9 მაისს „ივენთ ჰოლში” გია დავითიანის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

გადაცემის ლაივი LIVE

7 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ გია დავითიანი, ანსამბლის „ქართული ხმები“ ხელმძღვანელი კახა გრიგალაშვილი და მომღერალი, ანსამბლის „ალილო“ წევრი საბა კემულარია სტუმრობდნენ, რომელთაც 9 მაისს დაგეგმილ  კონცერტზე ისაუბრეს.

– ბატონო გია, რამდენიმე დღეში 60 წლის იუბილეს აღნიშნავთ. როგორ ემზადებით სადღესასწაულო კონცერტისთვის?

– დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ყველას და პირველ რიგში ბატონ კახას, რომელმაც კონცერტის ორგანიზება ითავა. საკმაოდ გვიან – 45 წლის ასაკში, „ალილოს“ ხელმძღვანელის, ბატონ გურამ თამაზაშვილის შეგონებით დავიწყე სიმღერა და სწორედ მისგან ვისწავლე ყველაფერი. მზადება კონცერტისთვის აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მაინც ძალიან ვღელავ და მხოლოდ მეგობრების იმედი მაქვს, რომლებიც ყოველთვის მხარში მიდგანან და საღამოს მოწყობაშიც ძალიან დამეხმარნენ.

– საინტერესოა, ვინ მიიღებს მონაწილეობას კონცერტში?

– სიამოვნებით მინდა ავღნიშნო, რომ კონცერტში ჩემი მეგობრები ვატო კახიძე, მერაბ სეფაშვილი, ოთარ ჯორჯიკია და საბა კემულარია, ნატო გელაშვილი, „შვიდკაცა“ და „ქუჩის მუსიკოსები“ მიიღებენ მონაწილეობას. სხვათაშორის, საღამოზე იმ ახალი სიმღერის პრემიერაც შედგება, რომელიც კახამ მაჩუქა, ოთარ ჯორჯიკია კი, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სპეციალურად ჩვენი კონცერტისთვის ჩამოვა.

– საბა, ბატონ გიას კონცერტში მონაწილეობის შემდეგ, სად გეგმავთ გამოსვლას?

– პირველ რიგში, ავღნიშნავ, რომ მესამე წელია „ალილოში“ ვმღერი და ძალიან ბედნიერი ვარ ბატონ გიასთან, ანსამბლის სხვა წევრებთან მეგობრობით. სამომავლო გეგმებზე ჯერ არ ვფიქრობ, რადგან მთელი გულით ვარ ჩართული საიუბილეო კონცერტის მზადებაში.

– ბატონო კახა, როგორ გაჩნდა საღამოს მოწყობის იდეა?

– იდეა ორი წლის წინ გაჩნდა, როცა გიას აგარაკზე ავღნიშნავდით მის დაბადების დღეს და სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ იუბილეს კონცერტად ქცევა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გია ბაღაშვილს, ვისი მხარდაჭერის გარეშე ნამდვილად ვერ  შედგებოდა ჩვენი საღამო.

გადაცემის აუდიოჩანაწერი