LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 ივნისს The Black Eyed Peas-ის კონცერტით გაიხსნება „ბლექ სი არენა” – ტატო ხარჩილავა „არტ-FM“-ში

13
tatoxarchilavaartfm

14 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“, „ბლექ სი არენას” ახალი დირექტორი ტატო ხარჩილავა სტუმრობდა, რომელმაც სულ რამდენიმე თვის წინ ჩაიბარა საქართველოს ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზის ხელმძღვანელობა და აქტიურად შეუდგა სეზონის გახსნისთვის მუშაობას.

– ტატო,  რა გაიფიქრეთ პირველი, როცა „ბლექ სი არენას” დირექტორად დაინიშნეთ?

– სიმართლე ვთქვა, ცოტა შიში დამეუფლა, რადგან „ბლექ სი არენას” უზარმაზარი სახელმწიფოებრივი ორგანიზმია, რომელის ხელმძღვანელობა მართლაც ძალიან საპასუხისმგებლოა. რა თქმა უნდა, კონცერტები და შოუები კარგია, მაგრამ უამრავი ბიუროკრატიული ნიუანსია, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია. თუმცა ვფიქრობ, თუ საქმეს სიყვარულით აკეთებ, სირთულეებსაც მარტივად დაძლევ.

– დიდი ხანია ჩართული ხართ მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებაში. საინტერესოა რა პრინციპით არჩევთ კონცერტის მონაწილეებს და ამჯერად რატომ შეაჩერეთ ყურადღება  ჯგუფზე The Black Eyed Peas?

– ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის არტისტებსაც იმ გუნდთან ერთად ვარჩევ, რომელიც წლების მანძილზე მეხმარება მასშტაბური ღონისძიებების მოწყობაში. დიდი ხანია მუსიკალურ ბაზარზე ვართ და კარგად ვიცით, რა უნდა მომხმარებელს, The Black Eyed Peas კი, ძალიან პოპულარული და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბენდია მსოფლიოში, ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ მისი მოწვევა. მუშაობა აპრილის თვეში დავიწყეთ და მართალია, ძალიან ცოტა დრო გვქონდა მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მაინც შევძელით ჯგუფის ტურნეში მოხვედრა და გვიხარია, რომ 16 ივნისს  The Black Eyed Peas-ის კონცერტით გაიხსნება „ბლექ სი არენა”.

– რა პროგრამით წარსდგება ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე?

– ზოგადად, როცა ჯგუფი ან შემსრულებელი ტურნეს გეგმავს, პროგრამასაც წინასწარ ამუშავებს. გამონაკლისი არც ამერიკული ჯგუფია, რომელმაც უკვე გამოაქვეყნა ე.წ. სეთლისთი, რომლის გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მართალია, ტურნე ახალი ალბომის მხარდასაჭერად ეწყობა, მაგრამ ყველა ის ძველი სიმღერა შესრულდება, რომელიც განსაკუთრებით უყვარს ქართველ მსმენელს.

– რამდენად რთული იყო ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლაზე დათანხმება?

– სიმართლე ვთქვა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. უამრავი შეკითხვა გაუჩნდათ, როცა გაიგეს, რომ სწორედ მათი კონცერტით ვგეგმავდით სეზონის გახსნას. რა თქმა უნდა, „ბლექ სი არენას” არტისტებთან ურთიერთობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს, მაგრამ გარკვეულწილად ყოველ სეზონზე ვრისკავთ, საკუთარი ეჭვები გამოთქვა The Black Eyed Peas-ს მენეჯერმაც, თუმცა, ბრწყინვალე რეპუტაციის წყალობით მაინც შევძელით მათი დათანხმება.

– განსაკუთრებული მოთხოვნები ხომ არ აქვთ ჯგუფის წევრებს?

– ჯგუფის რამდენიმე წევრი ვეგანია, ამიტომ იძულებული ვართ გავითვალისწინოთ მათი მენიუ. ამასთანავე, მართალია, ჩვენი არენა უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი, მაგრამ შოუს სპეციფიკის გათვალისწინებით, ჯგუფმა მაინც საკუთარი აპარატურის ჩამოტანა გადაწყვიტა.

– ქართველ შემსრულებლებთან ხომ არ გეგმავენ კოლაბორაციას?

– საკმაოდ რთულია კოლაბორაციაზე საუბარი, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ არტისტებზე, ვინც ჯგუფის კონცერტამდე წარსდგება პუბლიკის წინაშე.

– გასული წლების მსგავსად, როგორც ჩანს „ბლექ სი არენაზე” წელსაც ძალიან ცხელი ზაფხული იქნება. საინტერესოა ვის უმასპინძლებთ ამ სეზონზე?

– 6 აგვისტოს მსმენელის წინაშე ბრიტანელი მუსიკოსი, არაჩვეულებრივი ვოკალის პატრინი Jessie J წარსდგება, რომლის ცოცხალი კონცერტის მოსმენა მართლაც დიდი სიამოვნებაა, 13 აგვისტოს კი, ჯარედ ლეტო გვეწვევა ბენდთან 30 Seconds to Mars ერთად. მართალია, ბევრი ლეტოს მხოლოდ ბრწყინვალე მსახიობად იცნობს, მაგრამ ის არაჩვეულებრივი მუსიკოსიცაა, რომელმაც 5 ალბომი ჩაწერა და 1000-ზე მეტი კონცერტი გამართა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები