LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე Profy გამოჩნდა – საქართველოში დალაგების სერვისის მიღება და ხელოსნის გამოძახება კიდევ უფრო გამარტივდა

5
FF

საქართველოში დალაგების სერვისის მიღება და ხელოსნის გამოძახება კიდევ უფრო გამარტივდა. ადგილობრივ ბაზარზე ახალი კომპანია, სახელწოდებით Profy გამოჩნდა, რომლის ძირითადი მიზანია, მარტივად დააკავშიროს ერთმანეთს ორი მხარე – მომხმარებელი და ხელოსანი.

სანტექნიკის, მილების და დენის გაყვანილობების გამართული მუშაობა, მწყობრში მოყვანილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სისუფთავე სახლში და ბევრი სხვა დამატებით სერვისი – ეს ყოველივე მარტივად შეგიძლიათ შეუკვეთოთ Profy-ის ვებგვერდის, ან აპლიკაციის საშუალებით.

ახლადგამოჩენილი კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში Profy-ის გენერალურმა მენეჯერმა ირაკლი ზანთარაიამ ისაუბრა.

– როდის გამოჩდა Profy ბაზარზე და რას მოიცავს მისი საქმიანობა?

Profy არის საყოფაცხოვრებო სერვისების პლატფორმა, რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს ხელოსნისა და დამლაგებლის გამოძახებას აპლიკაციის, ან ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. დღეისათვის, ახალი გაშვებული გვაქვს დალაგების სერვისი, რომელიც ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნის საფუძველზე დავამატეთ. ხელოსნის მომსახურებას რაც შეეხება, ეს სერვისი გავუშვით 2019 წლის ოქტომბერში. მას შემდეგ საკმაოდ მზარდია კომპანია. მომხმარებლებს მოეწონათ ჩვენი სერვისი, კარგი გამოხმაურება მოჰყვა იმიტომ, რომ ხარისხსს ვაკონტროლებთ, განრიგებს ვაკონტროლებთ, ჩვენი ხელოსნები არ აგვიანებენ შეკვეთებზე და ა.შ. შესაბამისად, თავად მომხმარებლებიდან წამოვიდა მოთხოვნა, რომ დაგვემატებინა დალაგების სერვისი, რომელსაც ასევე დადებითი გამოხმაურება აქვს.

-როგორ უნდა მიიღონ თქვენი მომსახურება დაინტერესებულმა პირებმა?

ძალიან მარტივად. უნდა გადმოიწერონ ჩვენი აპლიკაცია, რომელშიც არის ყველა სერვისი და ყველა კატეგორია ჩაშლილი. აქ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს კონკრეტული სერვისი. მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ ონკანის შეკეთება – ამ დროს, მომხმარებელი უნდა შევიდეს სანტექნიკის განყოფილებაში, აირჩიოს ნივთი და აირჩიოს, რა ოპერაციის ჩატარება სურს ამ ნივთთან დაკავშირებით, შეკეთება იქნება, მონტაჟი, გაწმენდა, თუ სხვა… ამის შემდეგ, მიუთითებს მისამართს, სად უნდა მოვიდეს ხელოსანი. სისტემა კლიენტს აჩვენებს შემსრულებლების სიას. ამ სიაში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მისთვის სასურველი ხელოსანი ფასის, რეიტინგის და წინა მომხმარებლების მიერ დატოვებული კომენტარების საფუძველზე. ეს ნიშნავს იმას, რომ Profy ბაზარზე საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის სერვისს, რადგან თავისუფალი მარკეტის პრინციპებია გამოყენებული და ოსტატები თავად აწესებენ ფასებს სერვისებზე. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, აირჩიოთ უფრო დაბალფასიანი, ან უფრო მაღალფასიანი ოსტატი. თუმცა, აქვე უნდა განვმარტო, რომ ყველა ოსტატი, რომელიც არის განთავსებული ჩვენს პლატფორმაზე, გადის ძალიან მკაცრ შემოწმებას. აქედან გამომდინარე, უფრო დაბალი ფასი ჩვენს პლატფორმაზე არ ნიშნავს, რომ უფრო დაბალი ხარიხის მომსახურებას მიიღებს მომხმარებელი.

-რითი გამოირჩევით ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან, რამდენად მაღალია ამ სფეროში კონკურენცია?

დღევანდელი რეალობა რომ წარმოვიდგინოთ: როცა გჭირდებათ სერვისი, გაქვთ რამდენიმე გზა, რომ მიიღოთ ეს სერვისი: უნდა მოძებნოთ ინტერნეტში შესაბამისი განცხადებები, მაგრამ, როგორც წესი, უმეტესობა არის ვადაგასული. ამას თან ახლავს სანდოობის საკითხიც, იმიტომ, რომ არ ვიცით ვინ მოვა ჩვენთან სახლში, ვინ უნდა შემოვუშვათ, რამდენად პროფესიონალი ადამიანია… არსებობს სერვისის მიღების კიდევ რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის: კომპანიები, ნაცნობობით მოყვანილი ხელოსნები, ან ისეთ ადგილებში უნდა წახვიდეთ, სადაც მსაგვსი პროფესიის ადამიანების დიდი არჩევანია, მაგალითისთვის ე.წ ელიავას ბაზრობა. Profy-ის შემთხვევაში ეს ყველაფერი მოგვარებულია და ძალიან მცირე დროშია შესაძლებელი სერვისის მიღება. პლატფორმაზევე ნახულობს კლიენტი ვინ მიდის მასთან. ეს ხელოსანი ჩვენ მიერ, რა თქმა უნდა, გადამოწმებულია, ნასამართლეობის ცნობა მოაქვს ჩვენთან, ტრენინგები გავლილი აქვს, ვამოწმებთ მის პროფესიულ დონეს… ამასთან, მომხმარებელს პლატფორმაზე უჩანს გრაფიკიც, რომელ საათზე შეუძლია გამოიძახოს კონკრეტული ოსტატი, ან დამლაგებელი. შესაბამისად, მომხმარებელი თვითონ არჩევს კონკრეტულ დროს და არ არის დამოკიდებული მიმწოდებელზე.

-თუ არის ქვეყანაში მოთხოვნა იმ სერვისზე, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობთ და ძირითადად, ვინ არიან თქვენი კლიენტები?

რა თქმა უნდა, არის. ყველაზე მოთხოვნადი დალაგება და ხელოსნის გამოძახებაა. ჩვენი მომხმარებლები არიან ფიზიკური პირები, ჩვენ ვმუშაობთ რითეილზე, დღეისათვის, კორპორატიულ სეგმენტს არ ვემსახურებით. რაც შეეხება საქმიანობის არეალს, ჯერჯერობით მხოლოდ დედაქალაქს მოვიცავთ და მის შემოგარენს: ტაბახმელა, წავკისი… თუმცა, წლის ბოლომდე უკვე წარმოდგენილები ვიქნებით სხვადასხვა ქალაქში, საქართველოს მასშტაბით.

-რამდენ ადამიანს ასაქმებთ ამ დროისთვის?

ხალხის დასაქმების პროცესი ჩვენთან არის მუდმივი, რადგან ჩვენ ვართ პლატფორმა და ერთმანეთს ვაკავშირებით სერვისის მაძიებელსა და სერვისის ხარისხიან მიმწოდებელს. ყოველდღიურ რეჟიმში ვამატებთ კადრებს სხვადასხვა კატეგორიებში, იმიტომ, რომ მოთხოვნა იზრდება. ამჟამად, Profy-ის პლატფორმაზე დასაქმებულია 200-მდე ადამიანი.

გარდა კადრების დამატებისა, წლის ბოლომდე ვაპირებთ სერვისის გამრავალფეროვნებასაც. მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე, როგორც უკვე გითხარით, ცოტა ხნის წინ დავამტეთ დალაგების სერვისი და ამ სერვისს უკვე მოჰყვა მოთხოვნა რემონტის შემდგომ დალაგების სერვისზეც. ახლა სწორედ ამ სერვისზე ვმუშაობთ და მას ძალიან მალე შევთავაზებთ ბაზარს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Profy-ის ვებგვერდს: www.profy.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები