LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის ზღაპარი ზღვის დონიდან 2348 მეტრზე – „ბონ ვოიაჟი“

185
IMG-5581-(20150817075902)

მესტიიდან 8 კილომეტრში ზღვის დონიდან 2348 მეტრ სიმაღლეზე მომაჯადოებელი სილამაზის მქონე ზამთრის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე აღმოჩნდებით. სათხილამურო ტრასის ზევით, უმშვენიერესი არყის ტყე, დიადი უშბის მყინვარი და თეთნულდის კალთების ხედი იშლება. „ბონ ვოიაჟი“ კურორტის შესახებ გიამბობთ,სადაც ზამთრის ტურის დაგეგმვა ნამდვილად ღირს.

მესტიიდან ჰაწვალზე მარტივად სამანქანო გზით ან საბაგიროთი მოხვდებით. კურორტზე მოქმედებს 4 საბაგირო,მათ შორისაა: საბაგირო ჰაწვალი რომელიც  სტარტს მესტიაში იღებს, სლალომი და ბიგელი საბაგიროები, რომლებიც დამწყებთათვის არის გათვლილი და მთავარი საბაგირო ზურულდი, რომლითაც მოთხილამურეები სარგებლობენ.

სათხილამუროდ ასულებს აქ 5 ტრასა დაგხვდებათ,მათგან ორი დამწყებთათვისაა,რომელთა სიგრძეც 550 მეტრია. საშუალო დონის და პროფესიონალ მოთხილამურეებს შეუძლიათ ისარგებლონ საბაგირო ზურულდით და დაეშვან რთულ, ან საშუალო დონის ტრასებზე. თუმცა ექსტრემისა და მეტი თავგადასავლისთვის პროფესიონალ მოთხილამურეებს  ციცაბო ფერდობებსა და ხშირ ტყეში სრიალიც შეუძლიათ.

აქვე გეტყვით, რომ ჰაწვალზე სრიალი ღამითაც შეგიძლიათ რადგან შესაბამისი განათებაა დამონტაჟებული.  მეტი ექსტრემის მოყვარულთათვის ჰაწვალიდან 15 კილომეტრში მდებარეობს თეთნულდის სათხილამურო კურორტი. აქ შეხვდებით უფრო გრძელ სათხილამურო ტრასებს და საოცარ ადგილებს გაუკვალავ თოვლში სასრიალოდ.

ჰაწვალის ფერდობები დაფარულია ხშირი ტყით, რაც ამცირებს ზვავსაშიშროებას და უფრო უსაფრთხოს ხდის გაუკვალავ თოვლში სრიალს. კურორტი ჰაწვალი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს,თუმცა ზამთარი და ზაფხული ყველაზე ხალხმრავალი სეზონებია.

რაც შეეხება ღამის გასათევ ადგილებს, ვიზიტორებს, როგორც ჰაწვალზე ასევე მესტიაში სხვადასხვა ტიპისა და დონის სასტუმროები ელით. კვების ობიექტებს ჰაწვალზეც ნახავთ, ასევე მესტიაში სასიამოვნოდ დაღლილებმა თბილ გარემოში შეგიძლიათ მოიკალათოთ, მიირთვათ ღვინო და დააგემოვნოთ სვანური კერძები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები