LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩვენი დუეტის შექმნა ანრი ჯოხაძის დამსახურებაა… მე ლიზასთან დავწყვილდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენი სიმღერა გახდა ყველაზე პოპულარული” – გიორგი გასვიანი „არტ-FM“-ში

8
gasvianiartfm

გადაცემის ლაივი LIVE

11 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ გიორგი გასვიანი სტუმრობდა, რომელმაც ახალი ნამუშევარი – ლიზა ყენიასთან დუეტში ჩაწერილი სიმღერა „მიყვარხარ ცამდე“ („ტანგო“) წარუდგინა რადიომსმენელს.

– გიორგი, პირველ რიგში შვილის შეძენას გილოცავ. უამრავი სიახლეა შენს ცხოვრებაში, როგორც ვიცი, სწორედ ახლა ემზადები სპექტაკლის პრემიერისთვის?

– ახმეტელის თეატრში „ბრუტუსის“ განახლებაზე ვმუშაობთ. მე იულიუს კეისარს განვასახიერებ, ანდრია გველესიანი კი, ბრუტუსის როლს შეასრულებს.

– უამრავმა ადამიანმა მოიწონა შენი და ლიზას პირველი ერთობლივი ნამუშევარი, ახალ კომპოზიციაზე რას იტყვი?

– პირველ რიგში მსახიობი და ტელეწამყვანი ვარ, ამიტომ ცოტა მეუხერხულებოდა საკუთარი თავის მომღერლად ჩათვლა, თუმცა ლიზასთან ერთად ჩაწერილმა „იმღერე რამემ“ ისე სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, თავმდაბლობაზე უარი ვთქვი და მეორედაც გავბედე ერთობლივ პროექტზე მუშაობა.

სხვათა შორის, ჩვენი დუეტის შექმნა ანრი ჯოხაძის დამსახურებაა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ „იმედის“ საახალწლო გადაცემისთვის მოიფიქრა ორიგინალური პროექტი და პრაქტიკულად ყველა წამყვანი აგვამღერა, მე ლიზასთან დავწყვილდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენი სიმღერა გახდა ყველაზე პოპულარული.

მოგვიანებით კიდევ ერთი დუეტი ჩავწერე ნინი ბადურაშვილთან ისევ ანრის იდეით და ისევ წარმატება მოვიპოვეთ. როგორც მეგობარმა მითხრა, ჩემი სიმღერა უკრაინელ პროდიუსერებსაც ძალიან მოეწონათ. მეტიც, უკრაინულ ტურნეს და ერთ კვირაში უზარმაზარ პოპულარობასაც შემპირდნენ, თუმცა უარი ვუთხარი, რადგან ნამდვილად ვერ გავბედავ სცენაზე მარტო გამოსვლას და სოლო კონცერტის მოწყობას, რადგან ჩემი წარმატება პირველ რიგში იმ ფანტასტიკური შემსრულებლების დამსახურებაა, ვინც პარტნიორობას მიწევს. მართალია, ძალიან მომწონს მომღერლობა, მაგრამ ჩემი საქმე მაინც თეატრი და მსახიობობაა.

რაც შეეხება ახალ ნამუშევარს – ერთგვარი ბარტერი გავაკეთეთ კაბუსთან და ნინო ჩხეიძესთან, ჩვენ „მიმღერე რამე“ დავუთმეთ, მათი „მიყვარხარ ცამდე“ კი, მე და ლიზამ შევასრულეთ. სხვათა შორის, სიმღერის ტექსტზე შონზომ და ირინა სანიკიძემ იმუშავეს. კომპოზიციამ უკვე მოაგროვა 2 მილიონამდე ნახვა, ასე რომ, იმედი მაქვს წინა ნამუშევრების მსგავსად მასაც მოიწონებს პუბლიკა. აუცილებლად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ანრი ჯოხაძეს, ტელეკომპანია „იმედს“, გადაცემას „პრაიმშოუს“ და რა თქმა უნდა, „ფორტუნას“, რომლის არ არსებობის შემთხვევაში ბევრი რამე უბრალოდ აზრს დაკარგავდა, რადგან სწორედ თქვენ უწევთ პოპულარიზაციას ქართულ მუსიკას და იმ სიახლეებს, რომლებიც ქართულ შოუბიზნესში იქმნება.

– დაგეთანხმები და აუცილებლად გავიხსენებ მოკლე ისტორიას, როცა ბატონი გია ყანჩელი გვსტუმრობდა. ძალიან არ უყვარდა ჟურნალისტებთან ურთიერთობა, საჯაროდ გამოჩენა, თუმცა ნატო მეტონიძესთან ერთად მაინც დაგვთანხმდა გადაცემაში მონაწილეობას. არაჩვეულებრივი გადაცემა გამოვიდა და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გენიალურ კომპოზიტორთან შევძელი პირდაპირ ეთერში გასაუბრება.

– აბსოლუტურად გეთანხმები, მართლაც საოცარი ბედნიერებაა უდიდეს ხელოვანებთან ურთიერთობა. მეც შემიძლია დავიკვეხნო მსგავსი ისტორიით, როცა „სიცრუის დეტექტორს“ ბატონი გია ყანჩელი სტუმრობდა. ძალიან ვღელალვდი, მართალია, შეთანხმებული ვიყავით, მაგრამ ვიცოდი, რომ გასართობი გადაცემები ნაკლებად ხიბლავდა, ამიტომ ბოლო წუთამდე ვშიშობდი, რომ გადაიფიქრებდა და უარს იტყოდა გადაცემაში მოსვლაზე. თუმცა, საბოლოოდ მაინც გვესტუმრა და მართლაც არაჩვეულებრივი გრძნობა დამეუფლა, რომელსაც ალბათ მხოლოდ წამყვანი გრძნობს უდიდეს ადამიანებთან შეხვედრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები