LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ცხადია, ღელვა ყველა გამოფენას ახლავს, თუმცა ეს გამოფენა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო” – ტატო ახალკაციშვილის გამოფენა „ექსცენტრული მოგზაური“

11
xatunaxabuliani

გადაცემის ლაივი LIVE

ტატო ახალკაციშვილის სოლო გამოფენის, „ექსცენტრიული მოგზაურის“ და იქ გამოფენილი საინტერესო ნამუშევრების შესახებ „არტ fm”-ხელოვნებათმცოდნე, გამოფენის კურატორი ხათუნა ხაბულიანი და მხატვარი ტატო ახალკაციშვილი ესაუბრებიან…

-ქალბატონო ხათუნა, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ალბათ, პირველ რიგში მაინც ფონდი „ათინათის“ დამსახურებაა, რომ ტატო ახალკაციშვილის გამოფენა მოეწყო და ზოგადად, ბოლო ერთი წელია „ათინათი“ განსაკუთრებით გვანებივრებს იმ ადამიანებს, ვისაც ხელოვნება გვიყვარს…

 ხათუნა ხაბულიანი: დიახ, ფონდი „ათინათი“ იყო ტატოს გამოფენის ორგანიზატორი, მე კი კურატორი ვიყავი. „ათინათთან“ ბოლო ერთი წელია ვთანამშრომლობ ძალიან დიდი სიამოვნებით და საკმაოდ პროდუქტიულად. განსაკუთრებით აღვნიშნავდი იმ თანმიმდევრულობას, რასაც ისინი იჩენენ ქართული კულტურის მიმართ. მათი მთავარი ამოცანა ქართული კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია და აღიარებაა და ამ მხრივ ფონდს ნამდვილად დიდი დამსახურება აქვს. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ეროვნული გალერეის და „ათინათის“ მხარდაჭერით განხორციელდა, „ექსცენტრიული მოგზაურია“, რომელიც ტატოსთვისაც და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქამდეც ვთანამშრომლობდით და რამდენიმე გამოფენა გვაქვს გაკეთებული, თუმცა ასეთი მასშტაბის არცერთი არ ყოფილა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეროვნულ გალერეას სულ სხვა მნიშვნელობა და სიმბოლური დატვირთვა აქვს და იქ გამოფენის გაკეთება ბევრს ნიშნავს ყველა ხელოვანისათვის.

„ექსცენტრული მოგზაური” – ტატო ახალკაციშვილის სოლოგამოფენას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს

 -ტატო, ამბობენ რომ ხელოვანისათვის ყველაზე მეტად სანერვიულო გამოფენის წინა დღე და გამოფენის გახსნის დღეა. რამდენად ინერვიულეთ ამ გამოფენის წინ და მართლაც ასეა თუ არა ეს?

ტატო ახალკაციშვილი: დიდი მადლობა მოწვევისათვის. დიახ, ცხადია ღელვა ყველა გამოფენას ახლავს, თუმცა ეს გამოფენა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან როდესაც შენი გამოფენა შენსავე ქვეყანაში კეთდება, მით უმეტეს ამხელა ინსტიტუციაში, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ამ დროს მუზეუმი დიდ ნდობას გიცხადებს ხელოვანს და ბუნებრივია, რომ ვღელავდი მეც, ხათუნაც, თანაკურატორიც. ტექნიკურადაც რთული იყო ამ გამოფენის გაკეთება, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა .

 -ტატო, უფრო დეტალურად ვისაუბროთ ექსპოზიციაზე, გვითხარით როგორ შეიქმნა ეს ნამუშევრები, რა იყო ინსპირაცია, როდესაც თითოეულ მათგანს ქმნიდით?

 ტატო ახალკაციშვილი: ეს ერთადერთი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ნამუშევრები სპეციალურად გამოფენისათვის არ გამიკეთებია. ეს არის ჩემი 2013-2021 წლის ნამუშევრები სხვადასხვა სერიების სახით. ეს ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან გამოვითხოვეთ, ეს იყო უდიდესი მხარდაჭერა კოლექციონერებისა და ჩემი შემოქმედების მოყვარულთაგან. როდესაც მე და ხათუნა ვამუშავებდით პროექტს ეროვნულ გალერეაში შესატანად, მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ამ წლებში შესრულებული ნამუშევრები გამოგვეფინა, რადგან ის კონცეპტუალური ჯაჭვი, რომელიც ამ ნამუშევრებს გასდევს ფონად, ძალიან საინტერესო სანახავია. გვაინტერესებდა, რამდენად მთლიანობაში იქნებოდა აღქმული ჩემი მთავარი სათქმელი, რაც აერთიანებს ამ ნამუშევრებს. ამან ცოტა გაართულა ექსპოზიცია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე საინტერესო სამზადისი იყო, რაც კი ოდესმე მქონია. ხათუნასთან მუშაობა ძალიან საინტერესოა, გვაქვს ერთად მუშაობის და პროექტების კეთების გამოცდილება და რომ არა ხათუნა, შესაძლოა ეს გამოფენა არც შემდგარიყო. საკმაოდ დამღლელი პროცესი იყო, ემოციურიც, თუმცა ეს ამად ღირდა.

-ტატო, მოდით, გაიხსენეთ თქვენი პირველი ნამუშევარი. ზოგადად ვინ გადაგადგმევინათ ის ნაბიჯი, რასაც ხელოვნებაში ფეხის შედგმა ჰქვია, ვინ გადაგაწყვეტინათ, რომ სწორედ ეს არის ის საქმე, რაც უნდა აკეთოთ?

 ტატო ახალკაციშვილი: ასე დასახელებით არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ჩემმა მშობლებმა დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე, თუმცა თუ ერთი ადამიანი უნდა დავასახელო, დედაჩემის მამას, მხატვარ ილია გაგოშიძეს დავასახელებ. იგი ფერადი მინის ოსტატი იყო, ჰქონდა უდიდესი სახელოსნო თბილისის ერთ-ერთ უბანში და იქ არსებულმა ჯადოსნურმა სამყარომ დიდად განაპირობა ის, რომ ცხოვრებაში ეს გზა ავირჩიე. რაც შეეხება პირველ ნამუშევარს, სიმართლე გითხრათ, ვერ ვიხსენებ. შესაძლოა ძალიან გადაღლილი ვარ(იცინის)…

 -ქალბატონო ხათუნა, მოგვიყევით, როგორი იყო გამოფენის სამზადისი? როგორც ტატომ აღნიშნა, ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო…

 ხათუნა ხაბულიანი: დიახ, ადვილი არ არის 70-მდე კოლექციონერს სთხოვო, საკუთარი ნახატების და ნამუშევრების დროებით დათმობა, ტექნიკურად ეს დიდი გამოფენების გაკეთების დროს ყოველთვის პრობლემაა. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში ისეთი კოლექციონერების საკუთრებაში აღმოჩნდა ეს ნამუშევრები, ვინც ტატოს ბოლომდე გაუგო და მხარი დაუჭირა. თითოეული ის ნამუშევარი, რომელიც გამოფენილია, იქ უნდა ყოფილიყო, სხვანაირად იმ კონცეპტუალურ გამართულობას, რასაც დამთვალიერებელი ხედავს, ვერ მივიღებდით. თითოეული ნამუშევარი რაღაცა ეტაპს აღნიშნავს იმ მხატვრული ძიებებისა, რასაც ტატო, როგორც მხატვარი მისდევს. ჩვენ ერთმანეთს საკმაოდ კარგა ხანია ვიცნობთ, ვთანამშრომლობთ, ერთმანეთის გვესმის და ორივემ ვიცოდით, თუ რა მასშტაბის პროექტს ვაკეთებდით. ვფიქრობ ყველაფერი ამიტომაც გამოვიდა. რასაკვირველია შინაარსები რაღაც ილუსტრაციების ისტორიებს არ ნიშნავს, ეს ძალიან რთული სტრუქტურაა მხატვრობაში და როდესაც სვამენ კითხვას, თუ რას ნიშნავს ეს ნამუშევარი, ამაზე სწორხაზოვნად ვერავინ ვერ უპასუხებს ადამიანს,ნახატი ხომ მხატვრის შემოქმედებითი პროცესების ნაყოფია.

-მსმენელისა და მაყურებლისათვის უკვე ცნობილია, რომ გამოფენა ეროვნულ გალერეაში უკვე გახსნილია. როდემდე გაგრძელდება ის?

 ხათუნა ხაბულიანი: გამოფენა 18 დეკემბერს გაიხსნა და 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. დამთვალიერებელს შეეძლება ექსპოზიციის ხილვა იმ დღეებში, როდესაც მუზეუმი მუშაობს, გარდა ოფიციალური უქმე დღეებისა. ბუნებრივია, მინდა საზოგადოებას მადლობა ვუთხრა ინტერესისათვის და აღვნიშნო, რომ იმ ადამიანებს, ვისაც თანამედროვე მხატვრობა და ვიზუალური ხელოვნება უყვარს, წინ დიდი სიამოვნება ელით…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები