LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლადგახსნილი ფრანგული სტილის ბულანჟერია თბილისში, რომელმაც ყველა კადრი შეინარჩუნა და პანდემიის გამო არ დაიკეტა

51
76732948-151435209565554-2282501369493454848-o

ფრანგული ბულანჟერიის კონცეფციის მქონე კაფეტერია თბილისში – ეს  „აუგუსტია“, რომელიც პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე გაიხსნა და მუშაობა, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, არც ერთი დღით არ შეუჩერებია. გარდა საკონდიტრო მიმართულებისა, „აუგუსტს“ საკუთარი ქარხანაც აქვს, სადაც შოკოლადს და ჯემებს აწარმოებს, უახლოეს პერიოდში კი ნატურალური წვენების ჩამოსხმასაც დაიწყებს.

„აუგუსტის“ თანადამფუძნებელი, ქრისტინე მორჩილაძე იყო „ბიზნესნიუსის“ სტუმარი, რომელმაც კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– რას მოიცავს „აუგუსტის“ საქმიანობა, როდიდან ხართ ბაზარზე და რამდენ ადამიანს ასაქმებთ?

ჯერჯერობით, პატარები ვართ, თითქმის 1 წლის. 2019 წლის 9 ოქტომბერს გავხსენით პირველი ფილიალი წერეთლის გამზირზე, რომელიც მოიცავდა ღია ტიპის სამზარეულოსა და ღია ტიპის საცხობს, სადაც მომხმარებელს შეეძლო დაენახა როგორ ცხვებოდა მისი პურ-ფუნთუშეული. „აუგუსტის“ ძირითადი კონცეფცია ეს არის ფრანგული ბულანჟერიის სტილი, სადაც მომხმარებელს შუეძლია შეიძინოს: ახლადგამომცხვარი პურ-ფუნთუშეული, სალათები, სენდვიჩები, დააგემოვნოს ყავა, სხვადასხვა სასმელები. გვინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს ქსელური ხასიათის, სადაც მომხმარებელს სახლთან ახლოს, ოფისთან ახლოს დახვდება ხარისხიანი და გემრიელი ნაწარმი. ჯერჯერობით გვაქვს სამი ფილიალი: წერეთელზე, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე და მესამე ფილიალი უკვე კარანტინის შემდეგ, ივნისის თვეში დავამატეთ საბურთალოზე – ყაზბეგზე. ჯამში ვასაქმებთ 50-მდე ადამიანს.

ძალიან მეამაყება ის ფაქტი, რომ პანდემიის პერიოდში არც ერთი დღე არ გავჩერებულვართ. რთული პერიოდი იყო გასახსენებლად და სამუშაოდ მითუმეტეს. ყველა მხრიდან დაბრკოლებები იყო: თანამშრომლების ტარება, მომხმარებლისთვის სიცხის გაზმოვა… მოკლედ, სანამ ამ ყველაფერზე გადავეწყობოდით, საკმაოდ ბევრი მუშაობა დაგვჭირდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ძირითადი პროდუქტი არის პირველადი მოხმარების – ანუ პური, მომხმარებლის წინაშე პასუხისმგებლობა ავიღეთ და გადავწყვიტეთ, რომ არ დავკეტილიყავით და გარდა ამისა, პასუხისმგებლობა ავიღეთ თანამშრომლების წინაშეც, რადგან დაკეტვა გულისხმობდა ამ ადამიანების განუსაზღვრელი ვადით სახლში გაშვებას, რაც ჩვენ ძალიან არ გვინდოდა. შესაბამისად, შევინარჩუნეთ ბიზნესი და გავაგრძელეთ წინსვლა და განვითარება ამ რთულ პერიოდშიც კი.

– რამდენად მომგებიანი და მაღალი კონკურენციის მქონეა საქართველოში ეს ბიზნესი ?

ის სფერო, რაშიც ჩვენ ვსაქმიანობთ – კვების ბიზნესი, ასე თუ ისე, საქართველოში სტაბილურია, ეს განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტს ეხება. მოგეხსენებათ, ქართველ მოხმარებელს ძალიან უყვარს პური და აფასებს ხარისხიან პროდუქტს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ პირველადი მოხმარების პროდუქტის წარმოებამ მოგვცა იმის საშუალება, რომ პანდემიიდან გამოწვეული სირთულეები მარტივად გადაგველახა. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ბიზნესის მომგებიანობაზე მეტად, სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კონკურენციას – ის ამ სფეროში ნამდვილად არის. მართალია, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი პურს სუპერმარკეტების ქსელებში ყიდულობს, მაგრამ ნელ-ნელა მათი ნაწილი გადადის ჩვენი სტილის საცხობებზე, სადაც მომხმარებლის თვალწინ გამომცხვარი პური და სხვა ფუნთუშეულობა იყიდება.  ჩვენ რითიც გვინდა გამოვირჩეოდეთ ჩვენი კონკურენტებისგან, ეს არის: მუდმივად ხარისხზე ზრუნვა, მომხმარებლის აზრის გათვალისწინება … ჩვენი განვითარების ტემპი ზუსტად მომხმარებლის მოსმენამ განაპირობა.

– რა და რამდენი დასახელების პროდუქცია იწარმოება თქვენთან?

გვაქვს: დაახლოებით 20-ამდე დასახელების პური, ფრანგული საკონდიტრო ნაწარმი, ფუნთუშები, ნამცხვრები, 15-ამდე სახეობის სენდვიჩი გვაქვს სხვადასხვა შიგთავსით, სალათები. ვცდილობთ, ადამიანებს ერთ სივრცეში დავახვედროთ ყველაფერი ის, რაც ჯანსაღი კვებისთვის არის საჭირო.

– ვიცი, რომ გარდა საკონდიტრო ნაწარმისა, ახლახან დაიწყეთ ხილის ჯემების წარმოებაც. რამდენი სახეობის ჯემს აწარმოებთ, რა ბრენდით იყიდება ეს ჯემები?

ჩვენ მიერ წარმოებული აბსოლუტურად ყველა პროდუქტი მზადდება და იყიდება „აუგუსტის“ ბრენდის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ „აუგუსტი“ არ მოიცავს მხოლოდ იმ სამ ფილიალს, რომელიც მომხმარებელს შეუძლია ნახოს დედაქალაქის მასშტაბით. „აუგუსტს“ აქვს ძალიან დიდი წარმოება. ნატახტარში გაკეთებული გვაქვს ქარხანა, სადაც ზამთარში დავიწყეთ შოკოლადების წარმოება. ჩვენი შოკოლადი გამოირჩევა იმით, რომ პალმის ცხიმს არ შეიცავს და მხოლოდ კაკაოს ცხიმზეა დამზადებული. შოკოლადის შემდეგ, დავიწყეთ ხილის გადამუშავებაც და პირველი პროდუქტი, რომელიც შევქმენით ეს იყო ჯემები. 1 სექტემბერიდან უკვე იყიდება ისინი ჩვენს ქსელში და ოქტომბრიდან ძალიან ცნობილ სავაჭრო ქსელშიც შევა. გვაქვს ვაშლის, ატმის, გარგრის, მსხლის, მოცვის, მაყვლის, ჟოლოს, მარწყვის  – დაახლოებით, 10 სახეობის ჯემი. ახლა, თვის ბოლოსთვის, ჩვენს ქსელებში ჩაეშვება ნატურალური ხილის წვენებიც, რომელსაც ასევე ჩვენ გამოვუშვებთ.

– პროდუქციის გამრავალფეროვნების გარდა, თუ გეგმავთ ქსელის გაფართოებასაც?

პანდემიამდე ჩვენი გეგმები სხვაგვარი იყო. ისინი მცირედით შეგვეცვალა. რა თქმა უნდა, იგეგმება ქსელის გაფართოება. „აუგუსტი“ მე და ჩემმა დამ დავაარსეთ და თავიდანვე, ჩვენი იდეა იყო, რომ უბნებში თითო, პატარა ფილიალი ყოფილიყო, სადაც მომხმარებელი შეძლებდა სასურველი პროდუქტების შეძენას. ამ მხრივ სამომავლოდაც გავაგრძელებთ განვითარებას. ვფიქრობ, 2020 წლის ბოლომდე კიდევ ერთი ფილიალი დაგვემატება თბილისში, პანდემიამდე 2 იგეგმებოდა… თუ ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესებისკენ წავა, რეგიონებსაც მოვიაზრებთ, პირველ რიგში დიდ ქალაქებს: ბათუმს, ქუთაისს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები