LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიაქოს ნიშნების წარმატების ფორმულა, ინდივიდუალური შანსები და შესაძლებლობები – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა „ასტრომაგია”

28
bzekalavasofia

13 ნოემბერს ავტორადიოს ეთერში, საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ ასტროფსიქოლოგმა სოფია ბზეკალავამ საინტერესო და მეტად აქტუალურ თემაზე – ზოდიაქოს ნიშნების წარმატების ფორმულაზე, ინდივიდუალურ შანსებსა და შესაძლებლობაზე ისაუბრა.

რას ნიშნავს წარმატება 

მართალია, არსებობს გარკვეული ფორმულა, რომელსაც ზოდიაქოს ნიშანთან ერთად ხასიათის თავისებურებებიც განსაზღვრავს, მაგრამ წარმატების მთავარ ფაქტორად მაინც საკუთარი თავის რწმენა ითვლება!

თვითრწმენა არა თანდაყოლილი, არამედ ასაკთან ერთად გამომუშავებული თვისებაა, რომელსაც პირველ რიგში ნეგატიური გარემო განაპირობებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი განიცდის მარცხს, ხშირად ხდება დაცინვის და დამცირების მსხვერპლი, თუმცა ზოგი პირველსავე სირთულეს ნებდება და უარს ამბობს ბრძოლაზე, ზოგი კი, პირიქით – ჯიუტად მიიწევს მიზნისკენ და სჯერა, რომ ოდესმე აუცილებლად მიაღწევს სასურველ შედეგს.

შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ ასტროლოგიას ხშირად ფსიქოლოგიის უმცროს დას უწოდებენ, რადგან პირადი ჰოროსკოპის შედგენისას ასტროლოგი სწორედ იმ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს ითვალისწინებს რომელიც ადამიანს დაბადებით დაჰყვა, ყურადღებას ამახვილებს მის სენსიტიურობასა და მორალურ სიძლიერეზე, ბავშვობიდან გამოყოლილ კომპლექსებსა და ფსიქოლოგიურ ტრავმებზე.

მიზანდასახულ და წარმატებულ ადამიანს ყოველთვის რთული ჰოროსკოპი აქვს, რადგან ერთის მხრივ, მძიმე, პრობლემებით სავსე ბავშვობა გაიარა – მარცხის, დაცინვის და დაუფასებლობის ჩათვლით, მეორეს მხრივ კი, მაინც შეძლო ოპტიმიზმის, იმედის შენარჩუნება. გამომდინარე აქედან, ნებისმიერს შეუძლია გახდეს წარმატებული, მთავარია, არ გატყდეს და არ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა. სხვათაშორის, სიტყვას და ფიქრს უზარმაზარი ძალა  და მატერიალიზაციის უნარი აქვს, ამიტომ შემთხვევითი არაა ასტროლოგიის მთავარი დევიზი: „სამყარო კანონზომიერია და ყველაფერი, რასაც გავცემთ აუცილებლად უკან გვიბრუნდება!“

აღსანიშნავია, რომ წარმატების მისაღწევად არაა აუცილებელი განსაკუთრებული განათლების ან არაჩვეულებრივი უნარის ქონა. მეტიც, საოცარი ნიჭის მიუხედავად, ბევრი ვერასდროს აღწევს წარმატებას, რადგან არ სჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების, მაშინ როცა, ყველა წარმატებული ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ უნიკალურობაში.

ასტროლოგები ხშირად მიმართავენ გამოთქმას: „აანთე მზე!“ რადგან სწორედ მზეა სითბოსა და სიკაშკაშის სიმბოლო. თუ დაბადებისას ადამიანის ზოდიაქოს ნიშანში მზე იყო, მაშინ მას აუცილებლად ექნება საკუთარი თავის რწმენა, ამასთანავე, რაც უფრო ძლიერია მზე, მით უფრო მაღალია წარმატების შანსი, თუმცა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებას.

შესაძლებელია მზის „დაზიანებაც“ – როცა ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის პროექციას ადამიანი უკვე ზრდასრულ ასაკში ახდენს, ვერ აკეთებს არჩევანს სასიამოვნო და სავალდებულო საქმეს შორის და სწორედ ამიტომ ვერ ახერხებს საკუთარი მზის ანთებას.

ზოდიაქოს ნიშნების წარმატების შანსები 

ვერძი -ერთის მხრივ, ეგოისტ და საკუთარ თავში უზომოდ შეყვარებულ, მეორეს მხრივ –  მებრძოლ და საოცარი შესაძლებლობების პატრონ ვერძს, ყოველთვის სჯერა საკუთარი უნიკალურობის, თუმცა როგორ მარტივადაც აღწევს წარმატებას, ზუსტად ისე მარტივად შეუძლია მისი დაკარგვა, რადგან დიპლომატიას მოკლებული, ყველსათან უხეში და უტაქტოა. თუ ვერძის გამოცდა გსურთ, მაშინ ურთულესი ამოცანა დაუსახეთ და სრულად დარწმუნდებით მის შესაძლებლობებში, რადგან რისკის მოყვარული ვერძი, რომელიც არავის უთმობს პირველობას, ნებისმიერ ფასად დაგიმტკიცებთ საკუთარ უპირატესობას. ზოდიაქოს ეს ნიშანი ყოველთვის ენთუზიაზმითაა სავსე, მთელი გულით აკეთებს ნებისმიერ საქმეს და ერთნაირად წარმატებულია როგორც პიარის, მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, ისე სპორტსა და სამხედრო სამსახურში.

კურო – ზანტი და აუჩქარებელი კურო, რომელსაც ცხოვრების საკუთარი რიტმი აქვს, ყველაფრს ეტაპობრივად აკეთებს, იშვიათად გადადის შტურმზე და თავბრუდამხვევ კარიერასაც სტაბილური სამსახური ურჩევნია. მართალია, ნაკლებად მატერიალისტია, მაგრამ ძალიან უყვარს კომფოტი და კარგად იცის, რომ სწორედ ფული აძლევს ფუფუნებაში ცხოვრების საშუალებას. ფრთხილ კუროს ნაკლებად ხიბლავს რისკი და ავანტურა, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ფიქრობს და მხოლოდ ყველაფრის კარგად გათვლის შემდეგ გადადის მოქმედებაზე. თუ კუროს წარმატების მიღწევა სურს, მაშინ აუცილებლად უნდა გარისკოს და მიიღოს შეთავაზებული სიახლეები, რადგან ცვლილებების უგულველყოფით, როცა ძალიან უჭირს ჩვეული გარემოს და კომფორტის ზონის დატოვება, უამრავ პერსპექტიულ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან.

ტყუპები – ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ცნობისმოყვარე და სულსწრაფი ტყუპები საოცრად გონებამახვილები, მრავალმხრივი ნიჭით და სხარტი აზროვნების უნარით დაჯილდოვებული ადამიანები არიან, თუმცა  ძალიან არ უყვართ საქმის ბოლომდე მიყვანა. თუ ტყუპებს წარმატების მიღწევა სურთ, აუცილებლად უნდა ისწავლონ დაწყებულის დასრულება და არასდროს ეცადონ, საკუთარი საქმის სხვისთვის გადაბარებას.

კირჩხიბი – სენსიტიური და ემოციური კირჩხიბი საკმაოდ ფრთხილია, არ უყვარს გარისკვა და  დაუფიქრებლად მოქმედება, რადგან ნებისმიერი მარცხის შემდეგ დიდი ხნით კარგავს საკუთარი თავის რწმენას. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ბევრად მოსახერხებელია ყველა შესაძლო ვარიანტის, ე.წ. შემოვლითი გზების შესწავლა და გადაწყვეტილების მხოლოდ შემდეგ მიღება, თუმცა ხანგრძლიბვი ფიქრის და ყოყმანის გამო, ხშირად კარგავს უნიკალურ შესაძლებლობებს. ამასთანავე, კირჩხიბი, რომლისთვისაც მთავარი ოჯახია, ხშირად ამბობს უარს კარიერაზე ახლობლების სასარგებლოდ, განსაკუთრებით ქალბატონები გამოირჩევიან ოჯახის სიყვარულით, რომლებიც თავისუფლად ტოვებენ სამსახურს დედობის სანაცვლოდ.

ლომი – მზის მფარველობის ქვეშ მყოფი ლომი, რომელიც დაბადებიდანაა მზის ენერგეტიკით დაჯილდოვებული, დარწმუნებულია რომ სხვებზე უკეთესი და უნიკალურია. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუდმივად კაშკაში, ყურადღების ცენტრში ყოფნა და თუ კარიერის გაკეთება ვერ შეძლო, მაშინ ოჯახის წევრებს აიძულებს მუდმივად აპლოდირებას. საკუთარ თავში შეყვარებული, ეგოისტი ლომი, რომელიც ვერასდროს ამჩნევს გარშემომყოფებს, ყველგან წარმატებულია, სადაც ფართო პუბლიკის წინაშე, საჯაროდ გამოსვლაა საჭირო. სხვათაშორის, ლომს ძალიან უყვარს ქათინაურები, რითაც ხშირად სარგებლობენ მანიპულატორობი და სწორედ ასე მოიპოვებენ მის კეთილგანწყობას.

ქალწული – ტყუპების მსგავსად პლანეტა მერკურის მფარვლობის ქვეშ მყოფ, საოცრად ნიჭიერ და შრომისმოყვარე ქალწულსაც არაჩვეულებრივი ანალიტიკური ნიჭი აქვს და არასდროს იშურებს ძალას მიზნის მისაღწევად, თუმცა ზოგჯერ თვითრწმენა აკლია, რაც ხშირად მარცხის მიზეზიც ხდება. საოცრად თვითკრიტიკული ქალწული ყოველთვის უკმაყოფილოა როგორც საკუთარი თავით, ისე გარშემომყოფებით, რადგან ბუნებით პერფექციონისტი ვერ იტანს ქაოსს, მტკივნეულად აღიქვამს ყველა ნაკლოვანებას და მუდმივად ყველაფრის დახვეწას, სრულყოფას ცდილობს.

სასწორი – საოცრად დიპლომატიური, სამართლიანი სასწორის მთავარი პრობლემა გარშემომყოფთა გავლენა და მათი აზრის ზედმეტად გათვალისწინებაა, ყოველთვის ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება და პოზიტიურ შანსსაც ხშირად უშვებს ხელიდან. თუ ქალწულს წარმატების მიღწევა სურს, ნაკლებად უნდა გაითვალისწინოს სხვათა აზრი, გამოიჩინოს მეტი პრინციპულობა და არასდროს შეეშინდეს რისკის.

მორიელი – მებრძოლი მორიელი ექსტრემალურ სიტუაციაში უფრო კარგად გრძნობს თავს, ვიდრე მშვიდ გარემოში, ძალიან მოსწონს კონკურენცია და უპირობო გამარჯვების მოპოვება. საოცარი მოთმინების პატრონს წლობით შეუძლია საკუთარი შანსის ლოდინი და ხშირად წარმატებისაც აღწევს  განუსაზღვრელ ძალაუფლებასთან ერთად. სამწუხაროდ, ვერშემდგარი მორიელი ძალიან მძიმე, დესტრუქციული ადამიანია და თვითგანადგურებისკენაა მიდრეკილი. ასე რომ, თუ მას წარმატების მოპოვება უნდა, პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა იმუშავოს, მეტად გაიხსნას და სამყაროსაც უფრო პოზიტიურად შეხედოს.

მშვილდოსანი – ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე იღბლიან მშვილდოსანს ყოველთვის მარტივად გამოსდის გარშემომყოფთა მოხიბვლა და მეგობარიც უამრავი ჰყავს, ყველას უანგაროდ ეხმარება და მათ სასარგებლოდ არც საკუთარ ინტერესების დათმობაზე ამბობს უარს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ გაცემულს ათმაგად იბრუნებს და სამყაროც ყოველთვის პოზიტიური შესაძლებლობებით ანებივრებს.

თხის რქა – დისციპლინისა და წესრიგზე პასუხისმგებელი სატურნის მფარველობის ქვეშ მყოფი, ერთდროულად მშრომელი, ჯიუტი და ამბიციური თხის რქა ნაკლებადაა მიდრეკილი ილუზიებისკენ და ყოველთვის ობიექტურად აფასებს სიტუაციას, თუმცა ზედმეტად პესიმისტია და პრობლემებს უფრო ხშირად ამჩნევს, ვიდრე სასიკეთო შანსებს. თუ ზოდიაქოს ამ ნიშანს წარმატების მიღწევა სურს, აუცილებლად მშვილდოსანს უნდა დაესესხოს ოპტიმიზმს, რათა არ დანებდეს მარცხს და ჩვეული სიჯიუტით გააგრძელოს სვლა მიზნისკენ, მით უფრო, რომ არც გამძლეობა აკლია, არც ბრძოლისუნარიანობის სიმცირეს უჩივის.

მერწყული – მართალია, ურანისა და სატურნის მფარველობის ქვეშ მყოფ, საოცრად ნიჭიერ, ორიგინალურ და არაორდინალურ მერწყულს წარმატების მიღწევის უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ ძალიან არ უყვარს დამოუკიდებლად მოქმედება და ზედმეტად კოლექტივისტი, ყოველთვის მეგობრებსა, კოლეგებსა და ჯგუფურ საქმიანობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მერწყულისთვის გუნდისა და თანამოაზრეების სწორად შერჩევა.

თევზები – ნეპტუნის მფარველობის ქვეშ მყოფი თევზები განსაკუთრებული სულიერებით გამოირჩევიან, თუმცა პასიურებს, პრინციპულობას და ბრძოლის უნარს მოკლებულებს ძალიან უყვართ უმოქმედობა და ილუზიებით ცხოვრება, აქტიურობის ნაცვლად, ყოველთვის დინებას მიჰყვებიან და განსაკუთრებით კარგად გამოსდით ჯერ დაგეგმვა, მერე გავლენიანი ადამიანების, მეცენატების ლოდინი, ვინც მხარში ამოუდგებათ და მიზნის მიღწევაში დაეხმარებათ, იმედგაცრუების შემთხვევაში კი, მთელ სამყაროზე ბრაზდებიან, რადგან სჯერათ, რომ ბევრად მეტს იმსახურებენ. წარმატების მისაღწევად, თევზევბმა ილუზიების და აუცილებლად სხვათა დახმარების გარეშე ცხოვრება უნდა ისწავლონ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები