LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიბიოტიკი სიცხის დამწევი არ არის და მის ფონზეც შეიძლება განვითარდეს ფილტვების ანთება – თამარ ობგაიძის რეკომენდაციები

283
თამარ-ობგაიძე

რამდენად საშიშია ავადობის პირველ დღეებში მაღალი ტემპერატურა და როდის საჭიროებს ბავშვი ჰოსპიტალში გადაყვანას, რა არის გამოსავალი შეუპოვარი ცხელების დროს, ვინ დგას ფებრილური გულყრის განვითარების რისკის ქვეშ, როდის უნდა ჩავატაროთ დამატებითი კვლევები, სასურველია თუ არა ანტიბიოტიკის გამოყენება ვირუსული ინფექციის დროს – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პედიატრი – თამარ ობგაიძე ჰპასუხობს.

თამარ, ყველა მშობელი აღნიშნავს, რომ ვირუსებს, რომელიც ახლა ცირკულირებს, ძალიან მწვავე სიმპტომები აქვს და მათ შორის, წამყვანია ცხელება. რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე?

პირველ რიგში, ვთქვათ ის, რომ ცხელება არ არის ცალკე დაავადება, ეს არის სხვადასხვა ანთებითი, ვირუსული, ბაქტერიული ინფექციის სიმპტომი და ამ ვირუსული ინფექციებისთვის სწორედ წელიწადის ეს დრო არის დამახასიათებელი. ეს არის პერიოდი, როცა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არის მჭიდრო კონტაქტი ჩაკეტილ სივრცეებში, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ ნიავდება. ეს იდეალური ვარიანტია ვირუსული ინფექციის გავრცელებისთვის.

ზოგადად, წელიწადის ამ დროს ყოველთვის გვაქვს ეს ვირუსული ინფექციები, მაგრამ ეს წელი მართლაც განსაკუთრებული გამოდგა, ალბათ იმიტომ, რომ იმ სამმა წელმა, როცა კოვიდპანდემიის გამო ჩაკეტილები ვიყავით, ჩვენი იმუნური სისტემის გარკვეული თავისებურებების გამოვლენას ხელი შეუწყო. სასუნთქი გზების ინფექციებისთვის დამახასიათებელია ხანმოკლე იმუნიტეტი – 1-2 წელი – შემდგომ კვლავ ღიაობა და ამ ინფექციების ადვილად გადადება ხდება. შესაბამისად, ეს ასეც მოხდა და სწრაფად გავრცელება დაიწყო.

ახლა ქვეყანაში ყველა ვირუსი ცირკულირებს, არის ადენოვირუსებიც, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსებიც, პარაგრიპის ვირუსებიც და გამოჩნდა ასევე გრიპის ვირუსებიც, რაც წლის ამ დროისთვის ბუნებრივია. გრიპის ვირუსების მატებას, რა თქმა უნდა, როგორც ყოველ წელს, წელსაც ველოდებით. ამ მხრივ საქართველოსთვის პიკის სეზონი დეკემბერ-იანვარი არის ხოლმე. მისთვის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი არის სწორედ მაღალი ცხელება, ისევე როგორც ხველა და რესპირაციული მოვლენები.

მაღალი ცხელება, განსაკუთრებით, პირველ დღეებში ხშირად არის შეუპოვარი და 39-40 გრადუსსაც უახლოვდება. ავადობის პირველ-მეორე დღეებში რამდენად საგანგაშოა ასეთი ტემპერატურა და საჭიროა თუ არა ბავშვის ჰოსპიტალში გადაყვანა?

ყველა შემთხვევაში არა, თუმცა, თუ საქმე გვაქვს ადრეული ასაკის ბავშვთან, ვგულისხმობ, 2 თვემდე ასაკის ბავშვს, იქ არათუ 39-40, არამედ 37,5 და მეტიც საშიშროების ერთ-ერთი ნიშანია და ასეთი ასაკის ადამიანი ჰოსპიტალში გადაყვანას აუცილებლად ითხოვს. რაც შეეხებათ მოზრდილი ასაკის ბავშვებს, თუ ზოგადი მდგომარეობა არ არის შეცვლილი, არ არის გაუარესებული, თუ ბავშვი აქტიურია, საკვებს იღებს და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბინაზე მკურნალობა ჩვეულებრივი ამბავია და ყველა დედამ უნდა იცოდეს ცხელებით მიმდინარე დაავადების მართვა.

თუ ცხელება არის შეუპოვარი, ამას ახლავს ბავშვის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება და ამას ბინაზე არსებული მედიკამენტებით ვერ უმკლავდებით, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გადახვიდეთ კლინიკაში.

როგორი უნდა იყოს ინტერვალები მედიკამენტებს შორის, შეიძლება თუ არა რაიმე გამონაკლისის დაშვება მაშინ, როცა ცხელება ძალიან შეუპოვარია?

როგორც უკვე ვთქვით, ცხელება სიმპტომია და მას თავისი მიზეზი აქვს. ვირუსული და ბაქტერიული აგენტების ზემოქმედებით იწყება იმუნური რეაქციები და იმუნური რეაქციის გაშვებისთვის, სხვადასხვა აქტიური ნივთიერების გამომუშავებისთვის, არსებობს სწორედ ცხელება. ცხელება ააქტიურებს მთელ ამ კასკადს, რაც ხელს უწყობს შემდგომ უკვე ორგანიზმის ბრძოლას ამ ვირუსების და ბაქტერიების მიმართ.

შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ტემპერატურა დასაწევი არ არის, მაგალითად, თუ ტემპერატურა 38,5 გრადუსამდეა, არ უნდა დავწიოთ, თუ ბავშვი ცუდად არ გრძნობს თავს, მეტიც, შეიძლება ამაზე უფრო მაღალი ტემპერატურაც არ დავწიოთ, თუ ბავშვი აქტიურია.

რაც შეეხება მედიკამენტებს, გვახსოვდეს, რომ არსებობს ორი მედიკამენტი – პარაცეტამოლი და იბუპროფენი, სხვადასხვა სავაჭრო დასახელებებით და მათი მონაცვლეობა შეიძლება. პარაცეტამოლი შეგიძლიათ გაიმეოროთ 4 საათის ინტერვალით, ოღონდ ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან ხშირად პატარა პაციენტების მშობლები იმისდა მიუხედავად იმეორებენ წამალს, აქვს თუ არა ბავშვს სიცხე. თუ ბავშვს სიცხე აქვე, მინიმალური შუალედი არის 4 საათი, მაგრამ პარაცეტამოლის ჯერადობა დღე-ღამის განმავლობაში 5-ზე მეტი არ უნდა იყოს. ხდება ისეც, რომ ტემპერატურა შეუპოვრად ადის ზემოთ, არ ექვემდებარება დაწევას ან მცირე დონით იწევს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე პრეპარატი – იბუპროფენი, მაგრამ ამ პრეპარატებს შორის შუალედი 2 საათი მაინც უნდა იყოს, რადგან პარაცეტამოლის შემდეგ მალევე მიცემულმა იბუპროფენმა შეიძლება ისე დააგდოს ტემპერატურა, რომ მეორე უკიდურესობაში მოვხვდეთ, ბავშვის მდგომარეობა გაუარესდეს და მისი გათბობა გახდეს საჭირო.

რაც მთავარია, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ბავშვის გაგრილება. ძალიან ხშირად მინახავს, რომ მშობლები, რაც შეიძლება მეტს აცმევენ, ახურავენ ბავშვს, რომ კიდევ უფრო არ გაცივდეს და ეს მდგომარეობა ფილტვის ანთებამდე არ მივიდეს, თუმცა ეს არ შეიძლება.

ბავშვს უნდა მისცეთ ბევრი თბილი სითხე, უნდა გახადოთ სამოსი, უნდა ეცვას შილიფად, ხშირად უნდა გაანიავოთ ოთახი და ეს აუცილებლად დაგეხმარებათ. ჩვენი ბებიების დროიდან არის მეთოდი, რომელიც ექიმებსაც ძალიან გვიყვარდა – ვგულისხმობ, სხეულის დაზელას გრილი და ცივი წყლით. დღესდღეობით მიჩნეულია, რომ ძმარი, სპირტი და ასეთი საშუალებები არ უნდა იყოს გამოყენებული, რადგან ამით შეიძლება ბავშვის კანი დააზიანოთ.

გახსოვდეთ, რომ ბავშვის კანი ძალიან სწრაფად იწოვს მასზე დატანილ სხვადასხვა ნივთიერებას და მასზე დატანილი სპირტი ძალიან სწრაფად შეიწოვება კანში და ხვდება ცენტრალურ სისხლის მიმოქცევაში, აქედან გამომდინარე, ასეთი საშუალებების გამოყენება არ ხდება. გაგრილების ეს მეთოდი ექიმთან შეთანხმებით უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ არამც და არამც ცივი წყალი და ყინულები.

ეს მეთოდი არასოდეს გამოიყენოთ მაშინ, როცა ტემპერატურა ადის ძალიან მაღლა, ბავშვი კანკალებს, ამ დროს პირიქით, გაათბეთ, დაახურეთ, ჩააყოფინეთ ხელები და ფეხები თბილ წყალში, რომ ორგანიზმი შეთბეს და ეს სპაზმი მოიხსნას, რათა სისხლძარღვები გაფართოვდეს და სითბოს გაცემა დაიწყოს.

იმ შემთხვევაში, თუ ძალიან შეუპოვარი ცხელებაა, ბავშვი უკვე გახურებულია და არ კანკალებს, ექიმთან შეთანხმებით შეგიძლიათ, რომ თბილი წყლით, ოთახის ტემპერატურის და ოდნავ უფრო თბილითაც დაზილოთ სხეული და ამის შემდეგ არ ჩააცვათ ისევ თბილად – გაამშრალეთ და დაელოდეთ ტემპერატურის დაწევას.

თანამედროვე პროტოკოლების მიხედვით, პირველ რიგში, უპირატესობა მედიკამენტს ენიჭება, ანუ ჯერ აძლევთ მედიკამენტს და აკვირდებით და თუ საჭიროება იქნება, შემდეგ იყენებთ გაგრილების ფიზიკურ მეთოდებს და არა პირიქით.

ვინ დგას ფებრილური გულყრის განვითარების რისკის ქვეშ და რამდენ გრადუს ტემპერატურაზე შეიძლება მივიღოთ ეს სურათი?

ძალიან რთული სათქმელია, ვისთან შეიძლება განვითარდეს ფებრილური გულყრა. შეიძლება განვითარდეს დღენაკლულებთან, რაიმე სხვა პრემორბიდული ფონის ადამიანებთან, მაგრამ შეიძლება სრულიად ჯანმრთელ ბავშვთანაც განვითარდეს, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ის ძირითადად მაღალი ცხელების ფონზე ვლინდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება 38 გრადუსზე ან უფრო ნაკლებზეც განვითარდეს.

ამ დროს ბავშვს პანიკის გარეშე ვაწვენთ გვერდზე და ველოდებით გულყრის დასრულებას, რა თქმა უნდა, ამავდროულად სასწრაფო დახმარებას ვიძახებთ. ბავშვს ვაწვენთ გვერდზე და აუცილებლად მყარ საყრდენზე, რადგან ამ მოძრაობის დროს სხეულის რაიმე ნაწილი არ დაიზიანოს. როცა მშობელს ვეუბნებით, რომ გულყრის დასრულებას ველოდებით, მათთვის ეს წარმოუდგენელია, რადგან ჰგონიათ, რომ ეს ძალიან დიდი ხანი გრძელდება, რეალურად, ეს შეიძლება ნახევარი წუთი გრძელდებოდეს.

აღსანიშნავია, რომ 4 წლის ასაკის შემდეგ, ის პრაქტიკულად აღარ გვხვდება, ეს ადრეული ასაკის ბავშვების პრობლემაა და კიდევ ერთი, ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ამ ბავშვს ექნება ეპილეფსია და ექნება რაღაც უფრო დიდი და ცუდი მიმდინარეობა. როგორც წესი, ფებრილურ გულყრებს მკურნალობა არ სჭირდება და ის თავისთავად მკურნალობის გარეშეც გაივლის ხოლმე. უბრალოდ, როცა ვიცით, რომ ბავშვს ჰქონდა ფებრილური გულყრა, მას ყურადღებას ვაქცევთ და ტემპერატურას ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ.

გახანგრძლივებული სიცხის შემთხვევაში, როდის უნდა დავასრულოთ ლოდინი და დავიწყოთ ფიქრი დამატებით კვლევებზე?

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა ცხელებით მიმდინარე დაავადების დროს არ არის მძიმე, თქვენ შეგიძლიათ 2-3 დღე დააკვირდეთ, შეხედოთ და ეს პრობლემა ბინაზე მართოთ, მაგრამ თუ ხედავთ, რომ მესამე დღიდან ცხელება კვლავ გრძელდება, არ უმჯობესდება ბავშვის მდგომარეობა ან პირიქით – უარესდება კიდეც, ასეთ დროს ნუ დააყოვნებთ და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მიიჩნევა, რომ 5 დღემდე ცხელება ვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელია და თუ ექიმმა საჭიროდ არ მიიჩნია და სხვადასხვა გართულებაზე ეჭვი არ მიიტანა, შეიძლება, ამ პერიოდამდე გამოკვლევა არც დანიშნოს, თუ ცხელება ხუთ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, უკვე იწყება კვლევები.

კვლევები მიმდინარეობს იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაა, ამას ექიმი განსაზღვრავს, მინიმუმ, შეიძლება იყოს სისხლის საერთო ანალიზი და, მაქსიმუმ, შეიძლება იყოს 5-6 კვლევა, ეს იმის მიხედვით, თუ რასთან გვაქვს საქმე და რაზე ეჭვობს ექიმი.

გვახსოვდეს, რომ 5 დღემდე ცხელება ვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელია, მეტიც, ზოგიერთისთვის, მაგალითად, გრიპისთვის ხანგრძლივობა შეიძლება 6-7 დღეც კი იყოს.

როდის დგება რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების აუცილებლობა?

პირველ რიგში, მშობლებს მინდა მოვუწოდო – თვითნებურად ნუ გადაწყვეტენ რენტგენოლოგიური კვლევის საკითხს. ხშირად ხდება, რომ აღნიშნულ კვლევას საკუთარი გადაწყვეტილებით ატარებენ და ჩვენთან უკვე პასუხებით მოდიან ხოლმე. ამას ნუ იზამთ, რადგან ბავშვს ყველა შემთხვევაში არ სჭირდება რენტგენოლოგიური კვლევა.

გართულებისგან თავის დასაცავად ვერაფერს იზამთ, ამისგან დაცული არავინ არის, ნებისმიერი ვირუსული ინფექცია შეიძლება გართულდეს პნევმონიით, მაგრამ ამას თავისი ნიშნები აქვს. ადრეულ ასაკში პირველი რიგის ნიშანი არის სუნთქვის გახშირება და მინდა მშობლებს ვუთხრა, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დათვალონ სუნთქვა, მოსვენებულ მდგომარეობაში.

ერთი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ერთ სუნთქვად ითვლება და 2 თვემდე ასაკში ეს არ უნდა იყოს 60 და მეტი; 2 თვიდან 1 წლამდე ასაკში, არ უნდა იყოს 50 და მეტი; 1 წლიდან 2 წლამდე არ უნდა იყოს 40 და მეტი, ხოლო შემდგომ 30 და მეტი.

თუ არის სუნთქვის გახშირება, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვედა სასუნთქი გზების ინფექციასთან გვაქვს საქმე, ეს შეიძლება იყოს ფილტვების ანთება, ბრონქიოლიტი და დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვაა საჭირო.

არის შემთხვევები, როცა მიმდინარეობს ცხელება, ხველა, თუმცა ბავშვის მდგომარეობა თითქოს არ არის მძიმე, მაგრამ მაინც ფილტვების ანთებით რთულდება. ასეთი გართულებები ნებისმიერ ვირუსს აქვს. ამ პერიოდშიც გვაქვს ასეთი პნევმონიის შემთხვევები, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს არ არის განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები, უფრო იშვიათია და მინდა, დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ალბათ, ეს ვირუსიც მალე გადაივლის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილად ვიყოთ, სუნთქვა დავთვალოთ და ექიმთან მისვლამდე არაფერი გამოგვეპაროს.

მშობლები ძალიან ხშირად თვითნებურად ასმევენ ბავშვებს ანტიბიოტიკებს და აღნიშნავენ, რომ სანამ ანტიბიოტიკი არ ჩართეს, სიცხე არ წავიდა..

სწორედ ახლა, 24 ნოემბრამდე, მსოფლიო ანტიბიოტიკების ცნობადობის კვირეულს აღნიშნავს და უნდა ვთქვათ, რომ ანტიბიოტიკები ანტიბაქტერიული საშუალებებია, ისინი მოქმედებენ ბაქტერიებზე და არა ვირუსებზე.

მთელ მსოფლიოში ანტიბიოტიკი ყველაზე ხშირად ინიშნება ზედა სასუნთქი ტრაქტის დაავადებების, ანუ ვირუსული ინფექციების დროს. ეს მარტო ჩვენთან არ ხდება, ეს პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არის, თუმცა აღნიშნულ მედიკამენტებს იქ მშობლები ურეცეპტოდ ვერ ყიდულობენ და ეს ძალიან კარგია.

უნდა დავიმახსოვროთ, რომ ანტიბიოტიკი ტემპერატურის დამწევი არ არის, ასევე არ არის ისე, რომ ანტიბიოტიკს მისცემთ და მდგომარეობა აღარ გაურთულდება. ვინაიდან ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიაზე მოქმედებს, თუ არ არის დადასტურებული, რომ ეს ბაქტერიული ინფექციაა, მისი ჩართვა არაფერს გაძლევთ. უბრალოდ, დროში თანხვედრა ხდება ხოლმე, მეხუთე დღეს რომ ჩართავთ ანტიბიოტიკს, ეს ტემპერატურა მეექვსე დღეს ისედაც მთავრდება, ეს ორი რამ უბრალოდ ერთმანეთს ემთხვევა და მერე მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვს ანტიბიოტიკმა უშველა.

ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკი არაფერს შვრება. თუ ექიმი გეუბნებათ, რომ სისხლის საერთო ანალიზში არის ლეიკოციტების დაქვეითება, არის სპეციფიკური ცვლილებები, არ არის ბაქტერიული ინფექციისთვის დამახასიათებელი სურათი, იქ ანტიბიოტიკის ჩართვა არამც და არამც არ ხდება.

მესმის, რომ ძალიან ბევრი მშობლისთვის ეს თვითდამშვიდების საშუალებაა, ჰგონიათ, რომ რადგან ანტიბიოტიკი დანიშნეს, დასრულდა და აღარაფერი ემუქრებათ, მაგრამ დამერწმუნეთ, პნევმონია დანიშნული ანტიბიოტიკის ფონზეც ვითარდება, ანუ ანტიბიოტიკი არ გვიცავს. ეს არ არის ჩემი მოფიქრებული ფრაზები, ეს კვლევებით გამყარებული ფაქტებია.

ანტიბიოტიკის უსისტემო გამოყენება რეზისტენტული შტამების განვითარებას გამოიწვევს და ჩვენ სულ უფრო და უფრო მძლავრი ანტიბიოტიკები დაგვჭირდება იმისათვის, რომ ამ ინფექციებს ვებრძოლოთ. დღეს, რომ ვთქვათ, ბავშვი დასალევი ანტიბიოტიკით გამოდის სიტუაციიდან, ხვალ შეიძლება საინიექციო დასჭირდეს და ზეგ კიდევ უფრო მძლავრი.

რა არის საუკეთესო დახმარება ყელის ტკივილის დროს?

მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ ყელის სიწითლე არის იმის მიზეზი, რომ ბავშვს ხახაში სხვადასხვა საშუალება შეასხურონ და რომ ეს პრობლემას მოაგვარებს. ყელი არის წითელი იმიტომ, რომ იქ იჭრება ვირუსული აგენტი და როდესაც ის იჭრება და იქ გარდაქმნას და გამრავლებას იწყებს, ვითარდება ვირუსული ანთების კერა, რომლის დამახასიათებელიც არის შეშუპება და სიწითლე. ასეთივე წითელია სხვა ლორწოვანი გარსებიც, უბრალოდ, ამას თქვენ ვერ ხედავთ. შესაბამისად, შესხურება არა, ყველაზე კარგი საშუალება, როცა ბავშვს თუ მოზრდილს ყელი სტკივა, არის პარაცეტამოლი და არის იბუპროფენი.

რაც შეეხება სავლებებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ, თბილ სავლებებში ცუდი არაფერია. არ დაგავიწყდეთ თბილი სითხეები და შეიძლება ძალიან გაგიკვირდეთ, მაგრამ თაფლზე არის ძალიან ბევრი კვლევა, რომელიც ამბობს, რომ თაფლი ძალიან კარგად აყუჩებს ყელის ტკივილს და ხველას შველის. ასე, რომ თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი და არა ცხელი თაფლიანი ჩაი, თაფლიანი რძე, რაც გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე სხვა ქიმიური საშუალებები.

ძირითადად ბაღი არის ის სივრცე, საიდანაც ბავშვებს  ვირუსები მოაქვთ. რა უნდა ქნან მშობლებმა ამ დროს, გაზაფხულამდე უნდა დაივიწყონ ბაღი თუ რა არის თქვენი რეკომენდაცია?

არა, არ უნდა დავივიწყოთ. ჩვენ უნდა გავიგოთ ერთი ამბავი – ადამიანი აბსოლუტურად უმწიფარი იბადება, მას დედის სხეულიდან, პლაცენტის გავლით საკვები ნივთიერებები და კიდევ ანტისხეულები გადაეცემა. ეს ანტისხეულები პირველ 5-6 თვემდე რაღაცას ახერხებს, რომ ინფექციებს გაუმკლავდეს, მაგრამ უკვე 6 თვიდან, პრაქტიკულად, განილევა და იწყება ე.წ იმუნოლოგიური ღიაობა, როდესაც ადამიანს არ აქვს საკუთარი ანტისხეულები სინთეზირებული.

იმუნური სისტემა უნდა განვითარდეს, რაც შემდეგნაირად ხდება: მას ემართება სხვადასხვა ინფექცია და იმუნიტეტი იწყებს მუშაობას, მოქმედებას და თავად ქმნის იმ ანტისხეულებს, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება. ასე, რომ თქვენი პატარების იმუნიტეტი სწორედ ასე ვარჯიშობს და სწორედ ასე ვითარდება, ბაღში თუ არა,  ეს ინფექციები სკოლაში დაემართება.

ადრეული ასაკის ბავშვი 8-ჯერ, 10-ჯერ, 12-ჯერ და ხანდახან მეტჯერაც ხდება ავად. მეორე საკითხია ის, რომ როდესაც მშობელს ეკითხები, რამდენი ხანია ახველებს ბავშვს, ამბობს, რომ მთელი წელია და არ ტყუის, მართლა ასეა. თუ, ვთქვათ, ბავშვი წელიწადში 10-ჯერ გახდა ავად, ყველა პედიატრმა იცის, რომ ნარჩენი ხველა, დაახლოებით, 3 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს და გამოდის, რომ პატარა ბავშვი, წლის მანძილზე, დაახლოებით, 250 დღე ახველებს, მაგრამ ეს მწვავე ხველა არ არის, ეს არის ნარჩენები. ეს ბუნებრივი ამბავია, უბრალოდ, ვიღაც უფრო მეტად ავადობს, ვიღაც უფრო ნაკლებად, მაგალითად, სტატისტიკურად ვაჟები უფრო მეტად ავადობენ, ვიდრე გოგონები და ამას ხელს უწყობს არა მხოლოდ იმუნური სისტემის თავისებურებები, არამედ სასუნთქი გზების თავისებურებებიც, მაგრამ დაახლოებით 6 წლისთვის ეს სქესობრივი განსხვავებები იხსნება და შესაბამისად, ეს პრობლემაც უკანა პლანზე გადადის. ასაკის მატებასთან ერთად თქვენი შვილის იმუნიტეტი უფრო მყარი გახდება და იშვიათი გახდება ეს ხშირი ავადობაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები