LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა კულუმბეგოვის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

16
49175097_276211056625070_1306386295320215552_n

ბიძინა კულუმბეგოვის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

,,რას უსმენენ ცნობილები” რადიო ,,ფორტუნას” მუსიკალური პროექტია, რომელიც ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს და მათ მიერ შერჩეულ შვიდეულს სთავაზობს. ამჯერად გადაცემას ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სტუმრობდა. მას საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც გამორჩეულ ექიმს, ხოლო როგორც მელომანი პირველად მოგვიყვება საყვარელი სიმღერების შესახებ.

„როცა გადაცემაში სტუმრობაზე შემოთავაზება მივიღე, სიმართლე გითხრათ, ბევრი ვიფიქრე. განსაკუთრებული მელომანობით არ გამოვირჩევი, თუმცა, მუსიკა ძალიან მიყვარს და ყველა ჟანრს ვუსმენ… სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა 7 სიმღერის არჩევა, მაგრამ შევარჩიე ის ნამუშევრები, რომლის მოსმენაც ყოველთვის მსიამოვნებს“

მეშვიდე ადგილი

ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა, დაწყებული შოპენით, დამთავრებული მოცარტითა და ბახით. თუმცა, განსაკუთრებულ აღმაფრენას ჩემში ვივალდი იწვევს. მე-18 საუკუნეში დაბადებული ვენეციელი კომპოზიტორი, რომელსაც არაჩვეულებრივი მუსიკალური ნაწარმოებები აქვს შექმნილი. მეშვიდე ადგილზეა ვივალდი თავისი ცნობილი ოთხი სეზონით და განსაკუთრებით გამოვარჩევ ერთ სეზონ ეს და არის ზამთარი…

მეექვსე ადგილი

ამერიკული ჯაზის ლეგენდად აღიარებული ბილი ჰოლიდეის სიმღერა I’m a Fool To Want You პირველად 16-17 წლის წინ მოვისმინე და დღემდე ჩემთვის საყვარელი სიმღერაა. მისი შესრულების მანერა ჩემს აღფრთოვანებას იწვევს, ამიტომ ამ სიმღერას ჩემს ყოველდღიურობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

მეხუთე ადგილი

მაიკლ ჯექსონის – Billie Jean ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერაა და მე შემიძლია მოგიყვეთ ისტორია, თუ როგორ მოვისმინე პირველად ეს სიმღერა. იყო ერთი ქალბატონი, რომელიც მაიკლ ჯექსონს უგზავნიდა წერილებს და ამ წერილებში უწერდა, რომ მისგან შვილი ჰყავდა. მაიკლი ამას უარყოფდა, რის შემდეგაც ქალბატონმა მას გაუგზვნა საფოსტო ყუთი, სადაც იდო ცეცხლსასროლი იარაღი წერილთან ერთად. წერილში ეწერა, რომ თუ მომღერალი არ აღიარებდა შვილს, მაშინ ამ იარაღით უნდა მოეკლა მაიკლს თავი და შემდეგ, ეს ქალი თავად მოკლავდა შვილს, რათა იმ ცხოვრებაში ერთამანეთს შეხვედროდნენ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი განაცხადეს პოლიციაში და ის ქალბატონი ფსიქიატრიულში მოხვდა. ეს ისტორია ძალიან მძიმეა, მაგრამ თუ სიმღერის ტექსტს დავაკვირდებით, ეს მაჟორული სიმღერა საკმაოდ ღრმა შინაარსის მატარებელია.

მეოთხე ადგილი

არ ვდაობთ, რომ Pink Floyd ესაა ჯგუფი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მუსიკის ისტორიაში. სიმღერის სახელი გახლავთ Breathe, რომელიც შესულია ალბომში Dark Side of The Moon. სიმღერას ბავშობიდან ვუსმენ და შეიძლება ითქვას, რომ 35 წელია მომყვება (იღიმის)

 მესამე ადგილი

ირაკლი ჩარკვიანი სიმღერით ,,სულს მოგცემ“. ეს ერთ-ერთი იმ სიმღერათაგანია, რომელსაც მარტო ყოფნის დროს ვუსმენ და ძალიან მიყვარს.

მეორე ადგილი

მეორე ადგილი მივაკუთვნე ჯგუფს U2 სიმღერით One. მათი ბევრი სიმღერა მომწონს, მაგრამ ეს სიმღერა განსაკუთრებით მიყვარს და ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს.

პირველი ადგილი

პირველი ადგილი ბრიტანულ ბენდს Coldplay-ის ეკუთვნის. ეს არის ჯგუფი, რომელიც სანახაობას ჩუქნის მსმენელს და გემოვნების ზეიმი ყველა დეტალში იგრძნობა. მათ ბევრი კარგი სიმღერა აქვთ, მაგრამ Everglow არის ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი სიმღერა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეიძლება მოვუსმინო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები