LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აჩიკოსთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, ყოველთვის ბრმად ვენდობი” – აჩიკო სოლოღაშვილი და ეკა დემეტრაძე სტუმრად „არტ-FM”-ში

23
sologashvilidemetradze

გადაცემის ლაივი LIVE

16 აპრილს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” აჩიკო სოლოღაშვილი და ეკა დემეტრაძე სტუმრობდნენ, რომელთაც ახალ სპექტაკლზე Welcome To Georgia ისაუბრეს.

– აჩიკო, როგორ დაახასიათებთ ეკას?

– ეკა უნიჭიერესი ადამიანია, რომელიც ყოველთვის სერიოზულ კონკურენციას მიწევს პოზიტიური განწყობის შექმნაში.

– ეკა, თქვენ რას იტყვით აჩიკოზე?

– აჩიკოსთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, ყოველთვის ბრმად ვენდობი და თამამად ვუბამ მხარს ნებისმიერ ექსპერიმენტსა თუ წამოწყებაში.

– აჩიკო, როგორ გაჩნდა სპექტაკლის Welcome To Georgia შექმნის იდეა?

– ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები იშვიათად ახერხებენ კულტურული ღონისძიებების სტუმრობას და სწორედ ამიტომ გაჩნდა ინგლისურენოვანი კომერციული სპექტაკლის – ერთდროულად გასართობი და შემეცნებითი მიუზიკლის შექმნის იდეა. ვფიქრობ, ორმოქმედებიანი სპექტაკლი, რომლის მოქმედება კახეთში ვითარდება, უკეთ გააცნობს უცხოელებს საქართველოს, მის ისტორიას, კულტურას და თვითმყოფად ტრადიციებს.

– ეკა, რამდენად საინტერესოა სპექტაკლი ქართველი მაყურებლისთვის?

– ძალიან საინტერესოა, რადგან ბევრი აბსოლუტურად სხვანაირად შეხედავს ჩვენს ქვეყანას და მიხვდება, რომ ნაკლოვანებების მიუხედავად, მაინც ძალიან კარგი, ღირსეული ერი ვართ.

– აჩიკო, როგორც შედგა სპექტაკლის ვარსკვლავური დასი?

– საბედნიეროდ, ჩვენს თეატრში მრავლად არიან მსახიობები, რომლებიც ერთნაირად კარგად ცეკვავენ, მღერიან და ზუსტად ერგებიან თანამედროვე მიუზიკლის მოთხოვნებს. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ სპექტაკლში დაკავებულმა 18 მსახიობმა ბრწყინვალედ გაართვა თავი საკმაოდ რთულ სამუშაოს.

– იმ მრავალფეროვანი პერსონაჟების ფონზე, რომლებიც წლების მანძილზე შექმენით, რომელს თვლით ყველაზე ახლობლად და რამდენად ცდილობთ ახალი პერსონაჟის საკუთარ თავთან მორგებას?

– რა თქმა უნდა, მსახიობი ყოველთვის ცდილობს საკუთარ პერსონაჟთან საერთოს მოძიებას. თუმცა, წარმოდგენის შემდეგ პერსონაჟი სცენაზე რჩება და არასდროს მიჰყვება რეალურ ცხოვრებაში. სწორედ იმიტომაა თეატრი უნიკალური, რომ ნებისმიერი პერსონაჟი სცენაზე იბადება, იქვე კვდება და ყველა სპექტაკლში განსხვავებულია.

– ეკა, თქვენ მეტწილად კინოს მსახიობი ბრძანდებით. საინტერესოა, სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს – სცენაზე თუ გადასაღებ მოედანზე?

– ძალიან რთულია ორი საყვარელი სფეროს შედარება, რადგან ვერცერთის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. ალბათ, ყველაფერი პროექტზე და იმ შემოქმედებით ეტაპზეა დამოკიდებული, რომელზეც გარკვეულ მომენტში ხარ. მაგალითად, ახლა თეტრში უფრო ინტენსიურად ვმუშაობ და ძალიან მენატრება კინო, თუმცა, სერიალებში მონაწილეობისას თეატრი მაკლდა. ვფიქრობ, მსახიობისთვის მთავარი გამოცდილებაა, რომლის შესაძენად ორივე სფეროშია აუცილებელი მოღვაწეობა.

– გაქვთ თუ არა საოცნებო როლი?

– რა თქმა უნდა, როლიც მაქვს საოცნებო და რეჟიოსრიც მყავს, თუმცა ნებისმიერ როლზე მუშაობა საინტერესოა, რადგან ყოველი ახალი პროექტი – ახალი გამოცდილებაა.

– უცხოელი რეჟიოსრებიდან და მსახიობებიდან ვის გამოარჩევდით?

– სიამოვნებით ვიმუშავებდი ლარს ფონ ტრიერთან, კვენტინ ტარანტინოსთან და უეს ანდერსონთან, მერილ სტრიპთან და ბრედ პიტთან.

– აჩიკო, თქვენ საკმაოდ ბევრი სფერო შეითავსეთ, ტელეწამყვანობასთან ერთად წარმატებით დგამთ და მონაწილეობთ სპექტაკლებში. საინტერესოა კიდევ სად ისურვებდით საკუთარი თავის მოსინჯვას?

– რა თქმა უნდა, პირველ რიგში მსახიობი ვარ, თუმცა ვცდილობ, ჩემთვის ყველა საინტერესო სფეროში მოვსინჯო ძალები.

– რამდენადაც ვიცი, ლექციებსაც კითხულობთ თეატრალურ ინსტიტუტში. როგორ მოგწონთ პედაგოგიური საქმიანობა?

– სტუდენტებს მეტყველების კულტურას ვასწავლი და ძალიან მომწონს მათთან მუშაობა. მართალია, ძალიან ნიჭიერი თაობა იზრდება, მაგრამ მთავარი მაინც გამართლებაა, რადგან არავინ იცის, რამდენად შეძლებენ საკუთარი ადგილის პოვნას სწავლის დასრულების შემდეგ.

– როგორ ფიქრობთ, უნდა იზრუნონ თუ არა ახალგაზრდა მსახიობებმა საზღვარგარეთ გამგზავრებაზე?

– ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაემგზავრონ, რადგან ძალიან ბევრი ახალბედა გვყავს, რომელთაც ნამდვილად ვერ გასწვდება ქართული თეატრი.

– რამდენად ჯანსაღია კონკურენცია ქართულ თეატრში?

– მართალია, ბევრი მსმენია თეატრალურ ინტრიგებზე, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდება, რაც პირველ რიგში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის და ჩვენი უფროსი თაობის დამსახურებაა.

– რას არ გააკეთებდით სცენაზე არასდროს?

– არასდროს არ გავიხდი სცენაზე, რადგან, მართალია გარკვეული კომპლექსები დავძლიეთ, მაგრამ მაინც გვიწევს ქართულ რეალობას მორგება. სხვათაშორის, ერთ-ერთი რეჟისორისგან მქონდა მსგავსი შეთავაზება, თუმცა კატეგორიული უარი განვუცხადე, საკუთარი არგუმენტები ავუხსენი და მანაც შესანიშნავად გამიგო. რა თქმა უნდა, თუ კონკრეტული სცენა მოითხოვს, შესაძლოა დავთანხმდე კიდეც, თუმცა სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ ვაპირებ სცენაზე დედიშობილა ტანტალს.

– როგორ დაახასიათებთ თქვენს მეუღლეს?

– პირველ რიგში, ნუცა ჩემი საუკეთესო მეგობარია და ვფიქრობ, სწორედ ამგვარი ურთიერთობის წყალობით ვინარჩუნებთ ჰარმონიას ოჯახურ ცხოვრებაში.

– ეკა, თქვენ როგორ ახერხებთ პირადი ცხოვრებისთვის დროის გამონახვას?

– არაჩვეულებრივი შვილი მყავს – 10 წლის თომა, რომელიც საოცრად ცელქია, მუდმივად შენიშვნებს ვიღებთ სკოლაში, თუმცა ძალიან კარგი მეგობრები ვართ და იმედი მაქვს მალე დაჭკვიანდება. სხვათაშორის, სწორედ თომასთან ერთად ავიყვანე ქუჩიდან ძაღლი, რომელიც თავიდან ძალიან გვიფრთხოდა, თუმცა სწრაფად შეგვეჩვია და ახლა ისიც ჩვენი მეგობარია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები