LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრიკორამა” დისტანციურ გაყიდვებზე გადავიდა

5
Cover

ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი და ამ წესრიგის ფარგლებში, აბსოლუტურად განსხვავებულ სამუშაო რეჟიმზე გადასული ბიზნესი. რა ხდება საქართველოში ამ კუთხით და როგორ მუშაობენ კომპანიები?

„ბიზნესნიუსის“ სტუმარი აკეთე შენით ფორმატის ჰიპერმარკეტ „ბრიკორამას“ ფინანსური დირექტორი კახაბერ სონიშვილი იყო, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომლებიც კომპანიამ მას შემდეგ დანერგა, რაც საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

-რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა „ბრიკორამასთვის” და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რა ღონისძიებები გაატარეთ, თუ შეცვალეთ სამუშაო რეჟიმი?

„ბრიკორამა“ თითქმის 4 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა და ამ პერიოდის მანძილზე, მუდმივად ჩართულები ვართ სოციალურ პროექტებში. ზოგადად, სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითისთვის, იცით რომ, „ბრიკორამამ“ თავისი კონტრიბუცია შეიტანა აუტიზმის ცენტრის მშენებლობაში. ჯამში, 200 ათას ლარზე მეტი გვაქვს დახარჯული სხვადასხვა სოციალურ პროექტში. ასე რომ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კონკრეტულად ამ შემთხვევას რაც შეეხება, გავიაზრეთ საფრთხეები და ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა, ამიტომ რამდენჯერმე, პერმანენტულად, კვირაში ერთხელ ჩავატარეთ სადეზინფექციო სამუშაოები, გაიწმინდა როგორც სავაჭრო დარბაზი, ისე ოფისები, საწყობები, ჩვენს თანამშრომლებს უკეთიათ პირბადეები, ხელთათმანები.. სრულად ვითვალისწინებთ როგორც ჩვენი მთავრობის, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ამ ეტაპზე ჩვენი მაღაზია დაკეტილია და გადასულები ვართ ონლაინ მომსახურებაზე.

-როგორ მიმდინარეობს ონლაინ გაყიდვები, რამდენად აქტიურია ამ მხრივ მომხმარებელი?

ზოგადად, საქართველოში ონალინ გაყიდვები და შესყიდვები კომპანიებისთვის და ფართო მასებისთვის, ისეთი გათავისებული არ არის, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში… შესაბამისად, ჩვენ არ ვიყავით სრულად მზად ონლაინ გაყიდვებისთვის. თუმცა, მოცემულმა გარემოებამ გვაიძულა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაგვევლო ადაპტირება და მოვრგებოდით არსებულ მოთხოვნებს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ სულ რაღაც 3 დღეში მოვახერხეთ ონლაინ გაყიდვებზე გადაწყობა – სტრუქტურულად, ტექნიკურად. ჩვენთან არ ხდება მხოლოდ პროდუქციის ყიდვა ონლაინ, ჩვენთან შესაძლებელი გახდა სასურველი პროდუქციის დისტანციურად შეძენა – სოციალური ქსელის, თუ ტელეფონის მეშვეობით. გარდა ამისა, ჩვენი მომსახურება არ არის მხოლოდ ონლაინ გაყიდვა. ფაქტობრივად, ჩვენს თითოეულ მომხმარებელს ჰყავს პერსონალური კონსულტანტი, რომელსაც უკავშირდება, გადის კონსულტაციებს, ჩვენი კონსულტანტი ურჩევს სხვადასხვა პროდუქციას, სხვადასხვა ფასის დიაპაზონში…

-რამდენი დასახელების და რა პროდუქციაა წარმოდგენილი კომპანიის ონლაინ კატალოგში?

„ბრიკორამა“ იცით, რომ დიდი მაღაზია, ჩვენ დაახლოებით 55 ათასი დასახლების პროდუქცია გვაქვს, ყველა მათგანის შეძენა შეუძლია მომხმარებელს დისტანციურად. შეზღუდვა არ არის, ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც გვაქვს მაღაზიაში, წარმოდგენილია ონლაინ მაღაზიაშიც. გარდა ამისა, გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია…

-იმ დღიდან, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, შემცირდა თქვენი კომპანიის გაყიდვები და შესაბამისად, შემოსავლები?

კი, თავისთავად…. არსებულმა მდგომარეობამ არსებითად შეცვალა მომხმარებლის ქცევაც და მოთხოვნაც და რა თქმა უნდა, მოხმარებელი გადაერთო საკვებ პროდუქტზე, პირველადი მოთხოვნილების პროდუქტებზე. შესაბამისად, დაეცა მყიდველუნარიანობა ჩვენი მომხმარებლების და არსებითად არის შემცირებული რეალიზაცია..

-როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის და ქვეყანა ჩვეულ სამუშაო რიტმს დაუბრუნდება – რა გეგმები აქვს “ბრიკორამას“?

საგანგებო მდგომარეობის გავლის შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ მთელი ქვეყანა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ კვლავ ჩვენი მომხმარებლების მიღებას, მათთვის სხვადასხვა შეთავაზებების გაკეთებას, რასაც აქამდე წარმატებით ვაკეთებდით… თუმცა, მოგვიწევს ბიუჯეტის გადახედვა და მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი იქნება ამ პერიოდის ხანგრძლივება… რაც შეეხება გასულს წელს, ის იყო ძალიან წარმატებული „ბრიკორამასთვის“. დაგეგმილი რაც გვქონდა, ყველაფერი გადაჭარბებით შევასრულეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები