LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი მიზანია კრიტიკულად, ინოვაციურად, შემოქმედებითად მომზადებული ახალგაზრდები გვყავდეს” – რას მოიცავს ზოგადი განათლების რეფორმა/ კვირის თემის პოდკასტი

9
fortuna.ge (40)

წლებია, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის სტატეგიულად მნიშვნელოვანია განათლების ხარისხის გამჯობესება, წლების განმავლობაში ვისმენთ და თვალს ვადევნებთ  წინასწარ დაანონსებულ რეფორმებს და განხორციელებულ ცვლილებებს და საზოგადოების შეფასებით, ნაკლებად ხელშესახებ შედეგებს, თუმცა აქვე საინტერსოა – რა უნდა იყოს შედეგი და რა ნაბიჯები გადაიდგა თუ ვერ გადაიდგა ამ მიმართულებით, რამდენად დაძლევადია გამოწვევები და რა უშლის ხელს მათ განხორციელებას, რაშია მთავარი სხვაობა ძველ და ახალ სკოლას შორის, რა იცვლება თვისობრივად და როგორ ან რამდენ ხანში შეიძლება დავინახოთ კონკრეტული მიმართულებებით სასურველი შედეგები.

ნინი ხუგაშვილის გადაცემაში “კვირის თემა” ზოგადი განათლების შესახებ ცვლილებებზე ისაუბრეს – ეკა დგებუაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილემ და ნიკო სილაგაძემ, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა.

 

რეფორმის მიზანია გარემო სკოლაში იყოს საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებული: ეკატერინე დგებუაძე

 

დაახლოებით 2 წლის წინ განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების მიმართულებით წარმოადგინა საკმაოდ ამბიციური გეგმა, მაშინდელმა მინისტრმა გვითხრა, რომ  რეფორმა განათლების სისტემის კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობდა და მოიცავდა როგორც სკოლამდელ, ასევე ზოგად პროფესიულ განათლებასა და მეცნიერებას.

 

რა არის რეფორმის მიზანი დღეს და რა უნდა იყოს შედეგი

 

” რთულია იმის თქმა, რომ ერთი კონკრეტული აქტივობა შეცვლის იმ სურათს, რა გამოწვევის წინაშეც დგას დღეს განათლების მიმართულება. ჩვენ შევხედეთ ამას საკმაოდ კომპლექსურად. აქ არის საუბარი იმაზე, რომ სკოლას სჭირდება ხარისხიანი ეროვნული გეგმა. კვალიფიკაციური მასწავლებელი, ასევე, მნიშვნელოვანია სკოლის მართვის გამართული მოდელი,” – ამბობს დგებუაძე და განმარტავს, რომ სკოლაში შექმნილი გარემო მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. “მნიშვნელოვანია, როგორ გზაზე დავაყენებთ მოზარდებს, როგორ მოვამზადებთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ბავშვს.”

როდესაც განათლების ხარისხზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ თუ რა საგანმანათლებლო პროგრამები არსებობს სკოლაში და როგორია მასწავლებლების კვალიფიკაცია  და კულტურა, რომელიც არსებობს სკოლაში. ეს ყველაფერი მოსწავლისთვის საინტერესო სოციალურ გარემოს ქმნის.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, შევცვალოთ ის მიდგომა, რომელიც აქამდე არსებობდა. ჩვენი სურვილია, კრიტიკულად, ინოვაციურად, შემოქმედებითად მომზადებული ახალგაზრდები გვყავდეს და ამ ბავშვებისთვის ის სოციალური გარემო, რომელიც სკოლაში არსებობს, საინტერესო  და განვითარებაზე ორიენტირებული იყოს.

ძნელია იმის თქმა, რომ ეს ორ დღეში, ან ორ თვეში მოხდეს. ეს არის პროცესი, რომელიც ფაქტობრივად არის ტრანსფორმაცია, ერთი მგომარეობიდან – მეორეში გადასვლა. ამისთვის აუცილებელია, რომ ერთი მხრივ სკოლის ადმინისტრაცია იყოს მზად და მეორე მხრივ შეიცვალოს სწავლების მეთოდოლოგია.

რასაკვირველია, ძალიან რთულია, რომ ერთ დღეს 2085 სკოლაში კლიმატის შეცვლაზე ვიყოთ პასუხისგებელი. ეს პროცესი მიდის ნაბიჯნაბიჯ. დასჭირდება გარკვეული მზაობა ერთი მხრივ სკოლის ადმინისტრაციული და მასწავლებლის კორპუსის და მეორე მხრივ,სჭირდება მომზადება იმისთვის, რომ სწორი ხედვა, რომელსაც დღეს სთავაზობს განათლების სამინისტრო საკლასო ოთახში იყოს გაზიარებული და ასახული მოსწავლის განათლებაზე.

აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მასწავლებელს რაღაცას ვასწავლით. მთელი მიზანია, პროცესი როგორ აისახება მოსწავლის აკადემიურ მიღწევაზე. როგორ აისახება არამარტო აკადემიურ მოსწრებაზე, არამედ  მის მდგომარეობაზე. სკოლის კულტურაზე და მზაობაზე – როგორი მზაობა აქვს სკოლას თითოეულ მოსწავლესთან მიმართებაში.

 

ასევე უნდა ვისაუბროთ სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებზე, რომლის იდენფიცირებაც დღეს განათლების სისტემამ მოახდინა. ჩვენ უკვე შევქმენით სასწავლო გეგმა სწორედ იმ ბავშვებისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სამწუახროდ აღმოჩნდნენ განათლების მიღმა“. – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ  „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

რამდენი ბავშვია სკოლის მიღმა დარჩენილი 

 

შეკითხვაზე, ქვეყნის მასშტაბით რამდენი მოზარდია დღეს სკოლის მიღმა დარჩენილი  – მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ განათლების სისტემამ მათი იდენტიფიცება მოახდინა.

„როდესაც ამ ბავშვების იდენტიფიცირება დავიწყეთ, განათლების სისტემის მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა იყო დაახლოებით 10 ათასი. თუმცა, საბოლოო შესწავლით ასეთი 8 ათასი ბავშვი გამოიკვეთა.

მაგრამ ეს რიცხვი, მაინც შთამბეჭდავია და ერთი ბავშვიც კი, რომელიც აღმოჩნდება განათლების მიღმა, სახელმწიფო ვალდებულია, რომ მათი განათლების უფლება დაცული იყოს, სწორედ ამიტომ შეიქმნა სასწავლო გეგმა სწორედ იმ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სამწუხაროდ აღმოჩნდნენ განათლების მიღმა“ . – განმარტავს „კვირის თემასთან“ დგებუაძე.

 

რომელი ქვეყნის გამოცდილებას ვიზიარებთ

 

„საქართველოში განათლების რეფორმა ყველაზე პოპულარულ – ფინურ და ესტონურ მოდელს დაეფუძნა. როდესაც ეროვნული სასწავლო გეგმა იწერებოდა, ესტონელი ექსპერტების მხარდაჭერით მოხდა მისი შემუშავება და ის წარმატებები, გავითვალისწინეთ, რომელიც უკვე გაიარეს ამ ქვეყნებმა. მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნები არიან განათლების მიმართულებით და  სწორედ, ამ გზას გადის დღეს საქართველოს განათლების სისტემა და იმისთვის, რომ ეს გზა წარმატებით გავიაროთ, გარკვეული პერიოდია საჭირო“ – ამბობს მინისტრის მოადგილე.

 

რა ეტაპზეა განათლების რეფორმა

 

„დაიწყო პილოტირება დაწყებით საფეხურზე. დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოვიცავით დაწყებითები კლასები და საბაზო საფეხური. დავფარეთ ქვეყნის მასშტაბით 600-მდე სკოლა და ყველა მათგანი ჩართულია საპილოტო პროგრამაში“. – აცხადებს მინისტრის მოადგილე „ფორტუნასთან“.

 

რა გზით ვახდენთ ინფორმაციის მიწოდებას სკოლებისთვის

 

„ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ, ეს არ იყო მარტივი. სისტემამ გამოიარა ისეთი ხისტი მიდგომა, როგორიცაა მასობრივი ტრენინგები მასწავლებლებისთვის. როდესაც ტარდებოდა გადამზადების პროგრამები, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სისტემური ცვლილებები რომ დავაფუძნოთ, მხოლოდ ტრენინგების ფარგლებში გადამზადებულ მასწავლებლები არაა საკმარისი.

მიგვაჩნია და გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამან შედეგამდე ვერ მიგვიყვანა, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში მასწავლებელს მიღებული ცოდნა, ხშირად ვერ აისახებოდა საკლასო მუშაობაზე. რეალურად არ ვიცოდით, მასწავლებელი ტრენინგების დროს მიღებულ ცოდნას ეფექტიანად განახორციელებდა თუ არა თავის მოსწავლეებთან. ამის მონიტორინგი და შეფასების კრიტერიუმი არ არსებობდა.

დღეს ჩვენ ვიფიქრეთ და ანალიზი გავაკეთეთ მუნიციპალურ დონეზე შევარჩიეთ ჯგუფები ყველა საგანში.

მაგალითად, იმერეთში არსებობს მხარდამჭერთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ჩვენ ქოუჩებს ვეძახით, რომლებიც მუშაობენ საგნების მიხდვით და აქ არაა საუბარი, რომ ჩვენ საგანში ვამეცადინებთ მასწავლებლებს. აქ არის საუბარი საგანთან მიმართებაში როგორ მოახდინოს სასწავლო გეგმის შემუშავება, გაკვეთილის დაგეგმა და იმ მეთოდოლოგიის მიტანა, რომელსაც სთავზობს დღეს განათლების სამინისტრო.

შემდეგ ხდება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა, რეკომენდაციების მიცემა და მიმდინარეობს საჯარო განხილვები“, – განმარტა დგებუაძემ „კვირის თემასთან“.

 

პანდემია და სკოლა

 

„პანდემიამ ძალიან ბევრი რამ გადაააფასა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესმა ბევრი მიმართულებით დაგვაფიქრა და ძალიან სწრაფ რეჟიმში მნიშვნელოანი გადაწყვეტილებები მიგვაღებინა.

საუბარია იმ ციფრულ ელექტრონულ რესურსებზე, რომელიც ამ პანდემიის პერიოდში აღმოჩნდა, რომ განათლების სისტემას არ ჰქონდა. თუმცა, ძალიან სწრაფად შევძელით გარკვეული რესურსების შემუშავება. ეს იყო ძალიან სწრაფად დაორგანიზებული პროცესი. სამწუხაროდ, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა გარკვეულ რეგიონებში რჩება გამოწვევად, მაგრამ ჩვენი გეგმაა კიდევ უფრო მეტად განხორციელდეს გარკვეული ღონისძიებები, პროექტები და ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება“. – აღნიშნა დგებუაძემ.

 

როგორ იზომება რეფორმის შედეგი

 

„რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზომვა ხდება იმ შედეგებით რომელიც გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგები არიან ჩართული პროცესებს აკვირდებიან. გარკვეული შეფასების ინსტრუმენტებით ხდება შედეგების გაზომვა.

ახლა, გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ვმუშაობთ მე-4, მე-6 და მე-9 კლასებისთვის შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაფასებთ მოსწავლეებს ხისტად. მათი წარმატების გაზომვა ერთ-ერთი ინდიკატორია, რომელიც მოგვცემს სურათს, თუ როგორ იმუშავა ამ დრომდე გატარებულმა რეფორმამ“. – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ „ფორტუნასთან“.

რა შედეგი გვინდა დავინახოთ და რა შედეგების დანახვა შეგვიძლია .

ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ დავარქვით გამოცდის პერიოდი, ორიენტირებულია განვითარებაზე.

არ ვამბობთ ხისტად, რომ ეს მეთოდოლოგია არის იდეალური და მხოლოდ ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით შეძლებს განათლების სისტემა მიაღწიოს გარკველ შედეგებს.

პროცესებს ფსიქოლოგების ჯგუფი აფასებს. იკვლევს გარკვეულ კითხვარებს გარკვეული ინსტრუმენტების გამოყენებით. პროცესში გარკვეული ცვლილებები შედის. დაკვირვების საფეხურზე აღმოჩნდა, რომ რაღაც გამოწვევები არსებობს. გამოწვევებთან ერთად ხდება დისკუსია და განვითარება იმ პროცესების, რასაც ვთავაზობთ მასწავლებლებს, როგორ დაგეგმონ გაკვეთილი, როგორ შეაფასონ. ლიდერობის მიმართულებით როგორ წარმართონ  პროცესები.

თუ გვინდა პროცესები ეფექტიანად იყოს წარმართული სკოლაში, ძალიან მნიშვნელოვანია  მზაობა. ერთის მხრივ სკოლის ადმინისტრაციის, რომელიც ხელს უწყობს ხელს ამ რეფორმების განვითარებას, ასევე მასწავლებლებისა და სკოლაში არსებული კათედრების. მათი მზაობა, მზაობა აუცოლებელია, რომ ის ცვლილებები, რომელსაც განათლების სამინისტრო სთავაზობს, იყოს ასახული.

გვაქვს ძალიან ბევრი კარგი ისტორია, როდესაც წარმატებული მასწავლებელი თავად იძახის, რომ სწორედ ამ მეთოდოლოგიას ვიყენებდი და წარმატებული შედეგები მაქვსო“, – განმარტავს ეკატერინე დგებუაძე.

 

ფაქტორები, რომელიც რეფორმის განხორციელებისას ქმნის გამოწვევებს

 

„სისტემამ თავისი თავი რომ შეაფასოს, სწორედ ამიტომ  ვგეგმავთ გარკვეული სიტემის შემუშავებას, რომელითაც მე- 4, მე-6 და მე-9 კლასის დასრულების შემდეგ მოვახდენთ მოსწავლეების შეფასებას.

ამით გაიზომება მასწავლებლის სწავლების მეთოდოლოგია და ხარისი.

ესტონელი ექსპერტების მხარდაჭრით მიმდინარეობს საშუალო საფეხურის დამუშავება. ის იქნება აბსოლუტურად განსხვავებული მოდელი, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. ახლა მიმდინარეობს ხედვის პრეზენტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, რომ კრიტიკულად შევაფასოთ ის ხედვა, რომლის განვითარებასაც ვგეგმავთ დღეს განათლების დეპარტამენტი და ამის შემდეგ დაიწყება საგნობრივ სტანდარტებზე მუშაობა, რომლის განხორციელებასაც 2022 წელს უკვე განათლების სამინისტრო სკოლებში დაიწყებს“. – აღნიშნა დგებუაძემ „კვირის თემასთან“.

 

 

რა სურს მოსწავლეს

 

„როდესაც სკოლაში შევდივართ, ვატარებთ პრეტესტს, ანუ წინასწარ ვაფასებთ სკოლაში არსებულ სიტუაციას და სასწავლო წლის ბოლოს ასევე ფასდება სკოლაში არსებული სიტუაცია და ამიტომაც კარგად ვხედავთ, სად იყო სკოლა სწავლის დასაწყისში და რაზე გავიდა წლის ბოლოს.

ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკლასო ოთახებში იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მორგებული იმ მიზანთან, რომლის დანერგვაც ჩვენ გვსურს“ . – ამბობს დგებუაძე „კვირის თემასთან“ და განმარტავს, რომ ზოგადი განათლების მიმართულებით, მიმდინარე რეფორმის მიზანია –  კრიტიკულად, ინოვაციურად, შემოქმედებითად მომზადებული ახალგაზრდები გვყავდეს და ამ ბავშვებისთვის ის სოციალური გარემო, რომელიც სკოლაში არსებობს, საინტერესო  და განვითარებაზე ორიენტირებული იყოს.

 

 

“გამაკეთებინე და გავიგებ” – რა სხვაობაა ძველ და ახალ სკოლებს შორის – განათლების რეფორმა, რომელიც ბევრისთვის კომფორტის ზონა არაა

 

რა არის მთავარი სხვაობა ძველ და ახალ სკოლას შორის, რა იცვლება თვისობრივად და როგორ ან რამდენ ხანში შეიძლება, დავინახოთ კონკრეტული მიმართულებებით სასურველი შედეგები – საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ , სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა – ნიკო სილაგაძემ ისაუბრა.

 

რა განსხვავებაა ძველ და ახალ სკოლებს შორის

 

„განათლების რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს, აუცილებლად განსხვავებულ სკოლას შექმნის იმისგან აბსოლუტურად  განსხვავებულს, რაც უფროსმა თაობამ დავამთავრეთ.

 

 

განსხვების შედარებად  კი შეიძლება გამოვიყეოთ ერთი ჩინური ანდაზა:  მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და გავიგებ.

რეალურად, „გამაკეთებინე და გავიგებ“, სიტყვებში შეიძლება გავიგოთ ეს ნიუანსური განსხვავება.

მოსწავლემ უნდა გამოიყენოს ის ცოდნა, რომელსაც იღებს და უნდა შექმნას შემოქმედებითი პროდუქტი.

მაგალითად სკოლაში ყველა ჩვენგანს გვისწავლია, ისტორიაში სხვადასხვა მეფეების ამბები და თავგადასავლები. ახალი სწავლების მეთოდით მოსწავლე, როდესაც რომელიმე მეფის შესწავლას იწყებს, შეიძლება დაევალოს, რომ შექმნას ოპოზიციური მატიანე ამ მეფის მოღვაწეობის და ამბავი, რომელიც ქართლის ცხოვრებაში  წერია, მოყვეს სხვაგვარად“. – აცხადებს ექსპერტი ნინი ხუგაშვილის გადაცემაში.

დღეს ამგვარად მიმდიანრეობს პროცები?

„ასე ხდება ბევრ სკოლაში და ყველაფერი იქით მიდის, რომ სასწავლო პროცესი ყველგან ამ გზით წავიდეს. ამ ტიპის დავალებებით უნდა იყოს დატვირთული სასწავლო პროცესი. მოსწავლემ კრიტიკულად უნდა დაინახოს და გააანალიზოს იმ მეფის მოღვაწეობა და რაც მთავარია, ის მოგზაურობს იმ მეფის ეპოქაში, რომელსაც იკვლევს და სწავლობს.

ისტორიის მაგალითში რომ არ დავრჩეთ, შეიძლება მოვიყვანოთ ქიმიის გაკვეთილის მაგალითი. ყველას გვისწავლია ქიმიაში ხსნარების ნაჯერობა. შეიძლება ეს არ გვახსოვდეს, თუ ბუნებისმოყვარული არ არის ადამიანი. პრაქტიკული მაგალითები აქაც მუშაობს, მაგალითად სამმა მეგობარმა მოამზადა მურაბა, რომელთაგან ერთი დაშაქრდა, ერთი დამჟავდა და ერთიც გემრიელი გამოვიდა. მოსწავლეს დავალებად ეძლევა, რომ ხსნართა კონცენტრაციაზე დაყრდნობით მიეცეს რჩევები სამივე ადამიანს. მოკლედ გამოდის რომ პრაქტიკულ მუშაობაზეა ყველაფერი აგებული.

რეფორმა თვისობრივ დონეზე გულისხმობს იმას, რომ სასწავლო პროცესი უნდა იყოს ამ ტიპის დავალებისგან უნდა შედგებოდეს“. – განმარტავს ნიკო სილაგაძე.

ადრე იყო ძალიან ბევრი საზეპირო, ითხოვდნენ ლექსის შინაარსი, უფროსი თობის წარმომადგენლები  ამბობენ, რომ თუ ბევრ ლექსს არ მისცემენ საზეპიროდ, ეს არაა განათლება….

 

 

„ლექსების რაოდენობაში არაა საქმე. როდესაც მოსწავლე აქტიურ შემოქმედებით პროცესებშია ჩართული, მასალის ღრმა გააზრებაზეა ორიენტირება. რეალურად დროში მოგზაურობაც და ხსნარების კონცენტრაციაც ნიშნავს საკითხის ღრმა გააზრებას. ეს ნიშნავს, რომ თუ ასეთ რეჟიმში იქნება სწავლა – მოსწავლეები, რომლებიც სკოლას დაამთავრებენ, იქნებიან კრიტიკულად მოაზროვნეები. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შექმნიან ახალ პროდუქტს“.- ამბობს ექსპერტი „კვირის თემასთან“.

პედაგოგს აქვს თუ არა იმის უნარები და შესაძლებლობები, რომ ბავშვებს ასეთი ცოდნა მისცეს…

„ეს პროცესები თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მოსწავლისათვის. კომპლექსური დავალებები მოგონილია იმიტომ, რომ სხვადასხვა შესაძლებლობის, ინტერესებისა და ცოდნის  მოსწავლეებს მიეცეთ ცოდნის გამოხატვის ერთნაირი შესაძლებლობა.

ბავშვები კი არ ეჯიბრებიან ერთმანეთს, უბრალოდ სხვადასხვანაირად გამოხატავენ შეხედულებებს. აქ მასწავლებელი მსაჯული არაა.

გამოცდილება უნდა მიიღოს უკლებლივ ყველამ და არა მხოლოდ იმათ, ვინ პირველ ხუთ მერხზე ზის.

კომპლექსურ დავალებას მოსწავლეები იღებენ ახალი ინფორმაციის მიღებისას. ადრე მაგალითად თუ ერთ დღეს გამოგიძახებდნენ, მერე მთელი თვე ვიცოდით, რომ აღარ გვკითხავდნენ გაკვეთილებს. ახლა დავალებაში ყველა ჩართულია და ხმადაკარგული მოსწავლეები სკოლაში არ უნდა იყვნენ.

სკოლა როგორც ორგანიზაცია და სოციუმი, ბავშვებს სწორედ ამის შესაძლებლობას უნდა აძლევდეს, რომ ყველა თავს უნდა გრძნობდეს რეალიზებულად“. – ამბობს სილაგაძე.

 

რა მოთხოვნები აქვს თანამედროვე სკოლის რეფრმას

 

„არაერთი მასწავლებლისგან მომისმენია, რომ ბავშვი, რომელიც არ იყო აქტიური არც ერთ საგანში და სასწავლო პროცესში აქტიურად არ მონაწილეობდა, მან იპოვა საკუთარი თავი და შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს პროცესებში.

რეალურად, როდესაც კომპლექსურ დავალებებს ეფუძნება პროცესი, მოსწავლეები იღებენ შესაძლებლობას, რომ წარმოაჩინონ თავი კარგად და სასწავლო პროცესშიც თავს კარგად გრძნობენ.

როდესაც შედეგებზე ვსაუბრობთ, ყველას მხედველობაში გვაქვს უსაფრთხო გარემო. ყველა ბავშვს გააჩნია შინაგანი ძალა, სასწავლო პროცესში უნდა მიეცეს რეალიზების საშუალება და თუ მას არ მიეცემა ამის შესაძლებლობა, ის თავის თავში ჩაიკეტება და შინაგანი ძალა მისი პიროვნების დამანგრეველი გახდება. მოგვიანებით კი საზოგადოებისთვის ეს ძალა დამანგრეველი გახდება.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  ბავშვებმა თავი სასწავლო პროცესში ჩართულად იგრძნონ.

ეს არის მოსწავლეების აღმოჩენის საუკეთესო შესაძლებლობა.

გამოწვევები შეიძლება ერთი სიტყვის გარშემო დაჯგუფდეს – ეს არის ცვლილება.

ცვლილებას თან ახლავს გარდაქმნები, დიდი მოძრაობა, რაც ბევრისთვის კომფორტის ზონა არაა. თუმცა რომ შევხედოთ მშობლებისა და მასწავლებლის თვალით ამ ყველაფერს, არის, რა თქმა უნდა, კრიტიკული დამოკიდებულებაც.

 

 

მასწავლებლის თვალით რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, რეფორმა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი, რომელიც კომპლექსური დავალებების შესრულებით არის დაკავებული,  უფრო მეტად ჩართოს  პროცესში. რომელი მასწავლებლის ოცნება არ არის, რომ მას ჰყავდეს უფრო მეტად ჩართული და დაინტერესებული მოსწავლეები. 

და რაც ყველაზე მაგარია და რაც ყველაზე მეტ ხიბლს სძენს პედაგოგის პროფესიას არის ის, რომ ხედავ, როგორ იზრდება ბავშვი შენს თვალწინ.

მშობლების მხრიდან არის ხოლმე შეკითხები, რომ ძალიან ხომ არ ამარტივებს ეს რეფორმა სწავლის პროცესსო. რეალურად ეს ყველაფერი იქითკენაა მიმართული რომ ნასწავლი, უფრო ღრმად გაიაზროს მოსწავლემ და ცხოვრებას დაუკავშიროს“, – აღნიშნა თემაზე საუბრისას ნიკო სილაგაძემ.

 

რამდენად არის რეფორმა მოსწავლის ინტერესებზე მორგებული

 

„გარდა იმისა, რომ მოსწავლეს კომპლექსური დავალებებით კრიტიკული აზროვნება ექნება და ინოვაციური შემოქმედებითი მიდგომები გაუჩნდება,  მისთვის საინტერესო იქნება ასეთი სწავლა.

სკოლას აქვს დიდი ფუნქცია, აღზრდა. მოსწავლე რასაც სკოლაში ხედავს, ამით უფრო ბევრს სწავლობს.

რეალურად შედეგი არის მოსწავლის პიროვნული განვითარება.  სკოლა, რომელიც ახლა ჩვენ აღვწერეთ, არაა კონკურენცია და არ იქნება ის მომენტი, რომ მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბებიან. ეს არის გამსჭვალული ზრუნვაზე და თანამშრომლობაზე. როდესაც ყველა ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა, რომ  წარმოაჩინოს საკუთარი თავი, ეს კარგი ტონია. რეალურად ესაა თანამედროვე სკოლის იდეა.

სკოლა უნდა იყოს მოსწავლეზე ორიეტირებული და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს.

სკოლა კარგი პიროვნების ჩამოყალიბებას უნდა უწყობდეს ხელს. კარგი პიროვნება და მოქალაქეობა – სახელმწიფოებრივ აზროვნებას ნიშნავს. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა –  ქვეყნის მოქალაქე ვარ და ჩემია ქვეყანა  და მე შემიძლია, ჩემით შევქმნა და განვახორციელო პოზიტიური ცვლილებები.

ეს ყველაფერი უნდა ემყარებოდეს არა ძალადობას, არამედ მზრუნველობასა და თანამშრომლობას. ამ ყველაფერს ბავშვები ხედავენ სკოლის დონეზე, რომელიც მიკროსაზოგადოებაა და ქვეყნის ერთგვარი მოდელია და როდესაც ისინი გაიზრდებიან, ამ ყველაფერს გადაიტანენ ქვეყნის და სახელმწიფოს დონეზე და სკოლის მიზანიც რეალურად ესაა, რომ კარგი, ერუდირებული და კრიტიკულად მოაზროვნე ინოვაციური და ჰუმანური მოქალაქეები აღზარდოს“. – ამბობს ნიკო სილაგაძე „კვირის თემასთან“ საუბარში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები