LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ConceptArt-ის უამრავი წარმატებული პროექტი და საახალწლო კონცერტები – თეო ჯორბენაძე ,,არტ-Fm”-ში

11
teonajorbenadze

გადაცემის ლაივი LIVE

21 დეკემბერს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” ხელოვანთა კავშირის ConceptArt-ის დამფუძნებელი თეო ჯორბენაძე სტუმრობდა, რომელმაც კავშირის საქმიანობა შეაჯამა, საახალწლო გეგმებზე ისაუბრა და ნატო მეტონიძესთან ერთად სიმღერის ,,სანამ მახსოვხარ – ვცოცხლობ” პრემიერა შესთავაზა მსმენელს.

თეო ჯორბენაძე 

– ნატო იმ ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნება, ვინც დამოუკიდებლადაც ბევრს კეთილ საქმეს აკეთებს და ფონდ “იავნანასთან” ერთადაც უამრავ საქველმოქმედო პროექტში მიიღო მონაწილეობა. უზარმაზარ სამეგობროსთან ერთად, ნატო დაარსების დღიდანვე მხარში ედგა ჩვენს ფონდს და უამრავი ოჯახი გადაარჩინა 15 წლის მანძილზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ყველას, ვისაც ქველმოქმედება სურს შეუძლია საიტს iavnana.ge-ს ესტუმროს და დეტალურად გაეცნოს იმ 10 ოჯახის ისტორიას, ვისაც დახმარება სჭირდება.  ყველას თავისუფლად შეუძლია აირჩიოს ოჯახი და მითითებულ ანგარიშზე გადაურიცხოს თანხა კონკრეტული საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

მიხარია, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან ემიგრანტები, ძალიან გულისამაჩუყებელია,  როცა ადამიანები თვითონ იკლებენ და სხვათა დახმარებას ცდილობენ. ალბათ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მამაჩემის, აწ გარდაცვლილი ავტორის თამაზ ჯორბენაძის არქივში მოძიებული ხელნაწერი ნოტები სათაურით “ფრანგული თემა” დაგვემუშავებინა. სიმღერა “სანამ მახსოვხარ – ვცოცხლობ”, რომლის ტექსტი ფრანგულ ენაზე ჯამელ მაჰმუდმა გააკეთა, პირველად კი, ნატო მეტონიძემ შეასრულა, ემიგრანტებს მიეძღვნა, რადგან სწორედ ისინი და მათი წინაპრების საფლავებზე გაკეთებული წარწერები იქცა ჩვენთვის შთაგონებად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბექა გოჩიაშვილს და ლაშა დეისაძეს, რომელთაც არაჩვეულებრივად ჩაწერეს მამას მუსიკა.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსგავსი პროექტის წარმატებით განხორციელება, რადგან ერთის მხრივ, კეთილი საქმე გავაკეთეთ, მეორეს მხრივ, ემიგრანტების მიმართ გამოვხატეთ ჩვენი პატივისცემა. ამასთანავე, ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისგან ნატოსგან, ნიკოლოზისგან და ეროვნული სიმფონიური ორკესტრისგან ამგვარი საჩუქრის მიღება.

ნატო მეტონიძე 

– ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ფონდმა “იავნანამ” ჩაუყარა საფუძველი მასშტაბურ ქველმოქმედებას. ამასთანავე, სწორედ “იავნანამ” მოგვცა საშუალება დავფიქრებულიყავით, რამდენის გაკეთება შეგვიძლია და რამდენად მნიშვნელოვანი შეგვიძლია გავხდეთ სხვებისთვის.

რაც შეეხება სიმღერას – სიმართლე გითხრათ, ძალიან ვინერვიულე, რადგან საკმაოდ რთული ტექსტი ჰქონდა, მე კი, საერთოდ არ ვიცი ფრანგული ენა. ჩვენს კომპოზიციას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა, რადგან ერთის მხრივ, ბატონ თამაზს ეკუთვნოდა და ერთგვარად მის ხსოვნას მიეძღვნა, მეორეს მხრივ, სწორედ ამ სიმღერით გვინდოდა მოვფერებოდით ემიგრანტებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ სიმღერას საოცრად ნიჭიერი გოგონა მარიამ ჯანჯღავა, იგივე “ჯანგო” ასრულებს, რომელიც მართლაც არაჩვეულებრივი მუსიკოსია.

თეო ჯორბენაძე 

ნატოს ვუსმენდი და მივხვდი, რომ ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს. უამრავი პროექტი და საქველმოქმედო კონცერტი გავაკეთეთ ერთად. განსაკუთრებით სასიამოვნოდ მახსენდება დიდ მაესტროსთან გია ყანჩელთან ერთად მოწყობილი გასტროლები, როცა მაქსიმალურად ვცდილობდით მის გვერდით ყოფნას და წამის დაკარგვაც არ გვინდოდა. ძალიან ვემადლიერები ბატონ პაატას, რომელმაც ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელობა ჩამაბარა.  ალბათ ახლა რომ ვიწყებდე, ძალიან გამიჭირდებოდა ამ მასშტაბის ორგანიზაციის გაძღოლა, რომელმაც მართლაც ბრწყინვალე არტისტები გააერთიანა მსოფლიო ვარსკვლავების ჩათვლით, რაც უდავოდ ბატონი პაატას დამსახურებაა.

27 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტში ეროვნულ-სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაყურებლის წინაშე ახალგაზრდა მუსიკოსები სანდრო გეგეჭკორი და ლიზი რამიშვილი წარდგებიან, ნიკოლოზ მემანიშვილი კი, ახალგაზრდა, თუმცა ძალიან საინტერესო კომპოზიტორს თორნიკე ფოფხაძეს წარუდგენს პუბლიკას, რომელიც საკუთარ ნაწარმოებს შეასრულებს.

კიდევ ერთ პროექტს კინომუსიკის შედევრები & Extracts from City Lights შევთავაზებთ პუბლიკას 29 დეკემბერს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით. კონცერტში ქალბატონი ნანი ბრეგვაძე და ლიზა ბათიაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

რაც შეეხება საახალწლო გეგმებს – წელს პირველად დავარღვევ ტრადიციას და არ შევხვდები სახლში, რადგან ძალიან საინტერესო პროექტს ვამზადებთ წინანდალში. საერთოდ, წინანდალი ჩემს ცნობიერებაში ერთგვარ ზღაპრულ სამყაროდაა ქცეული, რადგან სწორედ წინანდლის ფესტივალმა გადაარჩინა ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი პანდემიის პერიოდში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დათო საყვარელიძეს, გიორგი რამიშვილს და ლიზა ბათიაშვილს, როცა ღონისძიების მოწყობის სურვილი გაგვანდეს და ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით. საახალწლო პროექტი ბიგ-ბენდის ახალგაზრდა თაობის შემსრულებლებთან (“ჯანგოსთან”, გიორგი გიგაშვილთან, ლიზა კერესელიძესთან, ნინი ნუცუბიძესთან, მარიკო ებრალიძესა და თემურიკო დიასამიძესთან) კოლაბორაციას გულისხმობს.

წლის შეჯამებისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს სამ ორგანიზაციაზე აქვს პასუხისმგებლობა აღებული. ესენია – ფონდი “იავნანა”, რომელსაც არასდროს არ ვუღალატებთ, ConceptArt, რომელიც ახალგაზრდებისა და კოლაბორაციებისთვის შექმნილი პლატფორმაა და ჩვენი საამაყო სიმფონიური ორკესტრი. ჩვენი სეზონი 27 იანვარს დაიწყო პროექტით “მუსიკა შენს ფანჯრებთან”, როცა ტრეილერი ვიქირავეთ და სწორედ ის გადავაქციეთ საკონცერტო დარბაზად. სლოგანით “შენ თუ ვერ მოდიხარ ჩვენთან, ჩვენ მოვალთ” სწორედ ამ ტრეილერით ვიმოგზაურეთ თბილისის ქუჩებში და მოსახლეობას პირდაპირ ფანჯრებთან მოვასმენინეთ არაჩვეულებრივი მუსიკა, ზაფხულში კი, ძალიან საინტერესო ფესტივალი CA Goes To მოვაწყვეთ ახალგაზრდა არტისტების მონაწილეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები