი მსმენია.

ორმაგად გულდასაწყვეტია, რადგანაც საქართველოში არსებობს ის კლინიკური და სამეცნიერო პოტენციალი, რომლიც შეძლებდა თავის წვლილის შეტანას კორონავირუსთან ბრძოლის საყოველთაო საქმეში. ამის განხორციელება მიზანმიმართული, კონკურენტული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ობიექტურად შეფასებული პროექტების დაფინანსების გარეშე კი შეუძლებლად მიმაჩნია. მგონია, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან და შესაძლოა ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი გამოძებნოს ან მოიზიდოს სახსრები, რომ მიზანმიმართულად დაფინანსდეს მსგავსი სამეცნიერო-კლინიკური კვლევები (თუნდაც 1 ან 2) და ამ საშინელი პანდემიის დროს ქართველი ექიმების გარჯა, დაგროვილი ცოდნა და ინფორმაცია უგზოუკვლოდ არ დაიკარგოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები