LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს კლინიკაში მთავარი კეთილგანწყობაა როგორც ერთმანეთის, ისე პაციენტების მიმართ” – ნინო ქარდავა

14
nino-qardava

15 აპრილს რადიო “ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას “წარმატების ფორმულა” სტომატოლოგიური კლინიკის NKDC-ს დამფუძნებელი, სტომატოლოგი ნინო ქარდავა სტუმრობდა, რომელმაც კლინიკის სამომავლო გეგმებსა და ზოგადად ქართული სტომატოლოგიის განვითარებაზე ისაუბრა.

– ქალბატონო ნინო, რამდენადაც ვიცი, ბოლო დროს თქვენს კლინიკას ხშირად სტუმრობენ უცხოელი პაციენტები. რამდენად ძლიერია ქართული სტომატოლოგია და შეუძლია თუ არა ღირსეული კონკურენციის გაწევა მსოფლიო სტომატოლოგიისთვის?

– ბოლო წლებში ქართული სტომატოლოგია მართლაც ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ნებისმიერ ქვეყანას თამამად ვუწევთ კონკურენციას და უცხოელ პაციენტებსაც მრავლად ვმასპინძლობთ, რომელთაც ზუსტად იმავე სერვისს ვთავაზობთ, როგორიც უცხოეთშია.

– რა არის საჭირო სფეროს უკეთ და სწრაფად განვითარებისთვის?

– ვფიქრობ, სფეროს განვითარებისთვის მთავარი მრავალმხრივი კონფერენციები და სემინარები, მასტერკლასები და გაცვლითი პროგრამებია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მუდმივი სრულყოფა.

– ნიუ-იორკის ერთ-ერთ მსხვილ კლინიკაში სოლიდური გამოცდილების შეძენის შემდეგ, ახლაც ხომ არ გაქვთ საზღვარგარეთ მუშაობის შეთავაზება?

– მართალია, უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე უცხოეთში, მაგრამ ჩემთვის საქართველოში მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია, რათა თუნდაც მცირე წვლილი შევიტანო ქართული სტომატოლოგიის განვითარებაში. რა თქმა უნდა, სიამოვნებით ავიმაღლებდი კვალიფიკაციას საზღვარგარეთ, მაგრამ სხვა ქვეყანაში სამუდამოდ დარჩენის სურვილი ნამდვილად არ მაქვს.

– გეგმავთ თუ არა კლინიკის გაფართოვებას?

– ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ლოკაციაზე მირჩევნია განვითარება, სამომავლოდ კი, აუცილებლად გავხსნით რამდენიმე ახალ ფილიალს.

– რა თქმა უნდა, როცა საქმე გიყვარს, სიამოვნებით აკეთებ და ნაკლებად გრძნობ დაღლილობას. თუმცა, გადატვირთული გრაფიკის პირობებში, მაინც ძალიან რთულია მხნეობის შენარჩუნება. საინტერესოა, როგორ ისვენებთ კლინიკაში?

– სამწუხაროდ, კლინიკაში ნაკლებად ვახერხებ განტვირთვას. მართალია, დიდი ხანია მიჩვეული ვარ ამგვარი გრაფიკით მუშაობას, მაგრამ ვფიქრობ, ზომიერების დაცვა მაინც აუცილებელია. ძალიან მინდა მეტი თავისუფალი დრო მქონდეს, რომელსაც სიამოვნებით გავატარებდი ოჯახთან ერთად.

– რამდენად რთულია პროფესიონალი კადრების მოძიება?

– ვფიქრობ, პროფესიონალების მოძიება ახლა უფრო მარტივია, ვიდრე წლების წინ იყო. პირადად მე ძალიან გამიმართლა, რადგან მეგობრებთან ერთად მართლაც ბრწყინვალე გუნდი შევქმენი.

– როდის გეგმავთ მორიგ საერთაშორისო კონფერენციაზე გამგზავრებას?

– როგორც ავღნიშნე, სტომატოლოგიის განვითარებისთვის მთავარი სწორედ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობაა. ძალიან მადლიერი ვარ საქართველოს სტომატოლოგიის ასოციაციის, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე  გვაძლევს სხვადსხვა კონფერენციაზე დასწრების და ტრენინგების, მასტერკლასების გავლის საშუალებას. მომავალი ვიზიტი, რომელსაც მაისის თვეში ვგეგმავ, ვფიქრობ საინტერესო და მეტად ნაყოფიერი იქნება.

– რა სიახლეებით გაახარებთ კლინიკის პაციენტებს ახლო მომავალში?

– ძალიან მინდა ციფრული ტექნოლოგიების ათვისება, რასაც საკმაოდ სერიოზული ფინანსები სჭირდება. იმედია, ინვესტორების დახმარებით შევძლებთ საჭირო თანხის მოძიებას და ჩვენს კლინიკაში მეტად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის დანერგვას.

– რა წესი მოქმედებს კლინიკაში, რომელსაც ყველა თანამშრომელი იცავს?

– ჩვენს კლინიკაში მთავარი კეთილგანწყობაა როგორც ერთმანეთის, ისე პაციენტების მიმართ, არანაკლებ მნიშვნელოვანია საქმის სიყვარული, ერთგულება და რაც მთავარია, ღიმილი, რომელიც სამწუხაროდ ძალიან დეფიციტურია ჩვენს ქვეყანაში.

– რა პრინციპით ატარებთ თათბირს?

– ჩვენ გუნდური წესით ვმუშაობთ, ამიტომ თათბირზე ყველა პაციენტის ისტორიას დეტალურად განვიხილავთ. ვფიქრობ, სტომატოლოგიაში მთავარი სწორედ შეთანხმებული მოქმედებაა და არა ცალკეული მიმართულებების ფუნქციონირება.

– გაქვთ თუ არა აქსესუარი, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?

– ალბათ, ტელეფონი და საყვარელი საყურეები.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– მართალია, ყოველთვის არ ამართლებს, მაგრამ მაინც სწრაფად მირჩევნია გადაწყვეტა.

ბლიცკითხვები:

– თქვენი კლინიკის სლოგანი?

– “გაიღიმე ლამაზად!”

– რა არის ლამაზი ღიმილის მთავარი საიდუმლო?

– ვფიქრობ, მთავარი გუნდური მუშაობაა.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა და თქვენც გულწრფელად მიყვარხართ.

– როგორ იწყება თქვენი დილა?

– ჯერ უმცროს შვილს ვაცილებ სკოლაში, მერე თვითონ მივდივარ სამსახურში აუცილებლად ერთი საათით ადრე.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– ძალიან ემოციური ვარ, ამიტომ პაციენტს ხშირად ვეკითხები, როგორ გრძნობს თავს და რაიმე ხომ არ ეტკინა.

– როგორ ისვენებთ გადატვირთული დღის შემდეგ – აუზზე თუ მეგობრებთან ერთად ბარში?

– სამწუხაროდ, აუზზე სიარულს ვეღარ ვასწრებ, მეგობრებთან ურთიერთობას კი, მხოლოდ კვირაში ერთხელ ვახერხებ.

– საყვარელი კერძი, რომელსაც სიამოვნებით ამზადებთ?

– მართალია, კარგი კულინარი ვარ და პრაქტიკულად ნებისმიერ კერძს, განსაკუთრებით სალათებს ვამზადებ სიამოვნებით, მაგრამ კულინარიისთვის მხოლოდ კვირადღეს ვიცლი.

– გაქვთ თუ არა საყვარელი დღესასწაული?

– ძალიან მიყვარს აღდგომა.

– საჩუქარი, რომელიც განსაკუთრებით გახარებთ?

– ნებისმიერი საჩუქარი მახარებს, რომელიც გულით იქნება გაკეთებული.

– რას დახატავდით გადაცემაში “წარმატების ფორმულა”?

– თქვენ დაგხატავდით, როგორც ყოველთვის პოზიტიური განწყობით.

– როგორ ფიქრობთ, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მთავარი დაუღალავი შრომა, არჩეული პროფესიის სიყვარული და ერთგულებაა, თუმცა იღბალიც ძალიან მნიშვნელოვანია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები