LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩვენ ვართ პირველები საქართველოში, ვინც პანდემიის შემდეგ ახალი სტანდარტებით, პირდაპირ ეთერში გადაწყვიტა ფესტივალის მოწყობა” – ,,ღამის სერენადების” საინტერესო დეტალები „არტ-FM“-ში

6
ninacagarelisandronebieridzeartfm

გადაცემის ლაივი LIVE

4 აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმრებმა ბატონმა გიორგი შავერზაშვილმა და ქალბატონმა ნინა ცაგარელმა, სანდრო ნებიერიძემ და თამარ ლიჩელიმ „ღამის სერენადების“ ფესტივალზე ისაუბრეს, რომელიც 27 აგვისტოს ბათუმში გაიხსნება, 2 და 4 სექტემბერს კი, თბილისში გადმოინაცვლებს.

– ბატონო გიორგი, რას ელით წლევანდელი „ღამის სერენადებისგან“?

– დიდი ხანია ფესტივალს ვგულშემატკივრობ, რამდენიმე წლის წინ თვითონაც ვმონაწილეობდი, წელს კი, ჩემი მეგობრის ვახტანგ მაჭავარიანის თხოვნით შევქმენი კონცერტი, რომელსაც ჩემი ქალიშვილი ელენე შეასრულებს როიალზე, რადგან სწორედ მას მივუძღვენი ახალი ნამუშევარი.

– ქალბატონო ნინა, ძალიან სასიამოვნოა, რომ კორონავირუსმა ხელი ვერ შეგიშალათ ფესტივალის მოწყობაში. საინტერესოა, რა ფორმატით ჩატარდება წელს „ღამის სერენადები“?

– რა თქმა უნდა ვირუსმა ჩვენც უამრავი პრობლემა შეგვიქმნა, თუმცა როგორც ჩანს, შეუძლებელი არაფერია. მეტიც, სწორედ ჩვენ ვართ პირველები, ვინც პანდემიის შემდეგ ახალი სტანდარტებით, პირდაპირ ეთერში გადაწყვიტა ფესტივალის მოწყობა.

– რამდენადაც ვიცი, წლევანდელი ფესტივალი პრემიერების სიუხვით იქნება გამორჩეული…

– გეთანხმებით. წელს სამ პრემიერას ვგეგმავთ, შესრულდება სანდრო ნებიერიძის ახალი ნაწარმოებიც, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნა. განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდეთ პროგრამის შედგენას, ძალიან გვინდოდა მაქსიამლურად ხალისიანი და ოპტიმისტური ყოფილიყო, რადგან მძიმე პერიოდის შემდეგ, რომელიც გამოვიარეთ, ყველას ერთნაირად გვჭირდება განტვირთვა.

– სანდრო, თავად რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი ქმნილებით?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ძალიან გამიხარდა, როცა სპეციალურად „ღამის სერენადებისთვის“ შემომთავაზეს ნაწარმოების შექმნა, რადგან თვლი, რომ მართლაც საუკეთესო ფესტივალია უზარმაზარი შტაჟით, გამოცდილებით და ვირტუოზი შემსრულებლებით. სამწუხაროდ, წელს თითქმის ყველა კულტურული ღონისძიება ჩაიშალა და მხოლოდ ჩვენმა ფესტივალმა უერთგულა ტრადიციებს. რაც შეეხება ჩემს ნამუშევარს – ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან სტილისტური ალუზიების გამოყენებით ძველი იდეების განხორციელება შევძელი და საკმაოდ სახალისო კონცერტი შევქმენი, რომელიც პირველ რიგში მათ მოეწონებათ, ვისაც მუსიკალური იუმორი აქვს.

– თამარ, თქვენ რამდენად მოგწონთ ფესტივალის ახალი ფორმატით ჩატარების იდეა?

– ვფიქრობ, საინტერესო, თუმცა ძალიან საპასუხისმგებლო იქნება, რადგან ცოცხლად შესრულებისას სხვა აურა იქმნება, პუბლიკა გიქმნის განწყობას, პირდაპირი ეთერის რეჟიმში კი, მართალია მთელი მსოფლიო გისმენს, მაგრამ მაინც მარტო, აუდიტორიის გარეშე ხარ. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, „ღამის სერენადის“ მნიშვნელოვნება და მადლიერება გამოვთქვა ქალბატონი ლიანას მიმართ, რომელიც ყოველთვის არაჩვეულებრივად უძღვება ფესტივალს. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო წლევანდელი სეზონის პროგრამა, რადგან უამრავ საინტერესო, ჩემთვის საყვარელ ნაწარმოებს შევასრულებ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები