ამ ზამთარს სერიალომანები ნამდვილად არ დარჩებიან გულდაწყვეტილი, რადგან ეკრანებზე რამოდენიმე ახალი სერიალის გარდა, კარგად ნაცნობი და საყვარელი შოუების ახალი სეზონებიც გამოვა. თუ სერიალები გიყვართ და ჯერ არ იცით, რას უყუროთ ზამთარში, არჩევანის გაკეთებაში ,,ვოგი” დაგეხმარებათ. ავტორიტეტულმა გამოცემამ იმ 6 სერიალის სია გამოაქვეყნა, რომელთა მიმართაც ყველაზე დიდი მოლოდინები არსებობს.

„ვიკინგები“ – Vikings

დეკემბერში ეკრანებზე ცნობილი ისტორიული დრამის მეექვსე, უკანასკნელი სეზონი გამოვა. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ შოუ ვიკინგების შესახებაა. ისტორიულ წყაროებთან ერთად მისმა შემოქმედებითმა ჯგუფმა უხვად გამოიყენა სკანდინავიური ლეგენდები დასავლეთის მიწებზე ვიკინგების ლაშქრობების შესახებ. სერიალის უკანასკნელ სეზონში 20 ეპიზოდი იქნება და იგი ჩრდილოელების „აბრეშუმის გზაზე“ მოგზაურობის ამბებთან ერთად გვიამბობს მათ პირველ კონტაქტზე კიევის რუსეთთან.

არხი: History
სერიების რაოდენობა: 20
პრემიერის თარიღი: 2019 წლის 4 დეკემბერი

„ვამპირული ომები“ – V Wars
სერიალომანებს წესით კარგად უნდა ახსოვდეთ იან ზომერჰალდერი, რომელიც „ვამპირის დღიურებში“ სექსუალური ვამპირის, დეიმონ სალვატორის როლს ასრულებდა. ამჯერად მსახიობი საპირისპირო ამპლუაში, ვამპირებზე მონადირის როლში მოგვევლინება. მისი პერსონაჟის, დოქტორი ლუთერ სუონის მთავარი მისია ვამპირებთან ბრძოლაა. გარდა ამისა სუონს საუკეთესო მეგობრის წინააღმდეგ ბრძოლაც უწევს, რომელიც სხვების მსგავსად, სისხლისმსმელ ურჩხულად გადაიქცა.

არხი: Netflix
სერიების რაოდენობა: 10
პრემიერის თარიღი: 2019 წლის 5 დეკემბერი

„საოცარი მისის მეიზელი“ – The Marvelous Mrs. Maisel
2018 წლის ყველაზე პოპულარული კომედიური სერიალი ეკრანებს მესამე სეზონით დაუბრუნდება. სერიალი ქალბატონი მეიზელის შესახებ მოგვითხრობს: დიასახლისის, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად წარმატებულ სთენდაფ-არტისტად იქცა.

არხი: Amazon Prime
სერიების რაოდენობა: 8
პრემიერის თარიღი: 2019 წლის 6 დეკემბერი

„მხედვარი“ – The Witcher
„მხედვარი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფენტეზი-ფრენშაიზია და ბუნებრივია პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის საგის ეკრანიზაციას ფანები სულმოუთქმელად ელიან. მთავარი გმირის, ურჩხულებზე მონადირე გერალტ რივიელის როლში მაყურებელი ჰენრი კევილს იხილავს. შოუს შემოქმედებითი ჯგუფის წევრთა თქმით, ისინი ყველანაირად ეცადნენ, რომ გადაეღოთ შოუ, რომელიც გათვლილი იქნებოდა არა მხოლოდ მაყურებელთა კონკრეტულ სეგმენტზე (ფენტეზის მოყვარულებზე). შესაბამისად, წესით, „მხედვარი“ ყველა სერიალომანის დეკემბერში სანახავი სერიალების სიაში საპატიო ადგილს დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ პირველი სეზონის პრემიერამდე Netflix-მა სერიალის მეორე სეზონი დაამტკიცა.

არხი: Netflix
სერიების რაოდენობა: 8
პრემიერის თარიღი: 2019 წლის 20 დეკემბერი

“უცხო“ – The Outsider
სტივენ კინგის რომანის ადაპტაცია ნამდვილად მოეწონებათ მათ, ვისაც სურდა „ნამდვილი დეტექტივი“ ცოტათი უფრო საშიში ყოფილიყო. მინი-სერიალის სიუჟეტის ცენტრშია ტერი მეიტლანდი, მასწავლებელი და ორი შვილის მამა, რომელსაც 11 წლის ბიჭის მკვლელობაში ადანაშაულებენ. თითის ანაბეჭდები მის დანაშაულს მოწმობენ, მაგრამ სხვა მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ ტერის დანაშაულის ჩადენის დროს ფიზიკურად დანაშაულის ადგილას ყოფნა არ შეეძლო.

არხი: HBO
სერიების რაოდენობა: 10
პრემიერის თარიღი: 2020 წლის 12 იანვარი

„ახალი პაპი“ – The New Pope

როგორც იქნა, მაყურებელი სერიალ „ახალგაზრდა პაპის“ გაგრძელებას იხილავს. სერიალში მთავარ როლებს ჯონ მალკოვიჩი და ჯუდ ლოუ ასრულებენ, მოწვეულ ვარსკვლავთა შორის კი შერონ სტოუნი და მერლინ მენსონი არიან. „ახალგაზრდა პაპი“ რომის გამოგონილ პაპზე, პიუს XIII-ზე მოგვითხრობს, რომლის როლსაც ჯუდ ლოუ ასრულებს. „ახალ პაპში“ ჯუდ ლოუს გმირი კომაშია, მის ადგილს კი პონტიფექსი იოანე პავლე III იკავებს, რომლის როლშიც ჯონ მალკოვიჩს ვიხილავთ.

არხი: Sky Atlantic, HBO, Canal+
სერიების რაოდენობა: 9
პრემიერის თარიღი: 2020 წლის 10 იანვარი

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები