LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ალბომით ჩემი ბრაზი, სიძულვილი და პროტესტი გამოვხატე არსებული პრობლემების მიმართ” – ერეკლე დეისაძე

4
deisadze

გადაცემის ლაივი LIVE

28 დეკემბერს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM”  ერეკლე დეისაძე სტუმრობდა სიმღერის პრემიერით ალბომიდან „ამ ენით ამენ’“.

– ერეკლე, როგორ შეაჯამებთ გასულ 2021 წელს?

– მართალია, ძალიან რთული წელი იყო განსაკუთრებით შემოქმედებითი ადამიანებისთვის, მაგრამ როცა რაიმეს შექმნის სურვილი გაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებ სირთულეების მიუხედავად. პირადად ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი წელი იყო, რადგან სწორედ პანდემიის ფონზე დავიწყე ჯერონიმოსთან და ქეი ჯისთან ერთად ახალ ალბომზე მუშაობა, რომელიც სტუდია “ინსაუდში” ჩავწერეთ. მუშაობა მთელი წელი გაგრძელდა, ზოგჯერ ძალიან ექსტრემალურ პირობებში ვმუზიცირებდით, რადგან კომენდანტის საათი სტუდიაში ღამის გათენებას გვაიძულებდა. თუმცა, დღეს, როცა ჩვენს ნაშრომს ვუსმენთ, შედეგით ძალიან კმაყოფილი ვართ.

ერეკლე დეისაძემ ახალ ალბომს „ამ ენით ამენ“ დაარქვა

– როგორ შეარჩიეთ ნამუშევრები ალბომისთვის?

– სიმართლე ვთქვა, ამ ჟანრში პირველად მოვსინჯე შესაძლებლობები. ზოგადად, ძალიან მიყვარს ახალი ფორმების ძიება და საკუთარი თავის ახალ ამპლუაში გამოცდა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ჟანრია, რადგან უამრავ სიახლეს გთავაზობს და სიტყვებით თამაშის, მანიპულირების საშუალებას იძლევა. უამრავი იდეა მქონდა, რამდენიმე სიმღერის ჩაწერა კიდევ მინდოდა, თუმცა ალბომში მხოლოდ ის კომპოზიციები მოხვდა, რომლებიც ერთგვარი იდეური მესიჯით გაერთიანდა. ალბომი სოციალურ დაკვირვებების ერთგვარი ნაკრებია, რომლითაც ჩემი ბრაზი, სიძულვილი და პროტესტი გამოვხატე არსებული პრობლემების მიმართ. პრაქტიკულად ყველა სიმღერა ერთ თემას მიეძღვნა და ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს, უთანასწორობას აკრიტიკებს. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ყველაზე დიდი კრიტიკა ჩემს ნამუშევრებში იმ ადამიანებმა დაიმსახურეს, ვინც სხვისი შრომით სარგებლობს, მათ ხარჯზე მდიდრდება, მშრომელი ხალხის ცხოვრება კი, არასდროს უმჯობესდება.

– რამდენი სიმღერა შევიდა ახალ ალბომში?

– ალბომმა ცხრა კომპოზიცია გააერთიანა. აქედან ორი დუეტში ჩავწერე. სხვათა შორის, ჯერონიმომ არა მხოლოდ კომპოზიციის ჩაწერა, არამედ ალბომის პროდიუსერობაც ითავა. ალბომის მოსმენა თითქმის ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე შეიძლება Spotify-ს ჩათვლით, რომელმაც სამთვიანი უფასო მუსიკალური პაკეტი აჩუქა საქართველოს, ამიტომ მისით სარგებლობა ნებისმიერს უფასოდ შეუძლია. ძალიან მახარებს, რომ ერთ თვეში ალბომი   YouTube-ზე გამოჩნდება, რადგან სწორედ ქართული მუსიკის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციაა ჩემი მთავარი მიზანი.

– ვის მიუძღვენით Love Song?

– თავიდან სიმღერის ჩაწერას ქეი ჯი და ზურა ჯიშკარიანი გეგმავდნენ, რომელთაც მოგვიანებით მეც შევუერთდი. კომპოზიცია ჩვენს მოგზაურობას ეძღვნება თბილისში, თუმცა უამრავი მეტაფორა და მინიშნება გამოვიყენეთ. სხვათა შორის, თებერვლის თვეში მასშტაბური კონცერტის გამართვას ვგეგმავ, რომელზეც პუბლიკას მთელი ალბომის მოსმენის საშუალება ექნება, მანამდე კი, კლიპის გადაღებას ვაპირებ, რომლის პრემიერა ძველით ახალ წლამდე შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები