LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ნათება: ყოველთვის მომართულები ვართ ზრდისკენ, წელს ბათუმში ახალი სავაჭრო ობიექტი გავხსენით 7 მილიონიანი ინვესტიციით

4
169668635-4029995817049764-181165079403989174-n

როგორ აგრძელებს ქართული ბიზნესი მუშაობასა და  განვითარებას პანდემიის პირობებში და არის თუ არა შესაძლებელი გაფართოება სწორედ იმ გაურკვეველ ეკონომიკურ ვითარებაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია – ამ საკითხზე „ბიზნესნიუსში” კომპანია „ახალი ნათების“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ არდოტელმა ისაუბრა.

– პანდემიის მიუხედავად, „ახალი ნათება“ გაფართოებას განაგრძობს. ამ წლის პირველ ნახევარში რა პროექტები განახორციელეთ?

ჩვენ ყოველთვის მომართულები ვართ ზრდისკენ. ნაკლები წუწუნი და უფრო მეტი შემართება არის საჭირო, განსაკუთრებით ასეთი გამოწვევების ფონზე. ნამდვილად აღსანიშნავია ჩვენ მიერ ახლახან განხორციელებული პროექტი – აპრილის თვეში ბათუმში გავხსენით ახალი სავაჭრო ობიექტი, ახალი შოურუმი, რომელიც არის 1250 კვადრატული მეტრის. ჩავდეთ, დაახლოებით, 7 მილიონი ლარის ინვესტიცია და საკმაოდ შთამბეჭდავი და კარგი პროექტი გამოგვივიდა. ამ პირობებში, ჩვენი დონის კომპანიისთვის, 7 მილიონი ლარის ინვესტიცია არ არის მარტივი საქმე და ასეთი პატარა, საამაყო ამბავი გვაქვს მიმდინარე წელს. რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ახლა ისეთი მოცემულობაა, შეიძლება რაღაც დაგეგმო და მეორე დღეს შეიცვალოს რაღაც გარემოება, თუმცა, როგორც გითხარით სულისკვეთება გვაქვს მუდმივად განვითარებისკენ და ყოველთვის ამ მიზნებისკენ მივდივართ.

-რამდენ ადამიანს ასაქმებთ ჯამურად და რეგიონების მიხედვით, სად ხართ წარმოდგენილები?

ახლა გვყავს 180 თანამშრომელი. დაახლოებით, 170 იყო გასულ წელს ამ პერიოდში – პანდემიის დროს არა თუ შევამცირეთ კადრები, ისინი სრულად შევინარჩუნეთ და დამატებით კიდევ რამდენიმე ადამიანიც დავასაქმეთ. რაც შეეხება ჩვენს ფილიალებს, წარმოდგენილი ვართ: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და გორში.

-პანდემიამ თუ შეცვალა მომხმარებლის ქცევა და რა კუთხით?

ჩამოყალიბებული და აუცილებელი არჩევანი კეთდება უკვე მომხმარებლის მხრიდან. „ბარემ ვიყიდი, საქმეს წინ წავიგდებ“ – ასეთი ქცევა და არჩევანი ახლა უკვე ნაკლებად კეთდება. ადრე მომხმარებელი გრძელვადიანად გეგმავდა რაღაცას და აკეთებდა შენაძენს, ახლა ასე აღარ არის. ეს ცვლილება ნამდვილად შეინიშნება მომხმარებლის ქცევაში. აღსანიშნავია ისიც, რომ უფრო მოწყვლადი აღმოჩნდა შედარებით ბიუჯეტური სეგმენტის მომხმარებელი, ვიდრე უფრო შეძლებული ფენა.

– რას ყიდულობენ ყველაზე ხშირად პანდემიის დროს?

უშუალოდ ჩვენი პროდუქცია რაც არის: განათების საშუალებები, ავეჯი – ეს არ არის გადაუდებელი აუცილებლობის პროდუქცია, ამიტომ, ამ ეტაპზე, ყველაზე გაყიდვადი ნივთების სია იცვლება სეზონურობის მიხედვით. მაგალითად, ახლა ყველაზე მეტად იყიდება გარე გამოყენების განათებები და ავეჯი, ხალხი აწყობს ეზოებს, სკვერებს.

-ფასებზე თუ აისახა პანდემიური სიტუაცია, ლარის გაუფასურება და ა.შ?

გარდა ვალუტის გაუფასურებისა, ბუნებრივია, ჩვენ ძალიან დიდი დარტყმა მივიღეთ საზღვაო გადაზიდვების კუთხით. რაც ეს ანომალიური სიტუაციაა, 300%-ით არის გაზრდილი საზღვაო გადაზიდვების ტარიფები. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, აისახება ფასებზე, აბა რა უნდა ქნა?! მაგრამ, პირდაპირპროპორციულად ვერ გაზრდი ამ ფასებს იმიტომ, რომ მერე უყურებ უკვე ბაზარზე რამდენად ადეკვატურია ეს ფასი. აი ,აქ გვიწევს უკვე რაღაცნაირად შუალედის პოვნა, საკუთარი მოგების ხარჯზე ვცდილობთ, რომ მეტ-ნაკლებად დავაბალანსოთ ეს სიტუაცია.

რაც შეეხება გაყიდვების მაჩვენებლებს, 2019 წელს რომ შევადაროთ, მინუსებში არ ვართ, ფაქტობრივად, იგივე მაჩვენებლები გვაქვს.

-პროდუქციის გამრავალფეროვნების თვალსაზრისით, თუ გაქვთ გეგმები?

შესყიდვების ციკლი არის უწყვეტი, ვერ შეაჩერებ. თუ შეაჩერებ ამის უარყოფით შედეგს ნახავ რამდენიმე თვეში. აქედან გამომდინარე, შესყიდვების ციკლს ჩვენ არ ვაგდებთ არასდროს, მივყვებით მუდმივად, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად განახლებადია „ახალ ნათებაში“ წარმოდგენილი პროდუქცია. ვთანამშრომლობთ როგორც ევროპულ ქვეყნებთან, ასევე თურქეთთან და ჩინეთთან. სანდო და საიმედო პარტნიორები გვყავს საკმაოდ მრავლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები