LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ გურული ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებზე – „კოვიდპანდემიის შემდეგ ამ მოძრაობის რიგები დაახლოებით ათი მილიონი „მებრძოლით“ გაიზარდა…“

92
1582991636-181461

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი,ზურაბ გურული  სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „ანტივაქსერთა საგად“ ასათაურებს და მოჰყავს არგუმენტები იმ აზრის გასამყარებლად, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებთან კამათი.

„რას უფრო დიდი სიამოვნებით უყურებთ ან წაიკითხავთ, მშრალ დოკუმენტურ ფილმს ან პროზას, თუ საინტერესო ინტრიგებით ჩახლართულ მხატვრულ ფილმს ან ნაწარმოებს?…

სწორედ ეს ფენომენი მუშაობს, როდესაც საშუალო სტატისტიკური მოქალაქე კითხულობს ან ისმენს მშრალ, ნაირნაირი, გაუგებარი გრაფიკებითა თუ გამოთვლებით ლოგიკურად აგებულ სამეცნიერო მტკიცებულებებს და კონსპირაციის თეორიებზე აგებულ ათასგვარ ფანტასმაგორიას, სადაც მთავარ როლებში არიან იდუმალი, ყოვლისშემძლე მასონები, გავლენიანი მეცნიერები, მილიარდერები, რომლებიც ცდილობენ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის დამონებას, რობოტებად და ზომბებად ქცევას და ა.შ.

კონსპირაციის თეორიები ადვილი გასაგებია, მიმზიდველია. თავად შეგიძლია ჩაება მის შეთხზვაში, „ფაქტებით“ გამდიდრებაში; პარალელურად თავი წარმოიდგინო დაუნდობელ, ცბიერ ჯაშუშებთან მებრძოლ გმირად; ან მოხერხებულ, გონიერ მეცნიერად, რომელიც არ დაუშვებს ფაქტების გაყალბებას და მომაკვდინებელი საფრთხისაგან იხსნის საკუთარ ახლობლებსა თუ მთელ კაცობრიობას.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეკამათებით მშრალი მოსაწყენი ფაქტებით შეიარაღებულ პროფესიონალს, რომელიც მშვიდად გიხსნით აქსიომებად ქცეულ ჭეშმარიტებას. თქვენ არა გაქვთ არც ცოდნა, არც საკმარისი მჭევრმეტყველება, რომ არგუმენტებით გააცამტვეროთ მოწინააღმდეგე. სამაგიეროდ თქვენს მხარეზეა მაყურებელთა უმრავლესობა, რომელსაც ქვეცნობიერი გაღიზიანება ამოძრავებს თავდაჯერებული ავტორიტეტის მიმართ და სურს მისი გაცამტვერება. თქვენ მას უტევთ თქვენ მიერ შეთხზული ფაქტებით, ამ ფაქტებზე აგებული ლოგიკით და მოულოდნელად ხდებით თქვენნაირების ლიდერი, რადგან საუბრობთ მათთვის ადვილად გასაგები ენით და მათ ძალიან ადვილად შეუძლიათ თქვენთან არაერთი ყოფითი პარალელის გავლება; „ჩაგრულები“ ხომ ყოველთვის ჭარბობენ „მჩაგვრელებს“.

ასეთია იმ ლოგიკური ფენომენის არსი, რამაც ანტივაქსერული მოძრაობა ახალ სიმაღლეებზე ატყორცნა. კოვიდპანდემიის შემდეგ ამ მოძრაობის რიგები დაახლოებით ათი მილიონი „მებრძოლით“ გაიზარდა.

ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მხოლოდ „ფეისბუქზე“ 31 მილიონი ადამიანია გაერთიანებული ანტივაქსერულ ჯგუფებში; 17 მილიონი პარალელურად ანალოგიური შინაარსის ვიდეო-ლიტერატურის გამომწერია „იუთუბზე“. ეს ყველაფერი უზარმაზარ ფინანსურ მოგებასთან არის დაკავშირებული.

როგორ?… რეკლამებით. სპეციალური გამოთვლებით დადგენილია, რომ ამ ჯგუფებს თავიანთი სოციალური ანგარიშების მეშვეობით მილიარდ დოლარზე მეტი მოგება მოაქვთ მხოლოდ ფეისბუქსა და ტვიტერზე. საინტერესო გამოკვლევის მიხედვით, რომელშიც დაახლოებით 1700-მდე ადამიანი მონაწილეობდა, აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც პანდემიის შესახებ ინფორმაციას სოცქსელებიდან იღებდნენ, ბევრად უფრო თავშეკავებულები არიან კოვიდის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით.

ცხადია, ზუსტად იგივე ტაქტიკით და პრინციპებით მოქმედებს ქართული ფეისბუქიც. მასის მიზიდვა რეიტინგის ასაწევად ხდება მყვირალა სათაურებით, რომელთა 99.99 %-ს არაფერი აქვს საერთო არც სტატიების შინაარსთან და რაც ელემენტარულ ლოგიკასთან; მაგრამ რაც უფრო აბსურდულია სათაური, მით უფრო მიმზიდველია ბრბოსათვის. კოვიდმა ფართო ასპარეზი გაუშალა უამრავ თაღლითსა და სალოსს; ასევე გაიძვერა ანტერპრენიორებსაც, რომლებმაც მრავალათასიანი მიმდევრებით გაძეძგილ ფეისბუქ-გვერდებზე სარფიანი ბიზნესი დაატრიალეს.

ამ სივრცის კონტროლი ქართულ სახელმწიფოს არ შეუძლია, რადგან ის საერთაშორისო სამყაროს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

წარმოუდგენლად დიდი გავლენა აქვს ქართულ ციფრულ სფეროზე რუსეთს. რუსულის მეტ-ნაკლებად მცოდნეთა რაოდენობა არსებითად აღემატება ინგლისურის მცოდნეთა რიცხვს. ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა არანაირად არ არის დაინტერესებული სამედიცინო თემატიკით, სამაგიეროდ, ასაკოვანთა ასევე აბსოლუტური უმრავლესობა დიდი ინტერესით ეტანება ამ სფეროს. აქედან გამომდინარე, ქართული ციფრული სოციუმი რუსული სამეცნიერო ნაყალბევის სრული კონტროლის ქვეშ არის მოქცეული. სხვათაშორის, ეს ეხება პოლიტიკის სფეროსაც.

რა არის გამოსავალი?

ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ საჭიროა ყალბისმქმნელთა და სიყალბის გამავრცელებელთა მაქსიმალური დაბლოკვა. ფეისბუქმა და ტვიტერმა უკვე სცადეს ასეთი კამპანიის წამოწყება, მაგრამ ბევრი გონიერი პროფესიონალი უკიდურესად შეშფოთდა ამ ტენდენციით, რადგან აკრძალვა და ტრიბუნის წართმევა ჯერ ერთი ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საწყისი გახდება აუცილებლად და მეორეც, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს საფუძველს ახალი კონსპირაციული თეორიებისათვის.

კამათი?.. ანტივაქსერ ფუნდამენტალისტებთან კამათი სრული უაზრობაა, რადგან ისინი არასოდეს შეიცვლიან საკუთარ პოზიციას. მაგრამ კამათი აუცილებელია, რადგან ფუნდამენტალისტების რაოდენობას ბევრად აღემატება ე.წ. მერყევთა სპექტრი, რომელთა დარწმუნებას სტრატეგიული სახელმწიფო მნიშვნელობა აქვს და მათ უნდა მოისმინონ განსხვავებული, დამაჯერებელი არგუმენტები.

ცნობილ ჟურნალ „Nature“-ში გამოქვეყნებული საინტერესო კვლევის თანახმად, რომელმაც ვაქცინაციასთან დაკავშირებული მოსაზრებების განაწილების ვიზუალური რუკები შექმნა, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად შეფარდებითი მცირერიცხოვნობისა, ანტივაქსერული ჯგუფების „ვირტულურ-ციფრული ხმა“ ბევრად უფრო მძლავრი და საინტერესოა მასებისათვის, ვიდრე მეცნიერული ჭეშმარიტება და დაახლოებით ერთი დეკადის განმავლობაში ისინი აბსოლუტურ უმრავლესობაში იქნებიან, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. გაითვალისწინეთ, რომ ანტივაქსერობა სოციალურ-პოლიტიკური მრწამსია და არა უბრალოდ ვაქცინის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა.

რამდენად მოახერხებს მსოფლიო ამ მომაკვდინებელი მარყუჟიდან გამოსვლას, კოვიდ-ვაქცინაციის მაგალითზეც კარგად გამოჩნდება. საოცარი პარადოქსია თავისთავად, რადგან მეცნიერთა მიერ შექმნილი ვირტუალური სივრცე ფსევდო-ინტელექტის კონტროლის ქვეშ ექცევა ნელ-ნელა. თუმცა, არის კი პარადოქსი?

სამყაროს პროგრესის არსი ხომ ყველაფრის გართულებით ყველაფრის გამარტივებაშია?…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები