LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემზე ამან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, ფარდა გადავწიე, გამოვბრუნდი და ერთი კვირა თეატრში არ მივსულვარ” – ტრისტან სარალიძე და ნიკა ქაცარიძე გადაცემაში „არტ Fm”

14
artfm99

გადაცემის ლაივი LIVE

რუსთაველის თეატრის ახალი სპექტაკლის პრემიერის, სეზონის გახსნის და საკუთარი როლების შესახებარტ fm”-თან რუსთაველის თეატრის მსახიობებმა, ტრისტან სარალიძემ და ნიკა ქაცარიძემ ისაუბრეს

ძალიან მალე, 20-21 სექტემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრი 143- სეზონს ხსნის. საპრემიერო სპექტაკლის სახელწოდება არისჯილდო“, რომლის რეჟისორიც რობერტ სტურუაა. რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა ამ სპექტაკლის პრემიერა 27-31 ივლისს უკვე ჩაატარა, მხოლოდ რაჭასა და ზემო სვანეთში. აქამდე თუ ყოფილა შემთხვევა, რომ სეზონის პრემიერა რეგიონებში ყოფილიყო და როგორი იყო მაყურებლის ემოცია?

ტრისტან სარალიძე: ბუნებრივია, მაყურებელი ძალიან გახარებული იყო. ჯერ მხოლოდ იმიტომაც, რომ თვითონ იდეა იყო ნოვატორული, პირველად გავედით რაიონში და ვნახეთ, როგორ მიდიოდა მაყურებლამდე ჩვენი თამაში. ბუნებრივია, იქიდან ძალიან კმაყოფილები ჩამოვედით, შესანიშნავი ადამიანები დაგვხვდნენ, შესანიშნავ ბუნებაში ვიყავით. სპექტაკლები გვქონდა ონში, ამბროლაურში და მესტიაში. რასაკვირველია, ყველაფერს რეგულაციების დაცვით ვაკეთებდით.

ახალი სეზონის გახსნა რუსთაველის თეატრში 20 სექტემბერს იგეგმება. სპექტაკლიჯილდო“ 19:00 საათზე დაიწყება. მისი დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუაა, რეჟისორი ხათუნა მილორავა, მხატვარი ელისაბედ ჭიჭინაძე, მუსიკალური გაფორმების ავტორი ია საკანდელიძე, ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე, რეჟისორის თანაშემწე კი მარინა ამაღლობელი. თქვენ, როგორც სპექტაკლის მონაწილეები, რას გვეტყვით თქვენს როლებზე და როგორი იყო რობერტ სტურუასთან მუშაობა?

 ტრისტან სარალიძე: რობერტ სტურუა უდიდესი რეჟისორია, რომელსაც ქართული თეატრის წინაშე უდიდესი დამსახურება აქვს. თუმცა მასთან მუშაობა საკმაოდ რთულია, ადვილი ნამდვილად არ არის. რადგან როგორც დიდი რეჟისორების უმეტესობა, სტურუაც ყველა სიტყვას, მუსიკალურ ფრაზას, მოძრაობას და მზერას აქცევს ყურადღებას. ბუნებრივია ვცდილობთ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც მას მოეწონება. მსახიობებს ზოგს მეტი გამოცდილება აქვს, ზოგს ნაკლები. მე პირადად 43 წელია რუსთაველის თეატრში ვარ, პირველად ამ თეატრის სპექტაკლში 1979 წელს ვითამაშე,კონკრეტულად კი სპექტაკლში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, სადაც რეზო ჩხიკვიშვილის პერსონაჟის ერთ-ერთი მეგობრის როლი შევასრულე.

ბატონო ტრისტან, თუ შეიძლება გაიხსენოთ პატარა ისტორია, ამ გადმოსახედიდან რა გახსენდებათ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს 43 წლიან კარიერაში მას შემდეგ, რაც რუსთაველის თეატრში მოღვაწეობთ?

 ტრისტან სარალიძე: ზოგადად, როცა ბრძანება იწერება და თეატრში მსახიობის სტატუსით მიდიხარ, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად გამოცდილი ხარ. მსახიობი გქვია და თეატრში მუშაობ. არასდროს დამავიწყდება თეატრში ჩემი პირველი მისვლა, როცა შევედი მსახიობთა ფოიეში და დიდი მაგიდის გარშემო მსხდომი ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, გოგი გეგეჭკორი, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, ედიშერ მაღალაშვილი, გოგი ხარაბაძე, კარლო საკანდელიძე, გურამ საღარაძე, ავთო მახარაძე და სხვები… ჩემზე ამან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, ფარდა გადავწიე, გამოვბრუნდი და ერთი კვირა თეატრში არ მივსულვარ. თეატრის დირექტორმა რომ დამირეკა და მომიკითხა, ვუთხარი ვერ მოვალ, მეშინია მეთქი.(იცინის) ისეთი არტისტები დამახვედრეთ, მაგათთან რა იმუშავებს მეთქი. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სახელოვანი ხალხი ჩემი მეგობრები გახდნენ, ევროპა, ამერიკა და აზია ერთად მოვიარეთ, უამრავ სცენაზე, უამრავ სპექტაკლში ვითამაშეთ და უბედნიერესი ადამიანი ვიყავი ამ დროის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში ვთამაშობდი ფილმებშიც და უკვე გადაღებული ვიყავი ისეთ ფილმებში, რითაც მიცნობენ, მაგალითად „სიყვარული ყველას უნდა“, „ადამიანთა სევდა“, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ დაა.შ. საერთო ჯამში 80 ფილმში ვარ გადაღებული, გარდა ამისა მითამაშია ტელესერიალებში, სარეკლამო კლიპებში… ხანდახან მიკვირს, ამდენი რამ როგორ მოვასწარი…

აბანოთუბანთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ აუცილებლად

ტრისტან სარალიძე: ეს ჩემი იღბლიანი ისტორიაა (იცინის). ბინის ყიდვას ვაპირებდი და ერთმა ნაცნობმა ებრაელმა კაცმა, რომელიც ქვეყნიდან მიდიოდა, თავისი ბინის ყიდვა შემომთავაზა. მაშინ აბანოთუბანი სულაც არ იყო პრესტიჟული უბანი და ბინებიც იაფი ღირდა. როცა ადგილზე მივედი, სახლი ძალიან მომეწონა და ჩემდა ბედად, ამ კაცმა ზუსტად ის თანხა მომთხოვა, რაც ჯიბეში მედო – 5000 დოლარი. ამიტომ ვამბობ, რომ იღბლის ამბავია, თორემ ამაში ვერცერთი მაკლერი ვერ დამეხმარებოდა (იცინის).

ნიკა, თქვენ რუსთაველის თეატრის მსახიობი ხართ 2005 წლიდან, თუმცა მაყურებელს უფრო მეტად ალბათ სერიალებიდან ახსოვხართ და უყვარხართ. თქვენ ნათამაშევი გაქვთჩემი ცოლის დაქალებში“, „ტიფლისში“, „შუა ქალაქშიდა .. თუმცა ახლა მინდა ექსკლუზიური ინფორმაცია გავაჟღეროთქვენ მონაწილეობას იღებთ გიორგი ჭუმბურიძის მხატვრულდოკუმენტურ ფილმშიალექსანდრე დიუმას მოგზაურობა საქართველოში“, სადაც ალექსანდრე დიუმას როლს ასრულებთ

 ნიკა ქაცარიძე: დიახ, გიორგი ჭუმბურიძემ დამირეკა და მითხრა – „ვინ, თუ არა შენ უნდა ითამაშოს დიუმას როლიო?“ რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა და ცოტა გამიკვირდა კიდევაც, თუმცა შემდეგ დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ დიუმას ვგავარ. ფილმი მხატვრულ-დოკუმენტურია და დიუმას წიგნს ეფუძნება, იქნება მხოლოდ ის, რასაც დიუმა იხსენებს თავის სტუმრობაზე საქართველოში, ქართველების სტუმართმოყვარეობაზე, ოპერაში სტუმრობაზე, როდესაც ფალიაშვილის „დაისი“ მოისმინა და აღფრთოვანდა, ასევე აბანოში პირველ სტუმრობაზე და პარიკმახერზე, რომელმაც თმა შეჭრა და დაამახინჯა (იცინის).

საინტერესოა, რომ ერთერთ სერიალში თქვენს პერსონაჟს თავს გადახდენილი ამბავი ცხოვრებაშიც თავს გადაგხდათსაინტერესოა, რა გასწავლათ პანდემიამ, თუნდაც სამშენებლო სამუშაოების კუთხით?

 ნიკა ქაცარიძე: „შუა ქალაქის“ პერსონაჟივით მართლაც ვისწავლე გალესვა..(იცინის). პანდემიის გამო სოფელში დავბრუნდი და იქ რამე ხომ უნდა მეკეთებინა? მამიდამ ტრაქტორის ყიდვა მთხოვა, რაზეც დავთანხმდი, შემდეგ ხვნა-თესვაც ვისწავლე. გარდა ამისა, რასაკვირველია ამ ყველაფერს დალევა და ქეიფიც ახლდა (იცინის).

 –მოგვიყევით თქვენი კონკრეტული როლების შესახებ სპექტაკლშიჯილდო“…

ტრისტან სარალიძე: უკვე ორი წელია ამ სპექტაკლს ვაკეთებთ, ხან პანდემიამ შეგვიშალა ხელი, თეატრი ხან გაიხსნა, ხან დაიკეტა. ამას წინათ რობიკოსთან შინაურულად ვსაუბრობდი და ვუთხარი, როცა ბოლოს და ბოლოს პრემიერა შედგება, ცხვარი უნდა დავკლა მეთქი (იცინის). ძალიან საინტერესო სპექტაკლს ველი და ვნახოთ, როგორ იქნება. სპექტაკლი, როგორც იცით, ცოცხალი ორგანიზმია, ამ კონკრეტულ სპექტაკლში სულ შვიდი მსახიობი თამაშობს, მაგრამ მაინც რთული სათქმელია როგორი გამოვა, რატომ უნდა მოვიდეს მაყურებელი სპექტაკლზე და როგორი გამოვა ის. სპექტაკლი არის ქალზე, რომელიც ელიტარული წარმოშობისაა. ის იღებს ჯილდოს, ორდენს და აღნიშვნისას ერთ-ერთი სადღეგრძელოს დროს მას ღვინოში აგდებს, რის შემდეგაც შემთხვევით გადაეყლაპება ეს ორდენი (იცინის). ქალს სურს სახლში გადაიხადოს ბანკეტი და სტუმრები მოიწვიოს, თუმცა კანალიზაციის მილია გაფუჭებული. ბუნებრივია, გასაკეთებლად სანტექნიკოსს იძახებენ, რომელიც ყველაფერს აურ-დაურევს. სწორედ ამ კაცს ვთამაშობ მე. (იცინის) მეც არ ვიცი ბოლომდე რა იქნება ჯერჯერობით, რადგან რობიკო მუდამ ცვლის სპექტაკლის ნიუანსებს, ახლა მოგვიტანეს ჩასწორებული როლები, მაგრამ ვიცი, რომ არც ეს იქნება საბოლოო ვერსია. თუმცა ძალიან დიდი სიამოვნებაა ბატონ რობერტთან და ამ კოლექტივთან მუშაობა. ძნელიცაა ამდენი ცვლილებების ფონზე და თან რობიკო ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს, რისი გაკეთებაც ძალიან ძნელია. და თუ გააკეთე, შეიძლება კიდევ შეგიცვალოს მთელი რიგი ნიუანსები იქვე, რეპეტიციაზე.

ნიკა ქაცარიძე: ორი სიტყვით ნამდვილად ვერ მოვყვები პერსონაჟზე, რომელზეც ორი წელია ვმუშაობ. თან მუდმივი ცვლილებების ფონზე. თუმცა მარტივად ვიტყვი, რომ ამ ქალბატონისათვის ორდენის წართმევის მსურველი პერსონაჟები გამოჩნდებიან, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი პერსონაჟია. შესაბამისად ვნახოთ, რა გამოვა საბოლოოდ. ფაქტია, ამ პერსონაჟში უდიდესი შრომა ჩავდე.

-დროა, ბლიც-კითხვებზე გადავიდეთ.

მარადიულ ახალგაზრდობასა და ბევრ ფულს შორის რომელს აირჩევდით?

ტრისტან სარალიძე: ცხადია ახალგაზრდობას.

ნიკა ქაცარიძე: თუ მთავაზობენ ორივე მომცენ, რატომღა უნდა ავირჩიო? (იცინის)

-თქვენს ორეულს რომ შეხვდეთ, როგორი ურთიერთობა  გექნებოდათ მასთან?

ტრისტან სარალიძე: ვიმეგობრებდი.

ნიკა ქაცარიძე: რასაკვირველია, კარგი ურთიერთობა მექნებოდა.

-ცხოვრების რომელ ეტაპზე მიხვდით, რომ გაიზარდეთ?

ტრისტან სარალიძე: მე მამა ადრე გარდამეცვალა და მალევე მივხვდი, რომ ამიერიდან ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო.

ნიკა ქაცარიძე: სადღაც 17-18 წლის ასაკიდან, როდესაც მუშაობაც დავიწყე.

-როცა განვლილ ცხოვრებაზე ფიქრობთ, რა გაკვირვებთ ყველაზე მეტად?

ტრისტან სარალიძე: მოთმინება. მიკვირს, რამდენი რამ მომითმენია.

ნიკა ქაცარიძე: ძალიან ბევრი რამ.

-არის თუ არა ბედნიერება ფულში?

ტრისტან სარალიძე: ნამდვილად არის.

ნიკა ქაცარიძე: ცხადია, ფული თავისუფლებაა.

-ფულია თქვენი მსახური თუ თქვენ ემსახურებით ფულს?

ტრისტან სარალიძე: ფულია მსახური.

ნიკა ქაცარიძე: ცხადია ფული არის მსახური.

-თქვენს ცხოვრებაზე ფილმს რომ იღებდნენ, ვის ისურვებდით რეჟისორად და მთავარ როლში?

ტრისტან სარალიძე: რეჟისორად კოპოლა და მთავარ როლში მე და ნიკა ვიყოთ (იცინის).

-კითხვა, რომელსაც მუდამ უსვამთ საკუთარ თავს…

ტრისტან სარალიძე: ხომ არ დავკარგე ცხოვრების ხალისი?

ნიკა ქაცარიძე: შესანიშნავი ფორმულირებაა ბატონი ტრისტანის მიერ, ვეთანხმები.

-ნიჭს და იღბალს შორის რომ ირჩევდეთ რომელს აირჩევდით?

ტრისტან სარალიძე: იღბალს.

ნიკა ქაცარიძე: ცხადია იღბალს.

-გაქვთ თუ არა საიდუმლო, რომელსაც ახლობლებსაც კი არ უმხელთ?

ტრისტან სარალიძე: ცხადია.

ნიკა ქაცარიძე: რა თქმა უნდა.

-მოგვიყევით…

ტრისტან სარალიძე: არავითარ შემთხვევაში (იცინის).

-თუ არის რაიმე ისეთი, რასაც ცხოვრებაში არასდროს გააკეთებდით და გასინჯავდით?

ტრისტან სარალიძე: ცხადია არის, მაგრამ ამას არც კი ვახსენებ და არც სხვას ვურჩევ.

ნიკა ქაცარიძე: მეც ასევე.

-ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ყველაზე ზუსტად ერგება თქვენს ცხოვრებას…

ტრისტან სარალიძე: ბევრი ბრძნული გამონათქვამი წამიკითხავს და მსმენია,მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც ჩემი მალიარის ნათქვამი ფრაზაა – „ჯობია იყო მდიდარი და ჯანმრთელი, ვიდრე ღარიბი და ავადმყოფი“ (იცინის). ხომ გენიალურია?

ნიკა ქაცარიძე: აქაც დავეთანხმები ბატონ ტრისტანს, უფროსი ადამიანებისგან უნდა ვისწავლოთ…

-როგორ წარმოგედგინათ საკუთარი თავი ბავშვობაში და რამდენად აგიხდათ ბავშვობის ოცნებები?

ტრისტან სარალიძე: მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა, მახსოვს, დედამ რამდენჯერმე წამიყვანა კლუბში წარმოდგენებზე და შემდეგ ეზოში მე თვითონ მოვიწყვე სცენა, სადაც ლექსებს ვკითხულობდი. ჩემს წინ კომბოსტოს ბაღი იყო და ისე ჰგავდა კომბოსტოები ადამიანის თავებს…კომბოსტოებს ვუკითხავდი ლექსებს… (იცინის)

ნიკა ქაცარიძე: ალბათ იმედები გამიმართლდა, რადგან ბავშვობიდანვე მსახიობობა მინდოდა და სხვა რამე არც წარმომედგინა.

-ყოველდღე ერთი და იგივე დღით რომ ცხოვრობდეთ, რომელ დღეს აირჩევდით?

ტრისტან სარალიძე: თუ სულ ერთი დღე უნდა ვიცხოვრო, იმ ერთი დღის გარდა სხვას ვერ ვიცხოვრებ.

ნიკა ქაცარიძე: ჩემი შვილის დაბადების დღეს, რომ სულ ის ემოცია ტრიალებდეს.

-რას ნანობთ, რისი გაკეთება ვერ მოასწარით?

ტრისტან სარალიძე: სიზარმაცეს ვნანობ, ბევრჯერ მიზარმაცია, არ გამიკეთებია გასაკეთებელი და ამაში ბევრი დრო მაქვს დაკარგული. არასდროს არ მოაქვს სიზარმაცეს კარგი არაფერი.

-ერთ საათში რამე ახლის სწავლა რომ შეგეძლოთ, რას ისწავლიდით?

ნიკა ქაცარიძე: „შპაკლი“ მინდა ვისწავლო, იმიტომ რომ სახლში რემონტი მაქვს, მაგრამ ხელოსანი აღარ ამთავრებს, არადა ბავშვები მყავს და მთელ სახლში მტვერი დევს…(იცინის)

-ხართ თუ არა აზარტული და რამდენად ხშირად რისკავთ?

ტრისტან სარალიძე: სხვათა შორის აზარტული არ ვარ. ბავშვობაში შეიძლება რამდენიმე ხელი ჯოკერი მქონდეს ნათამაშევი, ამით ამოიწურება ჩემი აზარტულობა. კაზინოში არ ვყოფილვარ და არც მაინტერესებს.

ნიკა ქაცარიძე: მეც ძალიან არააზარტული ადამიანი ვარ, არ მაქვს კაზინოების ინტერესი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები