ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„მან თქვა, რომ მე არ ვარ პრეზიდენტი ქვეყნის, მე ვარ ფრანგი პენსიონერი,“ – ასე აფასებს  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენციას. როგორც რუსთავი 2 -თან საუბარში მელია აღნიშნავს, ზურაბიშვილის განცხადებებმა აშკარა გახადა, რომ პრეზიდენტი პოლიტიკას ემიჯნება და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

„მან თქვა, რომ არ მაინტერესებს არაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. არ მაინტერესებს, რა ხდება სასამართლო სისტემაში. არ მაინტერესებს რა ხდება უკრაინაში, არ მივულოცავ უკრაინელებს, კონფლიქტი არის მართველ გუნდში? არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს, რატომ? იმიტომ, რომ მე ვარ ფრანგი პენსიონერიო და მეცით პატივი, როგორც ფრანგ პენსიონერსო,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

პრეზიდენტის განცხადებებს კრიტიკულად აფასებს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე. ოთარ კახიძისთვის მიუღებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავოს და უმნიშვნელოვანეს საკითხზე, მათ შორის, სასამართლო სისტემაზე არ ისაუბროს.

ოთარ კახიძე პრეზიდენტს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების გამოც აკრიტიკებს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის თქმით, მაშინ როდესაც არაკომპეტენტურობის გამო ზურაბიშვილი სასამართლო სისტემაზე საუბარს თავს არიდებს, მისი პირველი საპრეზიდენტო ინიციატივა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების თემას ეხება.

„სალომე ზურაბიშვილი არ არის არჩეული პრეზიდენტად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შედეგად. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს. მას არ ესმის, რომ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო საკითხია, მართლმსაჯულება, როგორი უნდა იყოს ქვეყანაში და წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირს, პრეზიდენტს ამაზე პოზიცია არ ჰქონდეს, ასევე, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მეგობარ, პარტნიორ სახელმწიფოს არ მიულოცო უდიდესი წარმატება. საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში, მათ შორის, პრეზიდენტი წარმოადგენს და ესეც გაუგებარია, რატომ არ აფასებს ამ მოვლენას. რაც შეეხება ცილისწამების საკითხს, აქაც საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ჯერ ამბობს, რომ თითქოს, კომპეტენცია არ ჰყოფნის, რომ პოზიცია დააფიქსიროს მართლმსაჯულების საკითხზე, სამაგიეროდ კომპეტენტურად გვევლინება საკმაოდ მავნებლური იდეის შემოთავაზებაში, რაც გულისხმობს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ,უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სადავო სიის შეფასებისგან პრეზიდენტი თავს იკავებს. სახელმწიფო მეთაური ფიქრობს, რომ ის პოლიტიკური პერსონა არ არის, ამ არგუმენტით კი კონკრეტულ მოსამართლეებზე აზრის გამოხატვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. რაც შეეეხება საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ უთანხმოებას, სალომე ზურაბიშვილი არც ამ პროცესში აპირებს ჩართვას.

დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საკუთარ ხელფასზე უარს ამბობს და მისი ინიციატივით ეს თანხა სპეციალურ ფონდში გადაირიცხება. თავად ზურაბიშვილი კი საფრანგეთიდან მიღებული პენსიით იცხოვრებს.

მსგავსი თემები